"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"მიხეილ სააკაშვილმა სადაზღვევო კომპანიის მიერ რეაბილიტირებული კიდევ ერთი საავადმყოფო გუშინ მარტვილში გახსნა და სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საავადმყოფოები იხსნება ყველგან და სტატისტიკურად ახლად გახსნილ საავადმყოფოებს 10-ჯერ და 15-ჯერ მეტი პაციენტი ჰყავს, ვიდრე ძველს. პრეზიდენტისგან განსხვავებით, ახლად გარემონტებულ საავადმყოფოში დასაქმებული ექიმები პრობლემებზე იწყებენ საუბარს. ყველა რესპონდენტი კონფიდენციალობის დაცვის გარანტიით საუბრობს პრობლემებზე - გარდა მომსახურება-ანაზღაურებისა, ისინი საავადმყოფოში არსებულ "პოლიციურ სისტემაზეც" საუბრობენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მარტვილის ახლად გახსნილ საავადმყოფოში ფასები გაორმაგებულია.
"ჩვენთვის დიდი პრობლემაა დაცვა - ავადმყოფიცა და ექიმიც ბევრ რამეში შეზღუდულია. დაცვის თანამშრომლები ყველა პაციენტს დასდევენ, პალატაში ავადმყოფთან მხოლოდ ერთი ადამიანი შევიდეს, მეტი არაო. გარეთ ექიმებს ერთად დგომას უშლიან, არ შეიძლება, დაიშალეთო. ასევე ეზოში მანქანით არ შემოხვიდეთო. ექიმებისთვის ეს ძალიან უხერხული იყო, წვიმაა და თუ უცებ გამოძახებაზე ხარ მოსული და ეზოს გარეთ უნდა გააჩერო მანქანა. ისე ვართ, როგორც პატიმრები ციხეში", - ყვება ერთ-ერთი ექიმი და ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. ექიმთა რაღაც ნაწილის უკმაყოფილებისა და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, სააკაშვილის დასახვედრად მარტვილის საავადმყოფოს ეზოში რაიონის გამგეობის მონდომების შედეგად საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი - ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ხალხი სამარშრუტო ტაქსებით მოიყვანეს და გამგეობის თანამშრომლებს სიები ეკავათ ხელში - პრეზიდენტის დასახვედრად ეზოში ვინ უნდა შესულიყო და ვინ არა", - აღნიშნავს გამოცემა.
"პაციენტების სიმრავლეზე ექიმები არაფერს ამბობენ - სასაუბრო თემა მხოლოდ გაზრდილი ფასები და შემცირებული ხელფასების მოლოდინია. თუმცა არც ერთი ექიმი ღიად ამ პრობლემაზე არ საუბრობს - მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ახალი საავადმყოფო მოსწონთ, კომფორტულია და ექიმებს კარგი პირობები აქვთ. მხოლოდ მცირე ნაწილი ყვება პრობლემებზე კონფიდენციალურად. ადრე მარტვილის საავადმყოფოში ოთხი განყოფილება - ბავშვთა, ქირურგიული, სამშობიარო და თერაპიული არსებობდა, 12-12-საწოლიანი. ეს ყველა გაერთიანდა და ერთი 15-საწოლიანი საავადმყოფო "ალდაგი ბისიაისა" და ბლოკ-ჯორჯიას" მეშვეობით გაკეთდა. სულ რემონტზე ორი მილიონი ლარი დაიხარჯა. ოპტიმიზაციის შედეგად ახლად გახსნილ საავადმყოფოში თანამშრომელთა ნაწილისთვის სამუშაო ადგილი არ აღმოჩნდა. საავადმყოფო ასევე რამდენიმე ათეულმა ექთანმაც დატოვა. მათი დიდი ნაწილი ტესტირების დაბალი შედეგების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, ნაწილი ახლად გახსნილ პოლიკლინიკაში გადავიდა", - დასძენს გამოცემა.
