"ყველა სიახლის" მასალების მიხედვით
"გამყრელიძის გამონათქვამებზე კომენტარი სულ უფრო და უფრო მიჭირს. ის დღითი დღე შორდება მოქალაქეობრივ პოზიციას და ხდება არასასიამოვნო კონიუნქტურის ნაწილი. პარტიის ხელმძღვანელად ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილის დასახელებას რა მოტივები აქვს, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია, უბრალოდ, ზოგიერთი თავს იბრმავებს და იყრუებს. საქმე ის არის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა უღირსი მეთოდის გამო, თვითონ ბიძინა ივანიშვილს არ ეძლევა საშუალება, პოლიტიკაში სრულფასოვნად ჩაერთოს. გასაგებია ქალბატონი ეკატერინეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მოტივი, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს სხვა გზა არ დაუტოვეს", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ივანიშვილი ხელისუფალივით იქცევა, სააკაშვილი კი ოპოზიციონერივით შარაგზაზეა გამოდებული" / "სააკაშვილს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდება".
"ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის სულაც არ იქნება უფრო კომფორტული, თუ ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილს მოუწევს არჩევნებში მონაწილეობა. ვფიქრობ, ამ მხრივ სააკაშვილს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდება. თუმცა ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, მისცეს ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში სრულფასოვანი ჩართვის საშუალება - ხელისუფლება მშვენივრად ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილი იქნება პარტიის ლიდერი თუ მისი მეუღლე, პოლიტიკური პროცესებისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. ბიძინა ივანიშვილი, პირდაპირ თუ ირიბად მაინც მიიღებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას და მისი ირიბი მონაწილეობაც კი სააკაშვილის ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის", -აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"თუ ქალბატონი ეკატერინესთვის მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც გაასაჩივრეს და გააჭიანურეს, ძალიან სასაცილო იქნება. ვიმეორებ: რამდენი სისულელეც უნდა მოიფიქრონ, თვითონაც მშვენივრად იციან, რომ ამით მათი პრობლემები არ დამთავრდება და ოდნავ კონკურეტული გარემოს პირობებშიც კი სააკაშვილის ხელისუფლება მარცხისთვის არის განწირული - თუმცა არსებულ ვითარებაში პირობებს სწორედ ხელისუფლება ადგენს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს მოკლევადიანი პირობებია, საბოლოო ჯამში ფუნდამენტურ, გრძელვადიან პირობებს ადგენს საქართველოს მოსახლეობა. ხელისუფლებას შეუძლია, ხელები მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში გადაგვიგრიხოს, მაგრამ მთელ ქვეყანას სუნთქვის წყაროს ვერ გადაუკეტავს", - განმარტავს ექსპერტი.
"ხელისუფლებამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე საბოლოოდ თქვა უარი -ოქტომბერში ფაქტობრივად შეაჩერა საქართველოში ადამიანის უფლებების ნაწილში კონსტიტუციის მოქმედება და მისი ყველა ქმედება - საკანონმდებლო ინიციატივები, სპეცოპერაციები, მთელი ეს აღვირახსნილი კამპანია, ფაქტობრივად, გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან... როდესაც ე.წ. ნაციონალური არხები საინფორმაციო გამოშვებების პირველ ბლოკში უდიდეს ადგილს უთმობენ ბატონ ბიძინას, მისი გადაწყვეტილებების თუნდაც დამახინჯებულად გაშუქებას, ვფიქრობ, დიდ შეცდომას უშვებენ. მაყურებელს ბუნებრივად უჩნდება ამ ადამიანის და მისი საქმიანობის შესახებ უფრო მეტის გაგების სურვილი. ხელისუფლებისთვის უფრო მოგებიანი იქნებოდა, ივანიშვილისთვის საერთოდ არ მიექცია ყურადღება. დღეს კი ხელისუფლება ეწევა ივანიშვილის ე.წ. პრომოუშენს, მართალია, გამუდმებით ილანძღებიან, მაგრამ ქართველი კაცი გონიერია და ვფიქრობ, ამ ხელოვნურად შექმნილ უარყოფითში კარგად ხედავს დადებითს. დღეს მართლაც პარადოქსული სიტუაციაა: ხელისუფლება პირდაპირ ეპატიჟება ივანიშვილს ქუჩაში და ცდილობს, როგორმე გამოიყვანოს მდგომარეობიდან, ივანიშვილი კიდევ პირიქით იქცევა - იხვეწება, ნორმალურ საარჩევნო პროცესში დავუპირისპირდეთ ერთმანეთსო. დღეს ივანიშვილი იქცევა ხელისუფალივით, სააკაშვილი კი ოპოზიციონერივით შარაგზაზეა გამოდებული", - მიიიჩნევს გია ხუხაშვილი.
