რუსიკო მაჩაიძე, “რეზონანსი“
იმისათვის, რომ ხელისუფლებამ მილიარდერ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს, ერთადერთი იურიდიული მექანიზმი გააჩნია და ეს არის მათი მოქალაქეობის მინიჭების საკითხის სასამართლოში გადატანა და ამ პროცედურის მაქსიმალურ ვადებში გაჭიმვა.
ეს ეხება როგორც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, ასევე მის მეუღლესთან, ეკატერინე ხევედელიძესთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყეტილებას, რომლითაც მოსამართლემ უკანონოდ ცნო პრეზიდენტის ბრძანებულება.
ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორების მხრიდან უკვე დაანონსებულია, რომ ივანიშვილის პარტია თებერვლის დასაწყისში შეიქმნება. ამ თარიღის შესახებ პირველი განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ "რეზონანსთან" საუბრისას დეკემბრის ბოლოს გააკეთა. ამის შემდეგ კი უკვე რესპუბლიკელების მხრიდანაც გაკეთდა განცხადებები, რომ ივანიშვილის პარტია და არა საზოგადოებრივი მოძრაობა იანვრის ბოლოდან უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყებს მუშაობას.
ამიტომაც ამ ბოლო დღეების განმავლობაში მთავარი კითხვა იყო ის, თუ როგორ მოახერხებდა ივანიშვილი პარტიის შექმნას და დასახელდა რამდენიმე კანდიდატი მისი გარემოცვიდან, ვინც შეიძლება სათავეში ჩასდგომოდა ამ პარტიას. საბოლოოდ კი ღიად ითქვა, რომ პარტიას სათავეში მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე ჩაუდგება და საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.
მაგრამ, როგორც იურისტები ამბობენ, პრობლემა რჩება ის, რომ ხელისუფლებას შეუძლია, გამოიყენოს დროის გაწელვის მეთოდი და მათ ამის საშუალება არ მისცეს.
"ის, რომ შესაძლებელია, არჩევნებამდე სასამართლოს მეშვეობით დავა ვერ გადაწყდეს, ძალიან რეალური ჩანს," - ამბობს ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე.
ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობა
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, მოქალაქეობა ივანიშვილთან ერთად მის მეუღლესაც შეუწყდა. მაგრამ, იმის გამო, რომ მას საფრანგეთის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის მიღებამდე ჰქონდა, ფორმალური მიზეზიც არ არსებობდა, რომ პრეზიდენტს ეს გადაწყვეტილება მიეღო. ამიტომაც სასამართლო იძულებული გახდა ივანიშვილის სარჩელი ნაწილობრივ მაინც დაეკმაყოფილებინა და პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავშირებით უკანონოდ ეცნო.
მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას მაინც რჩება ბერკეტები იმისთვის, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებაც დროში გაწელოს. ამისთვის კი, ელემენტარულად პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილებები ყველა ინსტანციაში უნდა გაასაჩივროს და ამასთან, ეს კანონით დადგენილი ვადების ბოლოს უნდა მოხდეს.
"27 დეკემბერს იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკვშირებით, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება უკანონოდ იქნა ცნობილი. შესაბამისად, 10 იანვარს ჩაგვბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება და 10 იანვრიდან აითვლება 14 დღე, ანუ 24 იანვარი არის ბოლო ვადა, როდესაც პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ან უნდა გაასაჩივროს ან სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში," - ამბობს ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი.
თუკი პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებს, ცხადია, ხვედელიძეს იანვრის ბოლომდე მოქალაქეობა უნდა აღუდგეს. მაგრამ პრეზიდენტს შეუძლია, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ყველა ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივროს. ამ შემთხვევაში კი იგი პროცესის თითქმის ერთი წლით გაწელვას შეძლებს.
საქმე ის არის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში თუ გაასაჩივრებს, მაქსიმალური ვადა, რაც შეუძლიათ გაწელონ, ეს არის ხუთი თვე და, თუკი მერე უზენაესში გაასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, კიდევ ექვსი თვე, რაც საერთო ჯამში ერთ წლამდე გამოდის. ამ დროისთვის კი საპარლამენტო არჩევნები, ცხადია, ჩატარებული იქნება.
