ნინო მჭედლიშვილი, ჟურნალი "რეიტინგი"
წინასაახალწლოდ ლალი მოროშკინასა და ჩანგლის თემა ყველგან აქტიურად განიხილებოდა. იყო ღიმილიანი სახეები, გაოგნებულიც... ფრაზები "ვენაცვალე მარჯვენაში", "უფრო მაგრად უნდა მოერტყა"... ვიხალისეთ არტილერიასა და არტერიაზეც... ლალისთვის კი სულაც არ იყო სახალისო ის 15 დღე, რომელიც საკანში მარტომ გაატარა. დღეს ის ამ მძიმე დღეებზე გვიამბობს და მომავალ გეგმებზეც გვესაუბრება, რომელიც, როგორც თავად თქვა, პოლიტიკას უნდა დაუკავშიროს. ჩვენმა ფოტოსესიამ გრანდიოზული ჩანგლის მაგვარი იარაღის ფონზე ჩაიარა, რომელიც ლალის მეგობრებმა ცნობილი ინციდენტის შემდეგ უსახსოვრეს.
- ლალი, საგრძნობლად დაგიკლია წონაში, ეს იმ შიმშილობის შედეგია, გისოსებს მიღმა რომ მოგიწია?
- ნამდვილად, ეს არის 15-დღიანი შიმშილობის შედეგი, ოღონდ აქედან რვა დღე ვიყავი მხოლოდ წყალზე და დარჩენილი დღეები თითო კოვზ წიწიბურას გეახლებოდით. მე, როგორც ექიმების ოჯახის წარმომადგენელმა, კარგად ვიცი, რომ შიმშილობის შემდეგ უცბად ნორმალურ კვებაზე გადასვლა საშიშია ჯანმრთელობისთვის. თანაც, ჩაკეტილ სივრცეში. მიუხედავად იმისა, რომ გასეირნება მეკუთვნოდა და მასეირნებდნენ კიდეც კანონის ფარგლებში, კვება მაინც არ არის ასეთ შემთხვევაში რეკომენდებული.
- რატომ გადაწყვიტე შიმშილობა, რას აპროტესტებდი?
- დღეს საქართველოში, სადაც ერთმანეთს ხოცავენ, ქუჩაში ხალხს კლავენ, აღმოჩნდა, რომ მე დავაშავე ისეთი რამ, რომ მოდულის შენობაში, პატიმრობაში უნდა მოვხვედრილიყავი და თან მარტო. ისიც აღმოჩნდა, რომ ზოგადად ადმინისტრაციულ დანაშაულს ქალი არ სჩადის საქართველოში. ერთადერთი თავქარიანი ქალი მე ვყოფილვარ. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დამამცირებელია პროცედურები, რომელსაც გადიხარ პოლიციაში და მერე უკვე მოდულის შენობაში.
- რას გულისხმობ?
- მაგალითად, სამედიცინო შემოწმებას. მაგრამ ყველაზე დიდი სტრესი არის ის, როცა შენს ზურგს უკან რკინის კარი იკეტება და აღმოჩნდები აბსოლუტურად უფანჯრო ოთახში სრულიად მარტო. ეს იყო სარდაფის ტიპის ოთახი, სადაც არ შემოდიოდა მზის სხივი. ვერ ვხვდებოდი, ღამდებოდა თუ თენდებოდა. არ მქონდა საათი. გარშემო იყო მხოლოდ თეთრი კედლები და რკინის კარი. ასეთ დროს ორი ვარიანტი გაქვს - ან ნაწილებად უნდა დაიშალო მორალურად და ამას უკვე ფიზიკურად დაშლაც მოჰყვება, ან თავი ხელში აიყვანო და გამაგრდე.
- შენ რომელი აირჩიე?