"ხელისუფლებისთვის ძალიან მტკივნეულია ობიექტური ინფორმაციის გავრცელება, განსაკუთრებით რეგიონებში. ამიტომაც შეუტიეს პრესას, მის დისტრიბუციას, ამიტომ გადააძვრინეს ეროსი "მაესტროს" ეზოს კედელზე და ა.შ. ამ პროცესს განაგრძობენ და უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმასაც ეცდებიან - მიაჩნიათ, რომ არჩევნებს იგებს ფული და ინფორმაციის მონოპოლიზება. ამიტომაც ცდილობენ, ეს ორი რამ მაქსიმალურად შეზღუდონ, მაგრამ 21-ე საუკუნეში ფულისა და ინფორმაციის შეზღუდვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. პოლიტიკის ნაწილია დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლის სურვილიც, რადგან მათ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესებზე. მათ უსმენენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა ხშირად სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ობიექტურ ინფორმაციას ეყრდნობა. ამიტომ სულაც არ მიკვირს მათდამი ხელისუფლების მტრული განწყობა. ხელისუფლებას კი ჰყავს საკუთარი, მაამებელი არასამთავრობო სექტორი, რომელსაც რასაც ჩასძახებენ, იმას ლაპარაკობს, მაგრამ მათ ლაპარაკს არავინ უსმენს", - დასძენს რესპონდენტი.
"ამას წინათ ვიღაცამ "გაზპრომის" ფულიც ახსენა, არადა, "გაზპრომის" ფული საქართველოში კახა ბენდუქიძემ შემოიტანა, რომელმაც თავისი აქციები სწორედ "გაზპრომს" მიჰყიდა. ამის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, გახდა ეკონომიკის მინისტრი და უამრავი რამ გაყიდა რუსულ ფულზე. ხელისუფლების ლაპარაკი, რომ ბენდუქიძე მხოლოდ პროგრესს ემსახურება, ივანიშვილს კი ბნელისა და უკუნის დაბრუნება უნდა - სასაცილოა. გადახედონ მთავრობას და პარლამენტს, იქ არაერთი ძველი პარტიული ფუნქციონერი უზით. სხვათა შორის, ამ წლის დასაწყისიდან ძალაში შევიდა ე.წ. "პატრიოტის აქტი", რომლის მიხედვითაც იზღუდება იმ ადამიანების თანამდებობებზე დანიშვნა, რომლებსაც ან სპეცსამსახურებთან ჰქონდათ კავშირი, ან პარტიული კარიერა ჰქონდათ აწყობილი. ვინ არის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე, მას არ ეხება ეს "პატრიოტის აქტი"? მაინტერესებს, როდის გააქტიურდება ბატონი თორთლაძე და როდის დაიწყებს იმის გამოძიებას, "ნაციონალებს" ამ აქტთან შეუსაბამო რამდენი თანამდებობის პირი ჰყავთ? " - აცხადებს გია ხუხაშვილი და შეკითხვას - "როგორც ამბობენ, "ნაციონალური მოძრაობა" ახალი საპარლამენტო სიის გვარიან გადახალისებას და გაკეთილშობილებას აპირებს...", - პასუხობს:
"ცდილობენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგან რესურსი შეზღუდული აქვთ. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება არის იმ ფაზაში, რომ მისი სია კი არ გაკეთილშობილდება, არამედ ის ადამიანები გაისვრებიან, რომლებიც ამ სიაში აღმოჩნდებიან".
759
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85