ჩვენ 90-იანების დამდეგს დავშორდით. მიზეზები, უმთავრესად, ისტორიული და სამართლებრივი იყო. თავისი როლი ითამაშა გლობალიზაციამაც - მან აუხილა თვალი მილიონობით საბჭოელს კომუნიზმის არაბუნებრიობასა და თვალთმაქცობაზე. თუმცა, გაყრის ტკივილები გაგრძელდა და არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში. ინტერნეტ მოხმარების იმჟამინდელ, საწყის ეტაპზე, ერთი რუსი ინტერნეტ-ავტორი წერდა - გავა გარკვეული ხანა და ჩვენ კვლავ შევერწყმებით ერთმანეთს სასიყვარულო ალერსშიო. ეს პიროვნება ირონიზირებდა საბჭოურ ინტერნაციონალიზმზე და არც დიდი ძმის შოვინისტური კომპლექსი ემჩნეოდა. იგი მხოლოდ ქართულ და რუსულ კულტურაში, უფრო სწორად, მენტალიტეტში არსებულ რეალურ თუ წარმოსახვით მსგავსებებზე აკეთებდა აპელირებას.
მას მერე, რაც რუსულ-ქართული "ინტელიგენცია" ისტორიის კუთვნილება გახდება, 37 მანეთად მოსკოვში ფრენის ნოსტალგიაც საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს და კაგებეს თუ წითელი არმიის მემკვიდრეებსაც საცეცების ატროფია დაემართებათ, ზემოთნახსენები ინტერნეტ-ავტორის განწყობა ისევ იცოცხლებს. სხვა, უფრო პოლიტეკონომიკურ მიზეზებთან ერთად, კულტურული პარალელები ითამაშებს როლს ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება სასიყვარულო ხვევნა-კოცნა, ანუ ურთიერთობა სამართლებრივი საკითხების მიჩქმალვის დონეზე. მაგრამ ის კი სავარაუდოა, რომ საქართველო და რუსეთი იპოვნის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის მოდალობას. ამ წერილით მინდა თავსაც და სხვასაც ავუხსნა, რატომ მგონია, საგანგებო სტატისტიკურ-სოციოლოგიური თუ გეოპოლიტიკური კვლევების გარეშე, რომ: ა) რუსეთი დაკარგავს იმ თვისებებს, რაც დღეს ჩვენს დამეგობრებას შეუძლებელს ხდის და ბ) ქართულ-რუსულ ურთიერთობებში არის ორმხრივად მიმზიდველი ნიადაგი, რაც, გარკვეულ კონტექსტში, ჯანსაღი ნაყოფის მომცემია.
კრემლის დამოკიდებულებებში საქართველოს მიმართ მთავარი ფაქტორები ირაციონალური და სოციალურია. რუსეთის მმართველ კლასს არ სურს ევროატლანტიკური საქართველო არა იმდენად ნაციონალურ-ეკონომიკურ ინტერესთა შეუთავსებლობის, არამედ ფსიქოლოგიური კომპლექსების და ჩვენი დღევანდელი მმართველობების სისტემური განსხვავებულობის გამო. არგუმენტები, რომ სამხრეთკავკასიური ენერგოდერეფანი რუსეთისათვის სტრატეგიულად საზიანოა, ნატოს ბაზების საქართველოში განლაგება კი მისი დეზინტეგრაციის საწინდარია - მნიშვნელოვანი მხოლოდ ამ, ირაციონალურ და სოციალურ ფაქტორთა პირობებში ხდება.
ნახსენები ენერგოდერეფანი, ისევე როგორც საქართველოს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა შეუქცევადად ავლენს რუსული პოსტსაბჭოური მოდელის არაკონკურენტუნარიანობას საქართველოს მოდერნულ პროექტთან შედარებით. მიზეზი შემდეგია: რუსული საგარეო პოლიტიკა და რეჟიმი არაბუნებრივია, შეუფერებელი დროსთან და ნორმალური ადამიანური ურთიერთობების პრინციპებთან. ქართული ანალოგი კი რუსულის მსგავს კულტურულ-მსოფლმხედველობრივ გარემოსათვის ალტერნატივას წარმოადგენს. ეს ალტერნატივა ზომით პატარაა, მაგრამ აქვს დამოუკიდებლობის ეკონომიკური და საგარეოპოლიტიკური პოტენციალი, თუ კი ამას ევროატლანტიკური სამყარო მოინდომებს.
თუ ჩვენ კრემლის ამბიციებს საბოლოოდ გადავურჩით, მოვახერხეთ ევროკავშირსა და ნატოში საამისოდ საკმარის დონეზე ინტეგრირება, კრემლი დაემშვიდობება არა მარტო საქართველოსა და "ამიერკავკასიაზე" ოცნებას, არამედ ევროპის ენერგომომარაგებაში ხელოვნური პრივილეგირებულობის პერსპექტივასაც. ეს მისთვის დარტყმა იქნება, მაგრამ რუსი ხალხი თვალნათლივ დარწმუნდება, რომ "ისტორიულად მოძმე", ერთმორწმუნე ერი შეიძლება ევროპული იყოს - შესაბამისად, იზრდება ამ მაგალითის მიბაძვის სტიმული. ამ ფონზე, რუსეთი საკუთარი ეკონომიკის თუ ენერგოპოტენციალის მოდერნიზაციას და გახსნილობას მეტ ყურადღებას დაუთმობს, ვიდრე მეზობლებისათვის ხელების გადაგრეხას. პერსპექტივაში, ეს უფროა მისი ნაციონალური ეკონომიკური ინტერესი, ვიდრე პარალელური ენერგოარტერიების ძალით დაბლოკვა.
