ყოვლისშემძლე ბანკირი ცოლის ნაშოვნ 49 ათას ევროს შეეწირა

ყოვლისშემძლე ბანკირი ცოლის ნაშოვნ 49 ათას ევროს შეეწირა

შვეიცარიის ეროვნული ბანკის თავკაცმა ფილიპ ჰილდებრანდმა საზოგადოებრივ ზეწოლას ვერ გაუძლო და პოსტი დატოვა. „ყოვლისშემძლე ბანკირად“ წოდებული მას შემდეგ გადადგა, რაც მისი მეუღლე კაშია სკანდალში გაეხვა. კერძოდ, შვეიცარიის მთავარი ბანკირი ეჭვმიტანილ იქნა სავალუტო ოპერაციაში მონაწილეობაში, რომლითაც მისმა ცოლმა 49 ათასი ევრო იშოვნა. მედიასაშუალებები ირწმუნებიან, რომ კაშია ჰილდებრანდი ქმრისაგან კონფედენციალურ ინფორმაციას იყენებდა და ის ფულიც ამგვარად გააკეთა.

ყველაფერი გასული წლის 10 მარტს დაიწყო, როცა ჰილდებრანდების ოჯახმა სახლის გაყიდვიდან მიღებული 1,1 მილიონი შვეიცარული ფრანკით 1,173 მილიონი დოლარი იყიდა. ერთი კვირის შემდეგ შვეიცარიის ბანკმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ადგილობრივი ფრანკის კურსზე ზემოქმედებას აპირებდა, რადგან იგი საერთო არასტაბილურობის ფონზე გვარიანად გაიზარდა. იქამდე შვეიცარული ფრანკი ინვესტორთა შორის კაპიტალდაბანდების საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა. ამ განცხადების შემდეგ ფრანკის კურსი შემცირდა და ჰილდებრანდებმაც, შეიძლება ითქვას, მცირედი ზარალი ნახეს.

15 აგვისტოს ქალბატონმა ჰილდებრანდმა 400 ათას ფრანკად 504 ათასი დოლარი შეიძინა. სამი კვირის შემდეგ შვეიცარიის ბანკმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა არ შეიძლება გამყარდეს მეტად, ვიდრე 1,2 ფრანკი 1 ევროს შესაბამისობა. ეს ზომები ექსპორტის მხარდასაჭერად იქნა მიღებული. 4 ოქტომბერს ქალბატონმა ჰილდებრანდმა 516 ათასი დოლარით შვეიცარული 475 ათასი ფრანკი შეიძინა და ამგვარად 60 ათასი ფრანკის (49 ათასი ევრო) მოგება ნახა.

უნდა ითქვას, რომ კაშია ვალუტის ყიდვა-გაყიდვას ქმრის გარეშეც მოახერხებდა. მერე რა, რომ ამჟამად იგი ციურიხში მდებარე საკუთარ გალერეას პატრონობს, მას ფინანსისტად მუშაობის თექვსმეტწლიანი გამოცდილება აქვს.

ჰილდებრანდები თავიანთ ფულს ბანკ შარასინ-ში ინახავენ, რომლის პროგრამისტმა გარიგებების კონფედენციალური ინფორმაცია ადვოკატ ჰერმან ლეის მიაწოდა. მან, თავის მხრივ, შვეიცარიის სახალხო პარტიის ლიდერ კრისტოფ ბლოხერთან შეხვედრა მოაწყო. ამ უკანასკნელმა მთელს ისტორიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. სხვათა შორის, ბლოხერი ქვეყნის მთავარი ბანკირის მიმართ ყოველთვის კრიტიკულად იყო განწყობილი.

შუა დეკემბერში ბლოხერმა საეჭვო გარიგებების შესახებ მთავრობის წარმომადგენლებსა და ფინანსურ მარეგულირებლებს უამბო. ფაქტების გადასამოწმებლად Pricewaterhouse Coopers-ის ექსპერტები დაიქირავეს. თვის ბოლოს გამოძიება დამთავრდა და შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომ ფილიპ ჰილდებრანდის უკანონოდ გამდიდრების შესახებ გავრცელებული ჭორები სიმართლეს არ შეეფერებოდა.

მაგრამ წლის დასაწყისში ბლოხერის მიერ შეგულიანებულმა პროგრამისტმა ჯერ პოლიციას, შემდეგ კი გაზეთ Weltwoche-ს მიმართა, სადაც გამოქვეყნდა სტატია, რომ ჰილდებრანდი უკანონო სავალუტო ოპერაციებს თავად ახორციელებდა და თანამდებობითაც ბოროტად სარგებლობდა. სტატიის გამოსვლისთანავე შვეიცარიის მთავარმა ბანკირმა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებდა, მაგრამ 9 იანვარს მაინც გადადგა.

ჰილდებრანდი არ უარყოფს, რომ გარიგებები შედგა, მაგრამ ამასთან ირწმუნება, რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა. სხვათა შორის, ამას მოწმობს მისი და შარასინ-ის თავკაცის მაშინდელი მიმოწერაც, რომელიც გამოქვეყნდა. მათში ქვეყნის მთავარი ბანკირი გაოცებას გამოთქვამდა სავალუტო ოპერაციების გამო, თუმცა, შარასინ-ის ხელმძღვანელი შეახსენებდა, რომ მის მეუღლეს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეეძლო. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ჰილდებრანდს ოპერაციების გაუქმება შეეძლო, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.

როგორც ხდება ხოლმე, მედიამ ისეთი სკანდალი ააგორა, რომ ჰილდებრანდის გადადგომა გარდაუვალი იყო. საინტერესოა, რომ ეს მოხდა ქვეყანაში, რომელიც ფინანსური საიდუმლოების შენახვითაა განთქმული. უკვე არაერთხელ აღინიშნა, რომ ეს სკანდალი შვეიცარიის რეპუტაციაზე ცუდად აისახება.

ასეა თუ ისე, ცოლის მიერ ნაშოვნ სულ რაღაც 49 ათას ევროს გადაყვა „ყოვლისშემძლე ბანკირად“ აღიარებული ფილიპ ჰილდებრანდი. თანაც, კაშიას მიერ იქამდე ნანახი გარკვეული წაგება, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, არავის გახსენებია.