სწორედ ამიტომ, როგორც ქუცნაშვილი ამბობს, მათ უკვე მიმართეს სასამართლოს, რათა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებას ეკატერინე ხვედელიძის ნაწილში უკანონოდ სცნობს, დაუყოვნებლივ იქნას აღსრულებული.
"ამიტომაც ვამბობთ, რომ განსაკუთრებული გარემოებაა შექმნილი, პიროვნების კონსტიტუციური უფლება ილახება. მას უნდა, რომ შექმნას პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში და ამით ჩვენ შეგვიძლია, დავრწმუნდეთ, სასამართლოს გადაწყვეტილება არის რეალური თუ ბუტაფორიაა. ამ პროცედურული დავების ფაქტორის გამოყენებით შეუძლიათ, დრო გაწელონ და ამასობაში არჩევნებიც მოვიდეს.
"შესაბამისად, ჩვენ არ დაველოდეთ პრეზიდენტის პოზიციის ჩამოყალიბებას, მივმართეთ სასამართლოს და მოვთხოვეთ განსაკუთრებული გარემოებებით და უფლებების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
"პრეზიდენტმა საკასაციო და სააპელაციო სასამართლოებში რომ გაასაჩივროს, შეუძლია, მინიმუმ ერთი წელი ისე გაწელოს დრო, რომ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შევიდეს. ამიტომაც ჩვენ მოსამართლეს მოვთხოვეთ, რომ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცია გადაწყვეტილება და ამით რეალურ გადაწყვეტილებად ქცეულიყო," - განმარტავს ქუცნაშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენ ხანში უნდა გასცეს სასამართლომ პასუხი, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე, იურისტები განმარტავენ, რომ სასამართლოს ამისთვის მხოლოდ 14 დღიანი ვადა აქვს.
"სასამართლო ვალდებულია, რომ ამ საკითხზე იმსჯელოს და საპროცესო სამართლიდან გამომდინარე არსებობს იგივე მიდგომა, რომ ვიდრე საბუთებს გადასცემს სააპელაციო სასამართლოს, იქამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ანუ, აქაც 14 დღიან ვადაში არიან შეზღუდულები. ასე რომ, 24 იანვრამდე ჩვენ ან მოსამართლემ უნდა დაგვიკმაყოფილოს ეს მოთხოვნა და აღსასრულებლად გადასცეს ეს გადაწყვეტილება, ან პრეზიდენტმა უნდა დაუსვას წერტილი," - აცხადებს ქუცნაშვილი.
ცხადია, ამ შემთხვევაში სასამართლოს იმის საშუალება აქვს, რომ ამ მოთხოვნის აღსრულებაზე უარი თქვას. თუმცა, ქუცნაშვილი იმედოვნებს, რომ ეს ასე არ მოხდება, რადგან ეს საკითხი იგივე მოსამრთლემ უნდა განიხილოს, რომელმაც პრეზიდენტის ბრძანებულება უკანონოდ სცნო და მას ამის დასაბუთება გაუჭირდება.
როგორც ჩანს, იანვრის ბოლოს გაირკვევა, სააკაშვილი რას აპირებს. თუკი გადაწყვეტს, რომ ივანიშვილს გზა ბოლომდე ჩაუკეტოს, მაშინ იგი სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და ამ გასაჩივრებებში საკმაოდ დიდი დროის მოგება შეუძლია. ამასობაში კი არჩევნებიც ჩაივლის.
თუმცა, ისიც გასათვალისწინებელი იქნება, თუ სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოება როგორ შეხვდება და ადვილი წარმოსადგენია, რომ სააკაშვილს მათი უკმაყოფილება არანაირად არ უნდა აწყობდეს. მით უმეტეს იმ საყვედურების შემდეგ, რაც ხელისუფლებამ აშშ-ის საელჩოსგან მიიღო.
იმ შემთხვევაში კი, თუ სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში შევა, ხვედელიძეს საშუალება ექნება ივანიშვილის ყველანაირი რესურსი გამოიყენოს. ამას დაემატება ისიც, რომ სააკაშვილი თავად ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს და საბოლოოდ ეს ყველაფერი საზოგადოებაზე რა გავლენას იქონიებს, არავინ იცის.