- მეორე. მე ფიზიკურადაც ვყოფილვარ დაშლილი ავარიის შედეგად, მაგრამ "ავაწყვე" საკუთარი თავი, გავაგრძელე ცხოვრება და ერთი წუთითაც არ მქონია დეპრესია. ანალოგიურად მოვიქეცი იქაც, ოთხ კედელს შუა. დეპრესია კი არა, პირიქით, პირველივე დღეს ვარჯიში დავიწყე. როგორც გითხარით, მარტო ვიყავი საკანში, სადაც იყო ორსართულიანი ნარები. ზედა ნარიდან ვხტებოდი და ასე ვვარჯიშობდი. ერთ დღესაც რომ შემოიხედეს და ვერ დამინახეს, გული გაუსკდათ, შემოვიდნენ და ნახეს, რომ ზევით ვიყავი ასული. ჩემი ცხოვრების სტილია, ვივარჯიშო, ვიყო ჯანსაღად, მხნედ, ამიტომ არც იქ ვაპირებდი ამაზე უარის თქმას. ასე რომ, შევეგუე მოცემულ პირობებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნებისმიერ პირობებს შევეგუები. "კოდისა" და "ბოიარდის" მერე ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერ პირობებს გავუძლებ. იმაზე რთული ნამდვილად არ იყო, სისველეში მაინც არ მეძინა. პირველივე დღეს ვითხოვე გამოერთოთ გათბობა. სითბოს მიჩვეული არ ვარ, გაკაჟების თეორიას ვემხრობი და სახლშიც საკმაოდ დაბალი ტემპერატურა მაქვს. ეკატერინე მეორე ყინულებს ილაგებდა სახეზე, რომ არ დაბერებულიყო და არ დანაოჭებულიყო. მე ხომ ბუნებრივი სილამაზე მირჩევნია ბოტოქსებიან სახეს.
- სიცივეში იყავი და ეს დისკომფორტს არ გიქმნიდა?
- დისკომფორტს არაფერი არ მიქმნის ამ ცხოვრებაში, ნებისმიერ პირობებს ვუძლებ. ერთადერთი დისკომფორტი იყო ის, რომ არ მქონდა ტელეფონი, რომ ბავშვი მომეკითხა. ადვოკატის საშუალებით დედაჩემის გოდება და ვაება გადმომცეს იმის შესახებ, რომ ბავშვს სიცხე მისცა ნერვიულობისგან. სიმწრისგან კედლებზე ვიარე. ვითხოვე, ერთი ზარის უფლება მომეცით-მეთქი, მაგრამ ეს კანონით მეკრძალებოდა. მერე წერილი გავუგზავნე, სადაც ვწერდი, რომ კარგად ვიყავი, არ ვიყავი დენზე შეერთებული, არ მირტყამდნენ და არც ენას მაგლეჯდნენ.
- ალბათ უმცროს შვილზე ამბობ...
- ჰო, მას ასე ეგონა, იმიტომ რომ... ერთ რამეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ხშირად იმ ადამიანების ნალაპარაკევი, რომლებმაც გამოიარეს "კაპეზე" და გმირისა და წამებულის მანტიის მორგება მოუნდათ, ასეთია, - თქვენ არ იცით, ჩვენ რა პირობებში ვიყავით. დიახ, მძიმე პირობებია, საკანია, არ გიმასპინძლდებიან გემრიელი სადილით, მაგრამ სისულელეა, ამის გამო თავი წამებულად გამოვაცხადო და ვთქვა, არიქა, მთელი ქვეყანა ფეხქვეშ გამეგეთ-მეთქი. არ ვეწევი სიგარეტს, ამიტომ არ მქონდა ამ მხრივ პრობლემა. შიმშილობაც იმის გამო გადავწყვიტე, რომ როცა ასეთ დაწესებულებაში ხვდები, სულის განწმენდაზეც ფიქრობ.
- იქ ბევრი დრო გქონდა ფიქრისთვის, ახალი წიგნის იდეა თუ დაიბადა ციხეში. ფურცელი და კალამი თუ მოითხოვე?