ეს მომავალია, დღეს კი რუსეთი კვლავ ცდილობს სახელმწიფო და შავი ფულის ამალგამირებით, კაგებეს და კანონიერი ქურდების შთამომავლთა გამრავლება-ექსპორტირებით გადაარჩინოს იმპერიული იდეა. ესაა რუსული გავლენის მთავარი მეთოდი არა მარტო ე.წ. ახლო საზღვარგარეთში, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზეც. ვიკილიქსმა კიდევ ერთხელ დააკონკრეტა რუსულ საგარეო და უსაფრთოების პოლიტიკაში ორგანიზებული დანაშაულის მეთოდებისა და ქსელების გამოყენების ფაქტები. ისიც ცნობილია, რომ რუსული კრიმინალურ-სახელმწიფოებრივი წარმოშობის ფული არა მარტო საექსპორტო მონოპოლიით, არამედ ევროპის ენერგოდისტრიბუციის მეწილეობითაც ცდილობს იმპერიული იდეის სამსახურს.
პუტინის დროს რუსულ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში დამკვიდრდა ე.წ. გაგების ქურდული პრიმატი. იგი არც ადრე იყო იშვიათობა, მაგრამ პუტინს განსაკუთრებით აღმოაჩნდა ქურდული და საპოლიციო მორალისა და ღირებულებების აღრევის უნარი ლექსიკურად თუ ქმედებებში. როგორც ერთი ინგლისურენოვანი ანალიტიკოსი წერდა, თანამედროვე რუსეთის სიმბოლიკაში პოსტმოდერნული ეკლექტიკაა. იგი ორთავიანი არწივისა და წითელი ვარსკვლავის დამოყვრებას გულისხმობდა. მე ამას დავამატებდი სიმბოლოებსა და კოდებს იაპონჩიკ-ონიანის სამყაროდან.
ეს კულტურულ-მსოფლმხედველობრივი სისტემა ეყრდნობა ვერტიკალური აღებ-მიცემობის, კორუფციის უამრავ ქსელს, რომლებიც წარმოშობს ერთგვარ კვაზი-ფეოდალურ კლანებს. რუსეთის ფედერაცია, ერთერთი სოციოლოგის მოდელები რომ ვისესხოთ, კლიენტელისტურ რეჟიმს წააგავს. ერთის მხრივ კაგებეს შთამომავლები ქმნიან გამორჩეულ მმართველ კორპორაციას, ერთგვარ ელიტარულ ორდენს, რომელიც წამყვანია პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც. მაგრამ ტოტალური კორუფციის წყალობით, რუსული რეჟიმი პატრონყმური, კლიენტელისტური კვანძების კონგლომერატი უფროა, ვიდრე იდეურად შეკრული კორპორაცია. დღეს რუსეთს პუტინ-კადიროვის შიში უფრო აერთიანებს, ვიდრე რაიმე ნაყოფიერი იდეისადმი ლოიალობა. თუმცა ბოლო დრომდე ეს შიში ინიღბებოდა თუ ბალანსირდებოდა დიდი რუსეთის აღდგენის ილუზიით.
მაგრამ ილუზია იმსხვრევა, რადგან მისი სიცოცხლისუნარიანობა მეტად ხანმოკლეა ამ ქვეყნის როგორც სტრუქტურული თუ ინფრასტრუქტურული წყლულების, ისე იდეის არაკონკურენტუნარიანობის გამო. დიდი რუსეთის იდეა არ აწყობს არც ერთ მეზობელს დსთ-ს ფარგლებში თუ მის გარეთ. ვენესუელასთან თუ ირანთან მეგობრობა კი არანაკლებ აბსურდულია, როდესაც ეკონომიკა ევროკავშირზეა მიბმული, ვიდრე ვანუატუს და კოკოითის მოიმედოობა. საბოლოო ჯამში, ევროპული ეკონომიკის რუსული მეწილეობის მცდელობანიც ვერაფრით არის ბრიუსელის პოლიტიკაზე გადამწყვეტი გავლენის მომხდენი. მსგავს მცდელობათა შეზღუდვაზე ზრუნავს ევროკავშირის ენერგოსტრატეგია, ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი რეზოლუციები კი რუსეთის მზარდი კრიტიკის საწინდარია. ევროპელებისათვის მუდმივად იქნება მთავარი წყალგამყოფი, რომ დიდი რუსეთის პუტინისეული ხედვა გამორიცხავს დემოკრატიას. ევროპელთა ზეწოლის ზრდა კი იმითაცაა განპირობებული, რომ სწორედ დემოკრატიის სურვილი აჩვენა ახლახანს რუსული საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა.