ივანიშვილის მოქალაქეობა
ამის პარალელურად კი ივანიშვილმა პრეზიდენტს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღების თხოვნით მიმართა. რაც იმას ნიშნვს, რომ 4 პირობიდან თუ იგი ყველა პირობას აკმაყოფილებს, მაშინ მას უნდა მისცენ საქართველოს მოქალაქეობა. ეს არის უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების ფაქტი, ქართული ენის ცოდნის ფაქტი, საქართველოს ისტორიისა და ზოგადი სამართლის საფუძვლების ცოდნის ფაქტი და მეოთხე, საქართველოში ბიზნესის ან საკუთრების ქონის ფაქტი.
როგორც მისი იურისტები აცხადებენ, ამ ოთხიდან ივანიშვილი ყველას სრულად აკმაყოფილებს.
"მათ, მაქსიმუმ, 40 დღის ვადაში უნდა გასცენ დასკვნა, რის შემდეგაც, მაქსიმუმ, 10 დღის ვადაში პრეზიდენტმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. დღეის მდგომარეობით, 10 დღე უკვე გავიდა და პრეზიდენტ სააკაშვილსა და სამოქალაქო რეესტრს, ჯამში, დარჩენილი აქვთ 40 დღე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად," - აცხადებს ქუცნაშვილი.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტს მიმართეს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის არა მეორე, არამედ პირველი პუნქტის საფუძველზე, ანუ მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე.
"თუ მეორე მუხლის შემთხვევაში პრეზიდენტი არ არის ვალდებული დაასაბუთოს, რატომ არ თვლის მის წარსულ ცხოვრებას დამსახურებად ქვეყნის წინაშე და ამიტომ არ ანიჭებს მოქალაქეობას, ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიცემაზე უარის შემთხვევაში პრეზიდენტს მოუწევს, მოიყვანოს სამი მიზეზიდან ერთ-ერთი: ივანიშვილი არის ან ტერორისტი, საერთაშორისო ძებნილი ან მისთვის მოქალაქეობის მიცემა საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელია," - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, ამ სამიდან რომელიმე მიზეზის დასახელებას თეორიულადაც კი გამორიცხავენ.
"ტერორისტების სიას ადგენს გაერო, საერთაშორისო ძებნილებისას - ინტერპოლი. ვერც ერთ სიაში ივანიშვილის გვარს ვერ იპოვით. რჩება მიზეზი - საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი. ასეთად ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჩაითვლებოდა - თუ მას ექნებოდა ხელისუფლების რევოლუციურად ცვლილების მიზანი. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა 7 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში ამ გზით ხელისუფლების ცვლილების ალბათობა გამორიცხა.
"ეს, რაც შეეხება თეორიულად, პრაქტიკას რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტს შეუძლია, მაქსიმამ 90 დღემდე გაწელოს მოქალაქეობის მიცემის პროცედურა. იქიდან გამომდინარე, რომ 10 დღე უკვე გასულია, მაქსიმალური 80 დღეა დარჩენილი. ანუ, 40-დან 80 დღემდე," - განმარტა ქუცნაშვილმა.
მაგრამ სააკაშვილი რას გააკეთებს, არავინ იცის. ამიტომაც იმის თქმა, თუ როდის შეიძლება მიენიჭოს ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა, ძალიან ძნელია.
"აქ არის ერთად-ერთი ხიფათი იმისა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვას ივანიშვილის მოქალაქედ მიღებაზე და ამით გზა გახსნას სასამართლო პროცესისთვის. სასამართლოს შემთხვევაში კი მოქმედებას იწყებს ის ვადები, რამაც შეიძლება გაჭიმოს დრო.
"დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ იძულებული იქნება, დააკმაყოფილოს ეს თხოვნა, ვინაიდან არ ჩანს უარის თქმის არანაირი საფუძველი. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას ნაკლებად აწუხებს ის, თუ როგორ შეაფასებს ამ ყველაფერს ჩვენი თუ საერთაშორისო საზოგადოება და მათ აქვთ ერთად-ერთი მოკლე მიზანი, რომ როგორმე ივანიშვილს არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება," - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
პარტიის შექმნა
უკვე გაცხადებულია, რომ ივანიშვილი თვითონ ან მისი მეუღლე შექმნის პარტიას, რომელიც ჩაუდგება სათავეში პოლიტიკურ ბლოკს, სადაც "თავისუფალი დემოკრატები", "რესპუბლიკელები", "კონსერვატორები", "ხალხის პარტია" და, სავარაუდოდ, "ეროვნული ფორუმიც" შევა. ყოველ შემთხვევაში, უკვე გაცხადებულია, რომ მოლაპარაკებები მათთანაც მიმდინარეობს.