- ფურცელი და კალამი მოვითხოვე. ფურცელი მომცეს, კალამი - არა, იმიტომ რომ ამის უფლება არ ჰქონდათ. მომცეს ფანქარი, სათლელის გარეშე და ბოლოს ისე შევაწუხე ბადრაგი, რომ მეც კი შემრცხვა. ყოველ ნახევარ საათში ბლაგვდებოდა ფანქარი და ვათლევინებდი. თან რომელი პუშკინი და ლერმონტოვი მე ვარ, ფანქრით მეწერა. მოვითხოვე ინტელექტუალური ჟურნალები. ერთ-ერთში განმარტებული იყო, როგორ უნდა განსაზღვრო, რომელი დეტალებით, ხელოვნების ესა თუ ის ნიმუში. ესენი ამოვიწერე და ქართულად ვთარგმნე, რომ ჩემს სტუდენტებს ვასწავლო. სტუმრად რომ იქნებიან და რომელიმე მხატვრის ტილოს ნახავენ, როგორ უნდა განსაზღვრონ მის მიხედვით იმ ადამიანის შინაგანი სამყარო. წიგნის იდეას რაც შეეხება, ეს მანამდე დაიბადა. სწორედ იმ დილით, სანამ დამაკავებდნენ, შალვა რამიშვილს რადიო "პალიტრისთვის" ინტერვიუ მივეცი, სადაც ვთქვი, წიგნი მინდა დავწერო სასჯელაღსრულების სისტემაზე და როგორ მოვხვდე იქ, რომ ვნახო შიგნით რა ხდება-მეთქი.
- ოცნება აგიხდა...
- (იღიმის) ინტერვიუდან ზუსტად 24 საათში შალვას რომ დავურეკე და ვუთხარი, "კაპეზეში" მივყავარ პოლიციას-მეთქი, ეგონა, ვაშაყირებდი.
- იქ გატარებული 15 დღე გამოგადგება წიგნისთვის?
- აუცილებლად. ეს ის განცდაა, რომელსაც ვერ აღწერ, როგორი ფანტაზიის უნარიც უნდა გქონდეს, თუ არ ნახე. როგორ დამავიწყდება იმ პოლიციელის აკანკალებული ხელები, რომელიც ბორკილებს მადებდა. იქით ვაწყნარებდი ყველას. სასამართლოში ბადრაგს ცრემლები რომ მოსდიოდა, ვეუბნებოდი, ახლა თქვენი ცრემლები არ დამანახვოთ-მეთქი. ქალმა ბადრაგმა, რომელიც გვერდით მედგა, მითხრა, ჩემს უბანს ისე უყვარხარ, ვერ გამოვჩნდები, ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდები, სახლში რომ მივალო. ერთმა მითხრა, თქვენს მეზობლად ვცხოვრობ მცხეთის ქუჩაზე, ჩემი ბიჭი თქვენი ფანია და როგორ უნდა ვიცხოვროო. ყველას დავპირდი, რომ გამოვალ გინახულებთ-მეთქი და შევასრულე კიდეც პირობა. ძალიან კარგად მესმოდა, რომ ისინი დავალებას ასრულებდნენ, ეს მათი სამუშაოა, ერთი წუთითაც არ გამივლია გულში წყენა არც ერთი მათგანის მიმართ.
- ის პოლიციელიც ნახე, ბორკილების დადებისას ხელები რომ უკანკალებდა?
