ეკა ბასილაია, ”რეზონანსი”
"აუცილებლად დავივლი ყველა იმ საავადმყოფოს, სადაც სააკაშვილმა ლენტი გაჭრა. კვალდაკვალ მინდა გავყვე და ვნახო, რა ხდება იქ და როგორ წარმოუდგენია მას ე.წ. ჰოსპიტალური რეფორმა", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვიქტორ დოლიძე.
მისი თქმით, საავადმყოფოები არ არის ხელმისაწვდომი, ტარიფები მაღალია, ექიმების ხელფასები შემცირებული, მედპერსონალის ნაწილი კი სამუშაო ადგილების სიმცირის გამო საერთოდ გაყარეს.
ვიქტორ დოლიძემ რამდენიმე დღის წინ წყალტუბოში ახლადგახსნილი რაიონული საავადმყოფო დაათვალიერა. ირაკლი ალასანიას თანაპარტიელი კლინიკაში მომსახურების პირობებს გაეცნო და დაინტერესდა, რამდენად ხელმისაწვდომია მკურნალობა ადგილობრივებისთვის.
"მაგალითად, წყბალტუბოში საავადმყოფოს სამსართულიანი შენობა, რომელიც სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაიმ" შეიძინა 100 ახალი საავადმყოფოს ფარგლებში გარემონტდა, მის რეაბილიტაციასა და ინვენტარიზაციაზე 1 700 000 ლარი დაიხარჯა.
"საავადმყოფოებს კერძო სადაზღვევო კომპანიები აშენებენ, იქ სააკაშვილი არაფერ შუაში არ არის. სააკაშვილი მხოლოდ ავალდებულებს ბიზნესმენებს, კურტანიძეს თუ სხვას, აშენებინებს კიდეც, აპარატურასაც შეატანინებს, შემდეგ კი მიდის გახსნაზე, ჭრის ლენტებს და თავს იქებს, ჰოსპიტალურ რეფორმას ვატარებო.
"ის, რომ პრეზიდენტი სადაზღვევოებს საავადმყოფოებს იძულებით აშენებინებს, მეორე საკითხია, მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ჯანდაცვის სერვისი ადგილობრივებისთვის საყოველთაო არ არის. მომსახურების ფასები თითქმის თბილისის კლინიკებში არსებულ ფასებს უტოლდება", - განაცხადა დოლიძემ.ვიქტორ დოლიძე: მინდა სააკაშვილის კვალდაკვალ ვეწვიო მის მიერ გახსნილ საავადმყოფოებს და ვნახო რა ხდება იქ და როგორ წარმოუდგენია მას ე.წ. ჰოსპიტალური რეფორმა. ეს სავადმყოფოები არ არის ხელმისაწვდომი, არ არის საყოველთაო. ხარისხიანობაზე ვერაფერს გეტყვით, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე არ ვარ და არ ვიცი რა და როგორ კეთდება.
წყალტუბოში ვიყავი, საავადმყოფო მხოლოდ 15-საწოლიანია. რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე 15-საწოლიან საავადმყოფოს გააკეთებ თუ 30-იან ან 120-იანს, ამას მნიშვნელობა აქვს და ამ რაიონს 15-საწოლიანი საავადმყოფო არ ეყოფა. გარდა ამისა, ეს არის ერთადერთი კლინიკა და ისიც კერძო და ისიც მხოლოდ 15-საწოლიანი. რაიონში სხვა მუნიციპალური კლინიკა არ არსებობს. პრეისკურანტსაც გადავხედე და მომსახურეობის ფასები თბილისის ფასებისაგან აბსოლუტურად არ განსხვავდებოდა. აქედან გამომდინარე, ფასების სიდიდის გამო იქ ადამიანი სამკურნალოდაც ვერ მივა. როცა ჩავედი, იქ მხოლოდ ორი ადამიანი იწვა, ერთი იყო მშობიარე ქალბატონი და მეორე მამაკაცი, რომელსაც ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. გარეთ კი ფეხმძიმე ქალმა, რომელსაც მარტში უწევდა მშობიარობა, შემომჩივლა აქაური ფასების შესაბამისი თანხა არ მაქვს და რა უნდა ვქნაო. მარტო ლენტის გაჭრა და ხმამაღალი თავის ქება, ბუნებრივია, საკმარისი არ არის.