თუმცა, ჯერჯერობით გაურკვევლობაა თავად ივანიშვილის პარტიასთან დაკავშირებით. რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ თავად ან მისი მეუღლე როდის მიიღებს მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, გაცხადებულია, რომ პარტია ყველა შემთხვევაში თებერვლის დასაწყისში შეიქმნება.
როგორც ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, პარტიის შექმნასთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას მხოლოდ დროის გაწელვის საშუალება აქვს.
"კანონის მიხედვით ვადები არის ძალიან მოკლე. უნდა ჩატარდეს პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, რომელსაც უნდა ესწრებოდეს, თუ არ ვცდები, არანაკლებ 300 წევრისა და ყრილობამ უნდა მიიღოს წესდება, აირჩიოს პარტიის ხელმძღვანელი ორგანოები. შემდგომ, როდესაც ეს მასალები უნდა წარედგინოს ხელისუფლებას და სათანადო ორგანოებმა, ანუ იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში უნდა გაატაროს ან უნდა უთხრას უარი, ოღონდ უნდა მიუთითოს, რის საფუძველზე ეუბნება უარს," - განმარტავს ვახტანგ ხმალაძე და დასძენს, რომ "ამის პირობები იმდენად მარტივია, რომ ძალიან სულელურად უნდა მოიქცეს ვინმე, ამ პირობების შეუსრულებლობა რომ მოახერხოს. ასე რომ, არა მგონია, რეგისტრაციაზე უარის თქმის რაიმე ფორმალური საფუძველი გამოჩნდეს".
ცხადია, იმის ალბათობა, რომ პარტიის რეგისტრაციაზე უარი უთხრან და ეს საკითხიც სასამართლოზე გადავიდეს, რეალურად არსებობს. მაგრამ, როგორც ხმალაძე აღნიშნავს, ეს არსებითი დაბრკოლება მაინც ვერ გახდება, რადგან ეს ადამიანები ჩაეწერებიან ბლოკში პარტიის გარეშე და ისე მიიღებენ არჩევნებეში მონაწილეობას. ანუ, პიროვნულად ამ ადამიანების მონაწილეობას ხელს ვერ შეუშლის.
სწორედ ამიტომ ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ "თუ არჩევნები ოქტომბერში გაიმართება, ჩვენ თავისუფლად ვეტევით ვადებში ისევე, როგორც ივანიშვილს შეუძლია, რომ შემდეგ გახდეს დაფუძნებული პარტიის წევრი ან თავმჯდომარე მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ."
რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ქუცნაშვილი ამბობს, რომ "საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გარეშე ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად".
"არის ხოლმე ასეთი აზრი, რომ რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს სააკაშვილი იმის გამო, რომ ამ უკანონო აქტების შედეგად მოქალაქეობაწართმეულ პირს არ მიეცეს მონაწილეობის საშუალება და ა.შ. მე მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, სხვა დროს ამის თქმას ვერიდები, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გარეშე ჩატარებული არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად.
"ეს იციან ამ ვაჟბატონებმა და ამიტომაც ცდილობენ, რომ ამ ტყუილებით, ერთი საავადმყოფოს დაუმთავრებელი შენობიდან მეორე საავადმყოფოს დაუმთავრებელ შენობაში აპარატურის გადატანა-გადმოტანით შექმნან აღმშენებლობისა და წარმატებულობის იმიჯი და შეეცადონ, ამ გარდაუვალი დამარცხების მოლოდინი დააბალანსონ მოჩვენებითი აღმშენებლობით.
"საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე ჩაერთო პროცესში და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით უკვე მივაღწიეთ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, ასევე წარმატებებს მივაღწევთ მომავალშიც," - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
750
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85