- კი, მივედი განყოფილებაში და ყველას ჩავეხუტე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც შეაჩერეს ქალთა ზონდერჯგუფის მუშაობა. როცა ისინი საოცრებებს წერდნენ, მაგალითად იმას, რომ თურმე დანის პირი მომისინჯავს ინციდენტამდე, უთხრეს, რომ თუ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება, ლალი შემოგიტრიალებთ სარჩელს და ხუთწლიანზე წახვალთო. ამისთვის მადლობელი ვარ ამ ადამიანების. არ დამავიწყდება მოსამართლის სიტყვები, რომელიც მეკითხებოდა, ხომ შეიძლებოდა ამ კონფლიქტის სხვანაირად მოგვარებაო. მე ვპასუხობდი - არა. სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავი, სასამართლოში მეჩივლა?! თუ მეთქვა, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს, ახლა ამ ლაფს მოვიწმენდ და ცხოვრებას გავაგრძელებ-მეთქი?!
- შენ თაკოს იქვე უპასუხე, გადაცემაში, იმ სცენიდან...
- დიახ, ვუპასუხე, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ეთერში არ გავიდოდა. ამიტომ შემდეგ, უკვე ადვოკატის მეშვეობით, "იმედის" დირექციას თხოვნით მივმართე, არ ამოეჭრათ ის სცენა. მადლობელი ვარ მათი, რომ პრაქტიკულად სრული ვერსია გაუშვეს ეთერში. იქ უფრო მეტი ითქვა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო ჩემთვის. მე რომ გარანტია მქონოდა, ჩემს ნათქვამს ეთერში გაუშვებდნენ და მაყურებელი ნახავდა, რადიკალურ ზომებზე არ წადავიდოდი.
- ბადრაგზე ვსაუბრობდით, გულწრფელად გვითხარი, არავინ გეპრანჭებოდა?
- ერთ საოცარ ამბავს გეტყვი. როცა გამოსაცვლელი ტანსაცმელი მომიტანეს, მივხვდი, რომ ჩემი ოჯახის წევრები გონზე იყვნენ გადასულები. "კაპეზეს" უფროსს უნდა ენახა, რა მომიტანეს. გამომიგზავნეს ჯინსი, რომელიც წინ მთლიანად დაჭრილია და მხოლოდ პლაჟზე უნდა ჩაიცვა. რომ ამოვიღე, უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ვთქვი, როგორ ნერვიულობდნენ ალბათ, ეს რა ჩაუდიათ-მეთქი. დიდ სიყვარულს ვგრძნობდი თითოეული თანამშრომლისგან. გამოხედვაც კი არ ყოფილა მკაცრი. კანონის ფარგლებში ყველაფერს აკეთებდნენ. ერთი საათით, 10-დან 11-მდე, მოდულის წინ მასეირნებდნენ. სწორედ ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარისკაცებსაც ეკუთვნოდათ "მარშირება" და ერთად "ვმარშირებდით" მე და ჯარისკაცები (იღიმის). ერთადერთი, რაზეც ვბუზღუნებდი, დამლაპარაკებელი არ მყავდა და სეირნობის დროს ვებუზღუნებოდი ბადრაგს, დამელაპარაკეთ მაინც-მეთქი. შეტანილი მქონდა ჩემი წიგნები და იქაურებს წავაკითხე. ასე ტკბილად გავატარეთ ის 15 დღე.
- შიმშილობამ არ დაგასუსტა?
- ცოდვა გამხელილი სჯობს და თავიდან ვიფიქრე, რა გაძლებს აქ 15 დღე-მეთქი. იმედი მქონდა, შიმშილობის მეხუთე დღეს მაინც გული წამივიდოდა, დავსუსტდებოდი და ციხის საავადმყოფოში გადამიყვანდნენ. ცოტა თვალს წყალს დავალევინებ, განსხვავებულ პერსონალს მაინც ვნახავ-მეთქი, ვფიქრობდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კაჟივით ორგანიზმი მაქვს. გული წამივიდა კი არა, ისეთ ჯანზე მოვედი, შემეძლო, რკინა მეკვნიტა. მივხვდი, რომ ჩემზე არაფერი არ ჭრის, რუსი ვარ რა! რაც უნდა იყოს, ციმბირული გენი მაინც თავისას შვრება.
- იმ პერიოდში, როცა შენ ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენ და თაკო შერიგდით...