რა თქმა უნდა, რუსული დემოკრატიის გამარჯვებამდე, ანუ რუსეთის გაევროპელებამდე კიდევ შორია. საამისოდ რუსულ საზოგადოებას საკუთარი ქვეყნის ტეროტორიულ მოწყობაზეც მოუწევს ახალი პასუხების პოვნა. ხალხის დემოკრატიული სუვერენიტეტი მხოლოდ ტერიტორიულთან ერთად არსებობს და გადასაწყვეტი იქნება ჩრდილო კავკასიის თუ თათარსტანის საკითხები. და რაც ჩვენთვის მთავარია, არც პოსტპუტინური რუსეთი, როდესაც არ უნდა მოვიდეს მისი დრო, იქნება იოლი პარტნიორი სოხუმისა და ცხინვალის დეოკუპაციის და საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემის საქმეში.
რუსულ საზოგადოებას კიდევ კაგრა ხანს გაჰყვება საქართველოსთან გაყრის ირაციონალური ტკივილი. არ გამიკვირდება, თუ კასიანოვი, ნემცოვი, ნავალნი, ლატინინა თუ ილარიონოვი თავადაც შეეცდებიან, დაგვარწმუნონ არაპუტინისეულ, დემოკრატიის გზაზე დამდგარ რუსეთთან სპეციფიკური სამოკავშირეო ურთიერთობების საჭიროებაში. რუსული საზოგადოება, უფრო სწორად, მისი ლიბერალური ნაწილი ხომ ასევეა აღზრდილი დეკაბრისტულ თუ გრიბოედოვისეულ მითოლოგიაზე; მას ხომ ასევე უკანმოუხედავად იზიდავს ჯვარი, ტიფლისის აბანოები თუ წინანდალი. ეს სისტემური პრობლემა დასაძლევი გაგვიხდება. თუმცა ქართულ-რუსული rapprochement-ის ათვლის წერტილი იქნება ბევრად უფრო ხელსაყრელი, რადგან დემოკრატიული რუსეთი სოციალურად მახლობელია საქართველოს ხელისუფლებისათვის - განსხვავებით კაგებისტურ-კრიმინალური თანამედროვე კრემლისაგან.
დღეს დემოკრატი რუსები ქართულ ხელისუფლებას უფრო პოზიტიურად უყურებენ, ვიდრე ბევრი შინაური ექსპერტ-ანალიტიკოსი. ამის ერთი მიზეზი ამ "შინაურთა" ნაწილის პირადი ბოღმა და გავლენების აღდგენის სურვილია. ისინი ხელისუფლების მიღწევებს ამცირებენ, შეცდომებს აბუქებენ. პიროვნული გავლენისათვის შეფარული თუ ღია ბრძოლის ლოგიკა მათ არ აძლევს საშუალებას, რეალურად დაინახონ კრემლის მტრული, ძირგამომთხრელი როლი საქართველოში. სააკაშვილის პოლიტიკურ ოპონენტებს ე.წ. რადიკალური თუ ლიბერალური ფრთებიდან ვერ გაუგიათ, რომ თუ ივანიშვილის რუსული კაპიტალი თეატრებს, ეკლესიებს ან პატრულს მოხმარდება და ხელისუფლების ცვლილებაზე არ იმუშავებს, ეს ერთია, ხოლო თუ იგი ძალაუფლებისათვის ბრძოლაში შემოვა და მისი მომხმარებელი პუტინის დემოკრატობის ქადაგებასაც არ ითაკილებს - ეს სულ სხვა.
ლადო პაპავას თუ თინა ხიდაშელს ვერ დაუნახავთ, რომ რუსულ ინვესტიციებში თავისთავად მიუღებელი არაფერია, თუ ინვესტორი ქვეყნის მთელი ეკონომიკის და პოლიტიკური სისტემის საკონტროლო პაკეტზე არ განაცხადებს პრეტენზიას. მე კი ვთვლი, რომ რაოესის თუ სხვა რუსული კომპანიების ყოფნა საქართველოში, მინიმუმ, არაფერია იმასთან შედარებით, თუ ვინ და როგორ ინიშნება ქვეყნის სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის მაკონტროლებელ თანამდებობებზე. შევარდნაძის დროს, რომელსაც შინაური ოპონენტები სულ უფრო ხმამაღლა მისტირიან, ეგებ ნაკლები იყო რუსული ფული ქართულ ეკონომიკაში, მაგრამ კრემლი აკონტროლებდა ქართულ პოლიტიკას - მოსკოვის პროტეჟეები იყვნენ ხოლმე რიგი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. თუ ამის დაბრუნება არ სურთ ივანიშვილისეული "ქართული ოცნების" ნაირფერ მეხოტბეებს, და თუ რუსეთთან დამეგობრების მათეული ხედვა მხოლოდ თანასწორუფლებიანობაზე და ეკონომიკურ პარტნიორობაზეა ორიენტირებული, მაშ რა აქვთ თავად ქართულ-რუსული ბიზნესურთიერთობების სააკაშვილისეული მოდელის გაგრძელების საწინააღმდეგო?
მაგრამ დავუბრუნდეთ საქართველოს რუს მეგობრებს, მათ შეხედულება-განწყობათა მიზეზებს და სამომავლო ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები არა შევარდნაძისეულ ნოსტალგიაზე, თუ პაპავა-ხიდაშელისეულ წინააღმდეგობრივ იმპულსებზე, არამედ ახალ საწყისებზე უნდა აიგოს.
