ნათია დოლიძე, "კვირის პალიტრა.გე"
როგორც თეთრი სახლის ადმინისტრაციის ოფიციალური ინტერნეტგვერდი იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა 30 იანვარს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიიღებს. "ორი პრეზიდენტი განიხილავს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის გაძლიერებას "სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის" ფარგლებში. ეს ეხება ვაჭრობის, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებს.
პრეზიდენტი ობამა ასევე განსაკუთრებულად აღნიშნავს საქართველოსთან ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის, მათ შორის ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას", - იუწყება თეთრი სახლის ადმინისტრაცია. ამ შეხვედრაზე ობამა კიდევ ერთხელ დაადასტურებს აშშ-ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. "პრეზიდენტი ასევე მოელის, განიხილოს მომავალი არჩევნები საქართველოში და ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს სტაბილურ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაქმნას უზრუნველყოფენ", - ვკითხულობთ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე. როგორც წესი, ამგვარი უმაღლესი შეხვედრების თაობაზე ინფორმაცია შეხვედრამდე გაცილებით ადრე ხმაურდება ხოლმე, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა. საინტერესოა, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ შეხვედრისგან. გვესაუბრება საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამად საერთაშორისო საკითხების ექსპერტი ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი:
- შეიძლება ჩემი პასუხი ძალიან მშრალი და ფორმალური გეჩვენოთ, მაგრამ ჯერჯერობით მეტის თქმა გამიჭირდება: მოგეხსენებათ, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც თავის მხრივ "სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას" ეფუძნება. შესაბამისად, ამ ურთიერთობის ფარგლებში ამგვარი შეხვედრები უნდა იმართებოდეს. უფრო ის იყო გაუგებარი, ბარაქ ობამა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისგან თავს აქამდე რომ იკავებდა. ბუნებრივია, დაგროვილია უამრავი საკითხი, რაც სწორედ ამგვარ შეხვედრაზე უნდა განიხილებოდეს. როგორც ჩანს, თავისი პრეზიდენტობის პირველ ეტაპზე გარკვეული მიზეზების გამო ამერიკის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა არ მოინდომა. ახლა კი მომწიფდა, ალბათ, სიტუაცია, როდესაც მასთან დალაპარაკება გადაწყვიტა, ანუ დადგა, როგორც ამბობენ, "საათების გასწორების" დრო, რაც პარტნიორებს შორის გარკვეული საკითხების განხილვასა და შეთანხმებას გულისხმობს.
- მოგეხსენებათ, 2012 წელი საარჩევნო წელია როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში, შეიძლება თუ არა ეს შეხვედრა ჩაითვალოს ამერიკის მხარდაჭერად?
- ეს უთუოდ არის ქვეყნის მხარდაჭერა, დანარჩენზე კი ალბათ შეხვედრაზე და მას შემდეგ გაკეთებული განცხადებების მიხედვით უნდა ვისაუბროთ. ასეთი შეხვედრები აქამდე სახელისუფლებო ძალის მხარდაჭერად ითვლებოდა. ჯობს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ანალიზი მერე გავაკეთოთ.
- ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ვითარება დღითი დღე მწვავდება. ერთ-ერთმა რუსმა ექსპერტმა იგორ კოტორჩენკომ განაცხადა, რომ ორ კვირაში შესაძლოა ამერიკამ დაარტყას ირანს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ამ პროცესებითაც არის განპირობებული?
- ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ამერიკასა და ირანს შორის დაძაბულობა მართლაც მატულობს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, შეხვედრაზე ეს საკითხიც აუცილებლად განიხილება. ჩვენ, ერთი მხრივ, ირანის სამეზობლო ზონაში ვართ, მეორე მხრივ კი ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად, ბუნებრივად მიმაჩნია, ამ თემაზე პრეზიდენტები თუ მოსაზრებებს გაცვლიან, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს არ იქნება ობამასა და სააკაშვილის საუბრის ძირითადი საკითხი.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ მომავალ წელს აპირებს კავკასიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების ჩატარებას, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. რა საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს ეს საქართველოსთვის და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად?
- მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. 2008 წლის აგვისტოში ვნახეთ, რომ რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსალოდნელი საფრთხეების გასაანალიზებლად, რათა არ ისევ გადადგას გაუთვალისწინებელი ნაბიჯი, რაც რუსეთის ხელისუფლების მყისიერ და არაადეკვატურ რეაქციას გამოიწვევს. ამასთან, უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა რუსეთს საქართველოს საწინააღმდეგო ნებისმიერი ნაბიჯი ძვირად დაუჯდეს.
712
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85