- ეს ინფორმაცია არასწორად იყო ინტერპრეტირებული. ჩვენ შორის ამოიწურა ინციდენტი, მაგრამ ეს შერიგებას არ ნიშნავს. არც ხვალ წავალთ მე და თაკო თეატრში და არც ზეგ კინოში. საქმე გარჩეულია. თაკომ დაზარებულად იგრძნო თავი. მე სასჯელი მოვიხადე, როგორც მოძალადემ. ამით წერტილი დაესვა იმ ეტაპს ჩემს ცხოვრებაში.
- არც ერთი წუთით არ გინანია საკუთარი საქციელი?
- არა, ასე რომ ყოფილიყო, სასამართლოშივე ვიტყოდი, რომ ვნანობ, ჯარიმას გადავიხდიდი და იმ დღესვე გამოვიდოდი. მაგრამ მეტიც შემიძლია ჩავჯდე. თუ ვინმე შეურაცხყოფას მომაყენებს ოდესმე, კვლავ მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო.
- ისე, დღეს შენთან რომ მოვდიოდით, ვიკითხეთ, სად ცხოვრობს ლალი მოროშკინა და ერთმა შუახნის მამაკაცმა გაგვაფრთხილა, მაგასთან ფრთხილად იყავითო...
- (იცინის) დიახ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩემთან ფრთხილად უნდა იყვნენ.
- ლალი, პოლიტიკურად აქტიური ყოველთვის იყავი, მაგრამ ახლა გავიგეთ, რომ ამ პროცესებში ჩართვას აპირებ...
- დღეს საქართველოში აბსოლუტურად უმართავი პოლიტიკური სიტუაციაა. დღეს სახელგატეხილი და ელექტორატის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია ეძებს თბილ ბუდეს და იქ იშენებს საკუთარ პატარა ბუდეს. "ნაციონალური მოძრაობა" ჩინურ კიტრებზეა ორიენტირებული. ამის უფლება მათ ჩვენ მივეცით. როცა ადამიანი გეუბნება, რომ იქნება შენი მფარველი, არ ნიშნავს იმას, რომ გაიქცე და ძვირად ღირებული ჯიპი იყიდო. გუშინ "კავკასიის" ეთერში ვიჯექი და სახტად დავრჩი, როცა დათო აქუბარდიამ მითხრა, ერთ ღამეში თექვსმეტი ათასი მესიჯი მისულა ჩემ მხარდასაჭერად. ბევრი შემოთავაზება მაქვს, რომ გავაკეთო საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაცია და გვერდით დავიყენო არა ისინი, ვინც სახელი გაიტეხა, ერთი პარტიიდან მეორეში იხტუნავა, ბიუჯეტი შეჭამა, რუსეთს შეეკრა, არამედ ნამდვილი მამულიშვილები. სერიოზულად ვფიქრობ, სად წავიღო ამხელა რეიტინგი.
ჩემი საკანში ყოფნის დროს იყო ძალიან დიდი საფრთხე, დაწყებულიყო სტუდენტური მოძრაობა. რაიონებიდან იყო თურმე ხალხი მობილიზებული. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. ერთი ქალის გალახვა არ არის იმის საბაბი, რომ მანიფესტაცია მოაწყო. ქვეყანაში უამრავი სხვა საბაბია ამისთვის... საოცარი რამ მოხდა ციხეში. ამას ექსკლუზიურად ვამბობ თქვენთან. ჩემმა ერთმა ახლობელმა, რომელიც იმ პერიოდში მამაკაცთა ციხეში იყო, მითხრა, რომ ერთდღიანი ბუნტი ჰქონიათ ციხეში პატიმრებს, რკინის ჭურჭელს ერთმანეთზე ურტყამდნენ თურმე და ჩვენი დედოფალიო, ყვიროდნენ. ახლა კი მეცინება ამაზე, მაგრამ სასიამოვნო მოსასმენი იყო ეს ამბავი ჩემთვის. რომ გამოვედი, ერთმა ადამიანმა დამირეკა ციხიდან, რომლის სახელიც ვიცი, გვარიც და ისიც, სად იხდის სასჯელს, უბრალოდ ვერ ვიტყვი. მან ასეთი რამ მითხრა, იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის სასჯელს შემიფარდებდნენ, პატიმრები მიმართავდნენ პრეზიდენტს წერილით და თითო-თითო წელს დაიმატებდნენ. ბევრი ვიტირე, ეს რომ გავიგე.