"ნაწილი, ის ექიმები, რომლებიც ამ ახალ საავადმყოფოში არ მოისაზრებოდნენ, წავიდნენ და სამეგობრო წრესთან ერთად ახალი პოლიკლინიკური სისტემა შექმნეს. ის ექიმები, ვინც სტაციონარს სჭირდებოდა, დავრჩით. კონტრაქტები ჯერ გაფორმებული არ გვაქვს. ველოდებით მენეჯერს და წინასწარ არ ვიცით, ხელფასები როგორ გვექნება. ხელფასებისგან განსხვავებით შემიძლია გითხრათ, რომ მომსახურების ფასები გაზრდილია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექიმი ირინა გადელია.
"თორმეტი პაციენტი გვყავს, ორი ნამშობიარები ქალი, რომელთაგან ერთმა შვილს მიშა დაარქვა და პრეზიდენტი ამით ძალიან აღფრთოვანდა. ყველაფერი გარემონტებულია. თავიდან რაღაც პრობლემები გვქონდა დაცვის თანამშრომლებთან, ექიმებსა და პაციენტებს ბევრ რამეში გვზღუდავდნენ, ერთად დგომას უშლიდნენ ექიმებს და საავადმყოფოს უფროსმა ეს პრობლემა მოგვიგვარა. მომსახურების ფასი ზოგი მიმართულებით ძალიან გაზრდილია. მაგალითად, სისხლდენიანი ავადმყოფის მკურნალობა 210 ლარია, როცა ადრე 86 ლარიდან 106 ლარამდე ღირდა. მიგვაჩნია, რომ გადაუდებელში ძალიან ცუდი პროგრამაა და ეს სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს... ხელშეკრულებები ჯერ არ გაგვიფორმებია. რაღაც ფურცლები დადეს, სადაც წერია, რომ თუ ჩვენ მიერ შეტანილი თანხა 400 ლარს გადააჭარბებს, ხელფასი შეტანილი თანხის 40% იქნება, თუ ვერ გადააჭარბებს - 25%", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექიმ-გინეკოლოგი ნანა რაზმიაშვილი.
"თუკი ადრე კონსულტაცია სხვადასხვა ექიმთან 10 ან 15 ლარი ღირდა, დღეს ყველა სახის კონსულტაცია 20 ლარია. თანაც ადრე კონტროლზე მეორედ მოსული პაციენტი ამ 10-15 ლარს აღარ იხდიდა, ახლა კი იხდის. ამიტომ, ძალიან ბევრი კონტროლზე აღარ მოდის, უჭირს ხელმეორედ 20 ლარის გადახდა. მაგალითად, ელემენტარული ჭრილობის დამუშავება 30 ლარი ღირს და პაციენტმა ჭრილობის ხელმეორედ შეხვევისას თანხა ხელახლა უნდა გადაიხადოს - ადრე კი შეხვევა გადასახადში შედიოდა. გარდა ამისა, პრეზიდენტი ამბობს, რომ საავადმყოფო უმწეოებისთვის ხელმისაწვდომიაო - უმწეოთა პროგრამა საავადმყოფოს ჩამოერთვა და ახალგახსნილ კერძო პოლიკლინიკას გადაეცა. ამიტომ ჩვენთან პოლისის მქონე პირებმაც უნდა გადაიხადონ ექიმის კონსულტაციის თანხა. აქ მათთვის მხოლოდ გადაუდებელი ოპერაციაა უფასო. რაიონს 12 ათასი დაზღვეული ჰყავს და ახლად გახსნილ საავადმყოში უმწეო რატომ ვერ უნდა მივიდეს? გამოცდები ტყუილად ჩაგვაბარებინეს. პაციენტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და ეს ჩვენს ხელფასებზე აისახება. რენტგენოლოგს უთხრეს - 100 სურათი უნდა გადაიღო, რომ 200-ლარიანი ხელფასი გამოვიდესო", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ერთ-ერთი ექიმი.
1017
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85