"რ": ანუ, საუბარია იმაზე, რომ მომსახურეობის ფასები მომატებულია?
ვ.დ: ფასები მომატებულია, მაგრამ კერძო კომპანიაა და ვერ მოსთხოვ, რომ ფასები დაუწიოს. მისი ნებაა, უნდა 2 ათას ლარს დაადებს ოპერაციას საფასურად, უნდა 3 ათას ლარს. ამას ვერავინ დაუშლის. კონკურენციისათვის რაიონში მუნიციპალური კლინიკა უნდა არსებობდეს. როცა რაიონში მხოლოდ კერძო კომპანიის მიერ აშენებული საავადმყოფო გაქვს, სადაც ფარმაცევტული ბიზნესი და ჰოსპიტალური სექტორიც ერთი კომპანიის ხელშია, სახელმწიფოს კი მოხსნილი აქვს პასუხისმგებლობა, ეს არასწორია.
სახელმწიფო ამ კერძო კომპანიებს აძალებს, რომ ააშენონ საავადმყოფოები, რომლის შემდეგაც ეს კომპანია იძულებულია მომსახურეობის ფასები გაზარდოს, ასევე მომსახურე პერსონალის ხელფასები შეზღუდოს. სხვანაირად საავადმყოფოს მშენებლობაში დახარჯულ თანხას ვერ ამოიღებს. სააკაშვილი ჯანდაცვის მინისტრ ურუშაძესთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნიკოლაიშვილთან ერთად დადის რეგიონებში, ჭრის ლენტებს და აცხადებს, რომ ჰოსპიტალურ რეფორმას წარმატებით ატარებს.
კი მაგრამ, სააკაშვილი როგორ ატარებს რეფორმას, როცა ამას კერძო კომპანია აკეთებს?! ვის ატყუებს და ვის აყრის თვალში ნაცარს? ამას ჰქვია 150-საავადმყოფოიანი სახელმწიფო ჰოსპიტალური რეფორმა?! ეს კაცი აქამდე ტყუილებით არის მოსული და ხალხმაც უნდა გაახილოს თვალი და ნახოს, რეალურად რაც ხდება.
"რ": რამდენად სამართლიანია ის, რომ რეგიონებში მთლიანად სადაზღვევო კომპანიების ხელში გადავიდა საავადმყოფოები?
ვ.დ: ეს კიდევ მეორე თემაა და მე ამაზეც მაქვს განცხადება გაკეთებული. მსგავს სიტუაციებში წარმოიშვება ელიტური კორუფცია. გახსოვთ ალბათ თუ როგორ მოხდა თავად დაზღვევების შესყიდვა, ამაზე თავად კონტროლის პალატის დასკვნაც არსებობს - თავიდან ბოლომდე პირამიდული კორუფციის სქემაა სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის. კერძო კომპანიებს არსებობის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ მარტო კერძო კომპანიები არსებობდეს და სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემა არ გქონდეს შესაბამის დონეზე აყვანილი, ეს სრულიად წარმოუდგენელია. გამოდის მერე ტელევიზიაში და ოთარ ხუფენიაზე უსინდისოდ იტყუება. კაცმა, რომელმაც სოცალური ფონდი შექმნა და შევარდნაძის დროს არსებული ის სასწაული სისტემა დაანგრია.
"რ": ძალიან ბევრი ახლადგახსნილი საავადმყოფოდან მედპერსონალის ნაწილი შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გაუშვეს, საუბარია იმაზეც, რომ ვინც დარჩა, მათაც შეუმცირდათ ხელფასები და ამაზე თუ ფლობთ რაიმე დეტალურ ინფორმაციას?
ვ.დ: ალბათ, გახსოვთ თბილისში მე-4 საავადმყოფოს (ყოფილი მე-8) თემა, როცა "ბლოკ ჯორჯიამ" ააშენა და შემდეგ პასუხისმგებლობა მოიხსნა. კაცმა არ იცის მათი ხელფასების ამბავი, დავალიანებები უამრავია. სანამ კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, სხდომა გავმართე, მოვიწვიე ის ექიმები და მათ საკუთარ პრობლემებზე ილაპარაკეს, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობას" ყურიც არ გაუპარტყუნებია. მედპერსონალი ისე გაუშვეს სამსახურიდან, რომ ძველი დავალიანება, კუთვნილი ხელფასები, არც ერთი მათგანისთვის არ მიუციათ.