- მე ვნახე ფორუმზე გვერდი სახელწოდებით, - "გამოუშვით მოროშკინა, ან შეგვიშვით ჩვენ".
- (იღიმის) ეს მხარდაჭერაა, ჩემო კარგო. ვიღაცამ, როგორც იქნა, ხმა ამოიღო უტიფრობის წინააღმდეგ და ამას მხარს უჭერს საზოგადოება.
- ფინანსები დაგჭირდება, პოლიტიკაში მოსვლას თუ აპირებ...
- თუ შენ ლიდერობით დაუმტკიცებ ადამიანებს, რომ სკამისთვის არ მოდიხარ, მაშინ ფული არ გჭირდება. ეროვნულმა მოძრაობამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გაილაშქრა და ფული არც ერთ ლიდერს არ ედო ჯიბეში. თუ ცვლილება საქართველოში მართლა მომხდარა, არა ხავერდოვნად და არა ამერიკიდან დადგმული სცენარით, ამას ფული არ დასჭირვებია. თუ პოლიტიკაში მოსვლის საშუალება არ მომეცა, ვიტოვებ უფლებას, წავიდე საქართველოდან. იმას, რასაც დღეს ვაკეთებ, ვზრდი ახალ თაობას, ათი წლის მერეც გავაკეთებ. ახლა აქტიური ათი წელი მიდგას და მინდა გავაკეთო რაღაც ჩემი ქვეყნისთვის, ეს შემიძლია. ადრე ამაზე არ ვლაპარაკობდი და ახლა მოვიდა დრო, ვთქვა. შარშან საქართველოში ჩამოსული იყო გალიდან ქალბატონი, რომელიც შეხვდა მაშინდელ კონფლიქტების დარეგულირების მინისტრ თემურ იაკობაშვილს და ჩამოიტანა რუსლან ქიშმარიას დანაბარები, რომ დროა, ქართველებმა და აფხაზებმა დავიწყოთ მოლაპარაკება მესამე მხარის გარეშე და ჩვენ დაველაპარაკებით მხოლოდ ლალი მოროშკინას, იმიტომ, რომ ის იყო ერთადერთი, რომელიც მინისტრის მოადგილეობის პერიოდში გადმოდიოდა დაცვის გარეშე, არ მოდიოდა თხილისა და სიგარეტის ბიზნესის საწარმოებლადო. იაკობაშვილმა, რა თქმა უნდა, გადაყლაპა ეს თემა. მე მაქვს პოტენციალი, ველაპარაკო ოსებსაც და აფხაზებსაც.
- საქართველოდან წასვლაზე როცა ლაპარაკობ, რას გულისხმობ?
- მე შემიძლია, ნებისმიერ იმ ქვეყანაში წავიდე, რომელ ენაზეც გამოიცემა ჩემი წიგნი. გერმანიაშიც, რუსეთშიც.
- წიგნის გამოცემა ერთია, მისი გაყიდვა მეორე...
- როცა ასეთი წარსულით ჩადიხარ საქართველოდან, თან არავის დაავიწყდეს, რომ ჩემი ისტორიული სამშობლო რუსეთია, რთული არ უნდა იყოს იქ ჩემი წიგნის გაყიდვა. ასეთივე წარმატებით შემიძლია, ევროპაშიც ვიცხოვრო.
815
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85