ჩვენთან მოსიარულე რუსებს, რომელთა წონა თავად რუსეთში თანდათან მატულობს, მოსწონთ მართვის ქართული მოდელის ძირითადი პარამეტრები. ისინი ხედავენ თვისებრივ კონტრასტს ამ მოდელსა და რუსულ ანალოგს შორის. რეფორმების მოსურნე რუსები აქცენტს აკეთებენ ქართული ახალი რეალობის იმ ასპექტებზე, რაც ხელისუფლების ადგილობრივ თუ უცხოური წარმოების კრიტიკოსებს არ აინტერესებთ. რა მოდელი, რა ახალი რეალობაა ეს და რატომ მოსწონს იგი რუსეთის ინფორმირებულ, დასავლეთთან ნამდვილი თანამშრომლობის მოსურნე ნაწილს?
არსებითად, ესაა მოდერნიზაციის პროექტი, რომელმაც შესამჩნევი შედეგი გამოიღო. საგარეო პოლიტიკაში იგი ნიშნავს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას, ისე ევროპულ და ევროატლანტიკურ ცივილიზაციურ არჩევანს. აქცენტია ევროპელობასა და არა ევრაზიელობაზე. სინგაპური აქ არაფერ შუაშია. მისგან შეიძლება ქვეყანას კონკრეტული მენეჯერული "ნოუ ჰაუ" ქონდეს აღებული, მაგრამ რა მოსატანია ეს პუტინისეულ სკვითურ-სარმატულ ოცნებასთან?! დემოკრატი რუსებისათვის ქართული საგარეოპოლიტიკური არჩევანი ევრაზიელობის ალტერნატივაა და თუნდაც იმითაა მისაღები, რომ ისტორიული რუსული საზოგადოებრივი აზრის "მედასავლეთე" ტრადიციებს ემთხვევა.
საშინაო პოლიტიკაში ქართული მოდერნი ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციას, რელიგიური ტოლერანტობის დანერგვას, ფეოდალიზმის მენტალურ თუ სტრუქტურულ გადმონაშთებთან ბრძოლას გულისხმობს. როცა ოპონენტები ყველაზე რადიკალური ფრთებიდან სააკაშვილის ხელისუფლებას "ღირსების შებღალვას" აბრალებენ, მათ სწორედ ფეოდალიზმის პოსტსაბჭოური ვარიანტის დაკარგვა აწუხებთ და არა კონკრეტული ადამიანების ტრაგედია. საუბედუროდ, პიროვნული ტრაგედიები გარდაუვალი აღმოჩნდა ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესში. მაგრამ ოპონენტების აბსოლუტური უმრავლესობა რეფორმების "ბავშვის" გადაგდებასაც ცდილობს "ნაბან წყალთან" ერთად. უფლებადაცვითი ლოზუნგების საფარქვეშ, იგი ანტისახელმწიფოებრივი, კრიმინალური მენტალიტეტის დაბრუნებაზე მუშაობს - ნებსით თუ უნებლიედ.
ფეოდალიზმთან ბრძოლაში ვგულიხმობ როგორც ორგანიზებულ დამნაშავეობასთან უპრეცედენტო დაპირისპირებას, ისე კორუფციის აღმოფხვრას სახელმწიფო აპარატში. საქართველოში ათეულ ათასობით საჯარო მოხელე ქრთამს აღარ იღებს, რაც უპრეცედენტოა პოსტსაბჭოთა ტრამალებზეც და მის მიღმა არსებულ ზოგიერთ ქვეყანაშიც. ამის მიღწევას ახლდა "ფასი" - იქნებოდა ეს პოლიციის მხრიდან გამოყენებული გადამეტებული ძალა, პროკურატურის მძიმე ხელი თუ ხისტი საკადრო პოლიტიკა. მაგრამ თუ ვინმეს გონია, ქართული ფეოდალიზმი ადამიანის უფლებებზე ჰიმნების წერით დამარცხდებოდა მხოლოდ და შევარდნაძისეული ავგიასის თავლა ისე გაიწმინდებოდა, რომ არავინ და არაფერი დასვრილიყო, მომიტევოს, თუ ვერ დავეთანხმები.
კი, საქართველოში თანამედროვე, მონაწილეობითი დემოკრატიის ნაკლოვანებებზე შეიძლება საუბარი. რა თქმა უნდა, არა იმ ტონით, თითქოსდა ან პარლამენტია სანოტარო კანტორა, ან არასამთავრობო ორგანიზაციებს ხელისუფლებაში არასოდეს უსმენენ. მაგრამ ცხადია, სამოქალაქო კულტურის მეტი სიძლიერის პირობებში, თვითმმართველობის შემდგომი რეფორმაც დაჩქარდებოდა და საარჩევნო სისტემის ცვლაც - თუნდაც მაჟორიტარული ოლქების ზომათა გათანაბრების მიმართულებით. მაგრამ ახლა ასეა, როგორც არის - შუაევროპული თვითმმართველობის მექანიზმებით, ეროვნულ კანონმდებლობაში ყველა ევროდირექტივის დაუყოვნებელი გადმოტანით თუ პროფკავშირთა უკიდეგანო მონოპოლიზმით ვერ განხორციელდებოდა ბათუმისა და მესტიის პროექტები. ვისაც ამ პროექტთა არსი არ ესმის და ყოველივე შადრევნებით გატაცებამდე დაჰყავს, მას ვერც მოდერნიზაციის ამოცანა გაუგია.