მსგავსი სიტუაციაა ყველგან, ოღონდ რეგიონებში ექიმები ამაზე ხმას ვერ იღებენ, ეშინიათ. გახსნაზეც არ მოხვიდეთ, ოჯახის წევრებს პრობლემებს შევუქმნითო, ემუქრებიან.
წყალტუბოშიც მითხრეს, რომ სადღაც 3 თვის ხელფასი არ აქვთ აღებული. "ალდაგი" არ არის ვალდებული მათ ეს ძველი ხელფასები დაურიგოს, ან უკვე გათავისუფლებულ მედპერსონალს გადაუხადოს დავალიანება. წყალტუბოს საავადმყოფო 30-ში გაიხსნა, ამიტომაც ყველა მედპერსონალს დავალიანება იმ ფირმამ უნდა გადაუხადოს, რომელიც მანამდე იყო. ეს ჩემი და თქვენი გასარკვევი არ უნდა იყოს, არსებობს ჯანდაცვის სამინისტრო, სადაც სახელფასო ფონდი არსებობს და ვისაც დავალიანება 3 თვის განმავლობაში დაფარული არ აქვს, აიღოს პასუხისმგებლობა და გასცეს ხელფასები.
ძალიან მაინტერესებს ყველა ის რაიონი და ქალაქი, სადაც სააკაშვილმა ლენტები გაჭრა და ყველგან ვაპირებ ჩასვლას. მაინტერესებს თერჯოლა, ბათუმი, ოზურგეთი... ის სურათი, რომელსაც ჩვენ "იმედისა" და "რუსთავი 2"-ის მეშვეობით ყოველდღე ვხედავთ, რომ გაიხსნა ახალი საავადმყოფო - ხელმისაწვდომი, საყოველთაო და ხარისხიანი - მაინტერესებს ეს ნამდვილად ასეა თუ არა. იქვე, რა თქმა უნდა, ექიმების უფლებების დაცვაც გვაინტერესებს.
"რ": წყალტუბოში შეხვედრისას ექიმებმა რაიმე პროტესტი თუ გამოთქვეს თქვენთან?
ვ.დ: დაფარული შეხვედრა გვქონდა და პრობლემები რომ არ შეექმნათ, მათ ვინაობას ვერ გეტყვით. გვითხრეს, რომ აპარატურებს რაიონიდან რაიონში დაატარებენ და სააკაშვილს გახსნაზე ახვედრებენ. ექიმებისა და ექთნების ნაწილი გამოყრილია... წლიდან წლამდე უფრო მეტი ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე. ნებისმიერი კლინიკა აიღეთ და ექიმებისა და ექთნების რაოდენობა დაითვალეთ.
წყალტუბოში სამსართულიანი შენობაა, ორი სართული მართლა კარგად არის გაკეთებული და გიხარია, მაგრამ მესამე სართული გამოხრულია. როცა სადაზღვევო კომპანიის ადგილობრივ ხელმძღვანელს ვკითხე, მე მხოლოდ 15 საწოლზე ავიღე პატრონაჟი და ვალდებულება და მესამე სართული არ მჭირდებაო. ამ ერთი შენობის გარდა იქ სხვა ნაგებობაც დგას, მაგრამ არ ფუნქციონირებს. ჯამში საავადმყოფო ალბათ 60 საწოლზე იქნებოდა გათვლილი.
კლინიკა და ჰოსპიტალი მას არ ჰქვია და ამბულატორიულ რეფორმაზე თუ გვაქვს საუბარი, ესეც უნდა ვიცოდეთ. რასაც საკაშვილი ლაპარაკობს, რეალობისაგან ძალიან შორსაა. ხვალ კიდევ სხვა ახალ საავადმყოფოს გახსნის, მაგრამ კაცი თუ ვერ შევიდა და იმკურნალა, რად გინდა?!
სახელმწიფომ არ უნდა იცოდეს, რომ 15-საწოლიანი საავადმყოფო წყალტუბოს არ ეყოფა? ან სად წავიდნენ ის ექიმები, რომლებიც 15-საწოლიანი საავადმყოფოსათვის ზედმეტი გამოდგნენ?! რეფორმას მხოლოდ იმას ეძახიან, რომ შენობა კარგად გაარემონტა. ეს თვალში ნაცრის შეყრაა და სირცხვილია, როცა რეფორმაზე საუბრობენ.
734
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85