ქართული მოდელი, ზემოთნახსენებ სოციოლოგს რომ დავესესხო, მე მაგონებს პროფესიონალური რეჟიმისაკენ მოძრავ კორპორატიულ რეჟიმს. რუსული, კლიენტელისტური ანალოგისაგან მას განასხვავებს იდეურ თანამოაზრეთა მართველი გუნდის არსებობა, რომელიც არ პატიობს თვითმიზნურ ვერცხლისმოყვარეობას და ნათესავ-მეგობართა უპირობო დაწინაურების მოსურნეობას. მას აერთიანებს ანტიფეოდალური ოცნება და მიზანი. იმ სოციოლოგისათვის ასეთი რეჟიმის ანალოგი, მაგალითად, კრომველის თანამებრძოლთა ინგლისია.
რა თქმა უნდა, ნებისმიერ სოციალურ-პოლიტიკურ სისტემაში არის გადახვევები, ანომალიები, უკანმობრუნების რისკებიც. კორპორატიზმს, როგორც სოციოლოგიურ მოდელს, შეიძლება პროფესიონალიზმი აკლდეს; მასში იდეის ერთგულება ყოველთვის ვერაა კომპეტენციასთან შეწყვილებული. კორპორაციებში არც კლიენტელისტური მისწრაფებების ხელახალი აღმოცენებაა შეუძლებელი. მაგრამ ჩვენი მოდელით აღფრთოვანებული რუსები მოდიან და ხედავენ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არაა პუტინისეული ერთიანი რუსეთი, რომელიც კაგებეს, კრიმინალების თუ კომკავშირული ელიტის სოციალურ ნიადაგზეა აღმოცენებული და კლანებად დაქუცმაცებული. მის ბირთვს ეროვნული მოძრაობის ის ნაწილი წარმოადგენს, რომელიც ქართული ნაციონალიზმის ევროპეიზაციას და ქურდულის ნაცვლად, სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას ემსახურებოდა ჯერ კიდევ 90-იანების დასაწყისში.
მთავარია, რომ მას მერე, რაც ქრთამმაც იკლო და ქურდულმა გარჩევებმაც, ქუჩა (და სკოლაც) კი მაქსიმალურად უსაფრთხო გახდა, რიგითი მოქალაქეების დიდი ნაწილი თავის არჩევანს ამ ცვლილებების სასარგებლოდ აკეთებს. ესაა მოდერნიზაციის შეუქცევადობის საწინდარი. ქვეყნის მომავლისათვის საბედნიეროდ, საშუალოსტატისტიკური ქართველის ინტუიცია თუ ინსტინქტი არა კრემლის ან შინაურ შეურიგებელთა, არამედ იმავე რუს კეთილისმსურველთა შეფასებებს ემთხვევა. არის უმუშევრობით, სიღარიბით გამოწვეული წუხილი, არის მოდერნიზმისა თუ გლობალიზაციის მითოპოეტური შიშის იმპულსებიც, რაც თუნდაც არამართლმადიდებლური დენომინაციების უფლებების ირგვლივ ატეხილ დებატებში გამოიხატა. საყურადღებოა, რომ ზოგიერთმა ადგილობრივმა უფლებადამცველმაც ვერ გადალახა საკუთარ თავში რელიგიური ტოლერანტობის უპირობო ადვოკატირების შიში.
მაგრამ წარსულში დაბრუნება მოქალაქეთა უმეტესობას აშფოთებს და არც ოპონენტთა მიერ 2008 წლის ომში საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება აღაგზნებს ამომრჩევლის კრიტიკული მასის გულებს. ხოლო ის ფაქტი, რომ პროკურატურა თუ საგადასახადო ინსპექცია ისე გავლენიანია, როგორც არასოდეს, არ წარმოადგენს მოსახლეობის უმეტესობის ნომერ პირველ პრობლემას. სამართალდამცავი წნეხის შესუსტება, ისევე როგორც მასწავლებელთა თუ სხვათა და სხვათა დანიშვნაში სრული გამჭვირვალობის მიღწევა გადასახადებისაგან თავის არიდების თუ ფეოდალური მენტალიტეტის შეუქცევადი დამარცხების პირდაპირპროპორციულია. ამას კი ცოტა მეტი ცოდნა და სისტემური მიდგომა სჭირდება, ვიდრე მაჟორიტარული არჩევნების მოწინააღმდეგეებს, ადგილობრივ პროფკავშირებს თუ პატიმართა უდიდესი უმრავლესობის ამნისტირების აპოლოგეტებს ახასიათებს.
2007 - 2009 წლებში საქართველოს დედაქალაქში რამოდენიმე სოლიდური საპროტესტო აქცია მოეწყო. იყო მსგავსი მცდელობები 2011 წლის მაისშიც. 2011 წლის მიწურულში კი უკვე მოსკოვმა იხილა პროტესტის მასობრივი გამოვლინებები. რა ციფრებიც არ უნდა ეხსენებინათ აქციათა ორგანიზატორებს, ხალხის რაოდენობა აქაც და იქაც არ აჭარბებდა ათეულ ათასებს. მაგრამ არის დიდი სხვაობა ამ ქართულ და რუსულ აქციათა შორის. რაც არ უნდა ვამსგავსოთ ფორმა, მათი შინაარსი ისევე განსხვავებულია, როგორც სააკაშვილისეული და პუტინის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული მოდელები.
საქართველოში აქციების ორგანიზატორების აბსოლუტური უმეტესობა, ისევე როგორც მათ მონაწილეთა კრიტიკული მასა ქუჩაში გირგვლიანის ტრაგიკულ ბედს, ან რუსეთთან ომს არ გამოუყვანია. ვერც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფორმას დავასახელებ მთავარ მიზეზად - ამ არჩევნების ლეგიტიმაცია საერთაშორისო დონეზე მოხდა. მთავარი აქ ანტირეფორმატორული სენტიმენტები იყო, საზოგადოების ერთი ნაწილის წუხილი დაკარგულ პრივილეგიებზე, რისი შემოწმებაც გამომსვლელთა თუ რიგითთა სოციალური პორტრეტებით და მათი საუბრების კონტენტ-ანალიზით შეიძლება. არსებითად, ეს იყო კონტრევოლუციის მცდელობები, რაც თავის დროს მოხდენილად შენიშნა ვლად სოკორმა.
აი მოსკოვში კი გამოსვლები პროგრესის შეუქცევადობის იმედს აძლიერებს. სწორედ ამ გამოსვლებისა და გამომსვლელების წარმატება შექმნის რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირების ნიადაგს და არა კუკავათა მიერ ანიშენკოსთან ბორჯომის გაყიდვის "ლობირება" თუ ჟირინოვსკისთან საუბრები - გადემოკრატებული პუტინის ივანიშვილისეულ ოცნებებზე აღარაფერს ვამბობ. მიზეზი ერთია - პუტინი იმპერიალისტი და თანამედროვე ფეოდალიზმის ადეპტია, ონიშჩენკო და ჟირინოვსკი - კორუმპირებული კლანების წარმომადგენლები. ნავალნი თუ სხვები ამას ებრძვიან, როგორც შეუძლიათ.
რამდენადაც ჩვენში ხელისუფლების ოპონენტთა უმეტესობა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რეგრესისთვის იბრძვის, ხოლო რუსეთში პროგრესული მოძრაობა შლის ფრთებს, მოდერნიზაციის ადგილობრივ ოპონენტებს საგარეო საყრდენები ეცლებათ ხელიდან. მეორეს მხრივ, რუსეთის იმპერიალიზმს უჩნდება დიდი ხნის ნანატრი და მოსალოდნელი საშინაო ფრონტი. ეს არ ნიშნავს ქართულ-რუსული დრამის დასასრულს, რომლის არსი არა იმდენად აფხაზეთი, მითუმეტეს ცხინვალი ან ენერგოდერეფნებია, რამდენადაც მსოფლმხედველობათა, ცივილიზაციათა ბრძოლა მართლმადიდებლურ სამყაროში. მაგრამ ბრძოლა არ დამთავრებულა, იგი ფინალურ ფაზაშია. ერთის მხრივ, რუსეთის დრაკონი არსკვლავარწივიანი კოკარდით ჯერ ცოცხალია და კუდის მოქნევა კიდევ ძალუძს - განსაკუთრებით მაშინ, თუ, ბჟეზინსკისა არ იყოს, შეერთებულ შტატებს წუთშესვენება აქვს აღებული. მეორეს მხრივ, ჩვენც, ქართველებს, მათ შორის მოდერნისტებს ხელისუფლებიდან, შეგვიძლია დავუშვათ შეცდომები. მაგრამ მე მწამს, რომ რეგრესის შანსები ყოველთვის ნაკლებია, ვიდრე პროგრესის. უბრალოდ, ცოტაც უნდა გავძლოთ "ერმაც და ბერმაც" - "ბერას ოცნების" ნისლზე არ უნდა გავცვალოთ ის, რაც 2003 წლიდან მოყოლებული გაკეთდა. სხვაგვარად, არსებული ხელისუფლების შეცდომების გამოსწორების ნაცვლად კიდევ ერთხელ დავუგებთ წითელ ხალიჩას კაგებესა და ორგანიზებული დანაშაულის რუსულ-ადგილობრივ სიმბიოზს.
სხვათაშორის, სწორედ ამის არდაშვებას ემსახურება ბოლოდროინდელი ცვლილებები კანონში პოლიტიკური პარტიების შესახებ, რომლებიც პოლიტიკისა და ფულის ურთიერთობას ეხება. მათი არსი შემდეგშია: 1. სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, ბიზნეს სტრუქტურებმა და ფონდებმა არ უნდა აფინანსონ პარტიები - საამისოდ არის სახელმწიფოს ბიუჯეტი და ინდივიდუალური შემოწირულობები; 2. პარტიებმა არ უნდა მოისყიდონ ამომრჩეველი არც პირდაპირ და არც მესამე პირების მეშვეობით; 3. თუ ე.წ. ნჯო რეალურად რომელიმე პოლიტიკური პარტიის შირმაა, მის მიმართ იმოქმედებს პარტიათა დაფინანსებაზე არსებული ლიმიტები. შეიძლება ამ პრინციპთა დანერგვაში საწინააღმდეგო ინტერპრეტაციები? შეძლებით ყველაფერი შეიძლება. ერთერთი "ექსპერტი" ამას წინათ ღაღადებდა - ვის გაუგია პოლიტიკა უფულოდ, ხელისუფლებას ამ კანონით "ფულის გაუქმება" სურსო. გამოითქვა გულწრფელი თუ თითიდან გამოწოვილი შიშები, რომ ამ კანონით ხელისუფლება მისდამი კრიტიკულად განწყობილ არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური გრანტების მიღებას აუკრძალავდა.
ჩემი პასუხი ასეთ შიშებზე შემდეგია: 1. ჯობია ამა თუ იმ პარტიის სპონსორი იყოს ივანიშვილი თუ მისი რომელიმე ნათესავი და არა ბანკი ქართუ, რომელიც, იდეაში და სტატუსით, პოლიტიკისაგან დისტანცირებული კომერციული სტრუქტურაა. სხვათა შორის, შეერთებულ შტატებში ასეა - მაგალითისათვის, პარტიების დაფინანსება შეუძლია ჯორჯ სოროსს და არა მის ფონდს - ღია საზოგადოების ინსტიტუტს; 2. პარტიებმა ამომრჩეველი უნდა მოხიბლონ პროგრამებით და სახელმწიფო ბიუჯეტის განაწილების საკუთარი ხედვებით - არა ფულის, ფასეული ნივთებისა თუ მომსახურების დარიგებით; 3. ოპონენტთა სამწუხაროდ, ხელისუფლებას, ისევე როგორც სასამართლოს ცოტა მეტი გონიერება გააჩნია და ესმის რომ ახალგაზრდა იურისტების თუ სხვა ტრადიციული არასახელმწიფო სუბიექტების პროექტები და გრანტები ერთია, ამომრჩევლის მოსყიდვა ან პარტიულ ინტერესთა აგიტაცია კი სხვა - არსებობს მათი გარჩევის როგორც საღ აზრზე, ისე სამართალზე დამყარებული ნიადაგი; და მეოთხე - მიუხედვად ამ პრინციპთა უნივერსალურად დემოკრატიული ხასიათისა, რომელიც პარტიათა შესაძლებლობების გათანაბრებას ემსახურება, კონკრეტულად ქართულ რეალობაში ისინი დამატებითი ბერკეტია, რათა ქვეყნის პოლიტიკა არ წალეკოს ფონდებსა თუ საზოგადოებრივ მოძრაობებს ამოფარებულმა რუსულ-ფეოდალურმა ფულმა. როცა ასეთი საფრთხე აღარ ექნება ქვეყანას, დავუბრუნდეთ პოლიტიკისა და ფულის ურთიერთობათა ფორმულებზე დებატებს.
როგორც ვთქვი, რუსეთთან დაპირისპირება ჯერ არ დამთავრებულა - იგი მხოლოდ ფინალურ ფაზაშია. პუტინმა ღიად დაიკავა საქართველოს ორი რეგიონი. მაგრამ, ვიღაცისათვის ეგებ პარადოქსულად, ამით დაკარგა საქართველოზე ზემოქმედების ყველაზე მთავარი ბერკეტი - კონფლიქტური ზონებით შანტაჟი. ამჟამად კრემლი ისევ მეხუთე კოლონის იმედზეა ძირითადად. ეს კოლონა არაერთხელ იქნა მოქმედებაში მოყვანილი, თუმცა ყოველთვის უშედეგოდ. ახლაც ასე იქნება, თუ სიფხიზლეს არ დავკარგავთ. ამასობაში ამერიკაც გადალახავს ერთგვარი დაბნეულობისა თუ პასიურობის ეტაპს, გააქტიურდება ევროკავშირიც - კონგრესის თუ ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები რუსეთის ქმედებათა თუ უმოქმედობათა დაგმობასა და საქართველოსათვის დამატებითი დახმარების საჭიროებაზე ამის საწინდარია. ჩვენ მხოლოდ არჩევნები უნდა ჩავატაროთ ა) იმ სტანდარტებით, რასაც დასავლეთი გვიყენებს; და ბ) არ გავამარჯვებინოთ ანტიმოდერნისტულ ძალებს. პუტინის რუსეთს კი, გარე თუ შიდა ფაქტორების წყალობით, თავისი დაემართება.
და მაინც, როგორი უნდა იყოს მოლოდინი დასაწყისშივე დასმულ მეორე საკითხთან, საქართველო-რუსეთის პოსტპუტინურ ურთიერთობებთან დაკავშირებით? უკვე ვთქვი, რომ ეს პერიოდი არ იქნება ადვილი და არც დემოკრატი რუსები იქნებიან საქართველოზე გავლენის აღდგენის წინააღმდეგნი. ნავალნის ერთერთი ბოლო ინტერვიუ ამის დასტურია - იგი წუხს რუსული ენისა და კულტურის შევიწროვებაზე პოსტსაბჭოურ სივრცეში. მაგრამ აქ მთავარი სხვაა: რუსი დემოკრატები მიისწრაფიან ნაციონალურ-დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისაკენ, რომელიც თავსებადი უნდა იყოს ევროკავშირთანაც და ნატოსთანაც. მათ ესმით ყველა სხვა პერსპექტივის დამღუპველობა. ეს ერთი საყრდენია ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისათვის. მეორე კი თავად რუსულ და ქართულ კულტურებშია საძიებელი. ეს კულტურები თუ მენტალობები, ვფიქრობ, იძლევა მათი იმდაგვარი ტრანსფორმირების შესაძლებლობას, რომ უარვყოთ საბჭოური ფეოდალიზმი და, იმავდროულად, განვაახლოთ ურთიერთსიმპათია. თუ განათლებულ, მოდერნიზებულ რუსს აქვს ისტორიის სწორი განცდა, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს თბილი გრძნობები იმისაგან, რომ საქართველოს ტერიტორია მისი წინაპრებისათვის მარტო კოლონია კი არ იყო, არამედ შთაგონების წყაროც. თუ ოდესღაც ქართველ არისტოკრატთა ნაღები ან რუსულად მეტყველებას აგემოვნებდა ან/და იმპერიულ ეპოლეტებს ირგებდა, მხოლოდ ახლაა არგასახსენებელი, რადგან პუტინის ოცნებებს ემსახურება. შემდგომში კი ჩვენც შეიძლება წარსულის ამ და თანამდევ სურათებში სამომავლო პოზიტიური ემოციების ნიადაგი ვნახოთ. არავის აწუხებს დღეს სლოვენიასა თუ სლოვაკეთში, რომ ერთ დროს ისინი ავსტრის იმპერიის ნაწილები იყვნენ. დღეს ეს ამ ქვეყანათა დამატებითი თანამშრომლობისა თუ ურთიერთგაგების ფაქტორია - რომელიმეს სუვერენიტეტის შეულახავად. მე პირადად, შევეცდები, სანამ და სადაც შემიძლია, რომ ვისოცკი არ დაივიწყოს ქართველმა, ისევე როგორც ჩეხოვისადმი ქონდეს თბილი გრძნობები.
წერილის დასაწყისში ნახსენები ინტერნეტ-ავტორი ერთ საყურადღებო აზრსაც გამოთქვამს: მისი თქმით, ყველა ერს აქვს ცხოვრების მიზანი, იგი არ აქვთ მხოლოდ ქართველებსა და რუსებს. ოღონდ ეს ქართველმა თავიდან იცის და ღვინოს სვამს, რუსი კი წვალობს (დავამატებდი, სხვასაც აწვალებს) ჭეშმარიტების ძიებაში, მაგრამ ბოლოს მიდის იქ, სადაც ქართველო თავიდანვე იყო. რა თქმა უნდა, ეს მეტაფორაა. მაგრამ მე ამის უკან ცხოვრებისადმი ლაღად თვალის გასწორების, ზოგჯერ თავის მოგიჟიანების, თუ გნებავთ, ინდივიდუალური უანგარობისა თუ თავდავიწყების უნარებს ვხედავ. შორს ვარ იმისაგან, რომ ასეთი თვისებები მთელს ერს მივაწერო - რუსი იქნება ეს თუ ქართველი. მაგრამ თუ ეს, ისევ და ისევ ფეოდალური პერიოდიდან გამოყოლილი უდარდელობა დაიცლება კრიმინალური მიდრეკილებებისაგან და არც შოვინისტურ "დიდ ძმობაში" გამოიხატება, ეგებ დანიელზე და ისლანდიელზე უფრო ქართველს ისევ რუსი მეგობარი ესიამოვნოს და პირიქით.
ეშმაკი დეტალებშია - რუსეთის ბიზნესთანაც შეიძლება ურთიერთობა და მის პოლიტწრეებთანაც - თანამშრომლობა, გააჩნია ვინ უკვეთავს მუსიკას, ვინ იხდის და საერთოდ, რას გადმოსცემს ეს მელოდია. მე მაქვს იმედიც და ვარაუდიც, რომ ყოველივეს ორივე ერის მოდერნიზების ამოცანა გადაწყვეტს. ეს კი გამორიცხავს სუზერენის და ვასალის იმ მოდელს, რომელსაც გახსნილად თუ შეფარვით მისტირიან ჩვენი ოპონენტები თბილისში თუ კრემლში. შესაბამისად, მთლად ისე ვერ მოვილხენთ რუს-ქართულ კამპანიებში, რომ ცა (მორალი, ეთიკა) ქუდად არ მიგვაჩნდეს და დედამიწა (კორუფციის დაუშვებლობა, კანონისა და სამართალდამცავთა პატივისცემა) ქალამნად. მაგრამ "ტი მენია უვაჟაეშ" და რუსულ-ქართული რომანსები ალბათ გაგვიიოლებს ახალ, მოდერნულ ბიზნეს-პოლიტიკურ ურთიერთობებს.
873
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85