ეკა ქევანიშვილი, "თავისუფლება"
”ქართუ ბანკის” პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი შიშობს, რომ „ეროვნული ბანკი“ ”ქართუს” შემოწმების პროცესს არჩევნებამდე არ დაასრულებს და ამის მიზეზი პოლიტიკურად მოტივირებული ე.წ. კონტროლია. რეალურად, აცხადებს ჯავახიშვილი, ბანკში არაფერი მოწმდება, „ეროვნული ბანკის“ წარმომადგენლები მხოლოდ მიმდინარე ოპერაციებს წინასწარი შემოწმების რეჟიმში აკვირდებიან, რის გამოც კომერციული ბანკის თანამშრომლებს ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ უწევთ მუშაობა. რამდენ ხანს დარჩება „ეროვნული ბანკი“ ”ქართუში”, უცნობია, თუმცა ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ ”ქართუ” „ეროვნული ბანკისგან“ დამატებით განმარტებებს, თუ რის საფუძველზე და კონკრეტულად რის შესამოწმებლადაა შესული ”ქართუში”, სასამართლოს გზით მოითხოვს.
ნოდარ ჯავახიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებაში არსებობს ”ქართუ ბანკის“ მიერ უკანონო ოპერაციების განხორციელების გარკვეული შიში, რის გამოც, მისი შეფასებით, ხორციელდება კიდეც წინასწარი შემოწმების რეჟიმში ბანკის ე.წ. კონტროლი. თუმცა ”ქართუ ბანკის ” პრეზიდენტი ირწმუნება, რომ უკვე ორ თვეზე მეტია რეალურად „ეროვნული ბანკი“ იქ არაფერს ამოწმებს:
”არანაირ შემოწმებას „ეროვლი ბანკი“ ”ქართუ ბანკში“ არ ატარებს. ისინი წინასწარ, ოპერატიულად აკონტროლებენ ყოველდღიურ ოპერაციებს. არც საერთაშორისო პრაქტიკაში და არც ქართულ კანონმდებლობაში მსგავსი არაფერია გათვალისწინებული. სხედან ჩვენ მიერ გამოყოფილ ოთახში და ვალდებულები ვართ ყველა გასატარებელი ოპერაცია მათ შევუთანხმოთ. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული ე.წ. კონტროლი და ეს პოლიტიკური მოტივაცია კი სულ იქნება - სულ ცოტა, არჩევნებამდე მაინც.”
მართალია, ”ქართუ ბანკს” საბანკო ოპერაციების განხორციელებისას ტექნიკური პრობლემები არ ექმნება,მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიური ზეწოლის მომენტი, როდესაც ბანკის თანამშრომლებს ყველა საბანკო მოქმედების შეთანხმება უწევთ „ეროვნული ბანკის“ წარმომადგენლებთან და არავინ იცის ეს რამდენ ხანს გაგრძელდება.
”ყველა ბანკი მთელ მსოფლიოში თავად იღებს გადაწყვეტილებას რა ოპერაცია რა ვადაში უნდა შეასრულოს და ნებისმიერი ქვეყნის ცენტრალური ბანკი პერიოდულად ამოწმებს რამდენად იცავს ესა თუ ის ბანკი ინსტრუქციებს და იცავს კანომდებლობას. ასეთი რამ არსად არ არსებობს - წინასწარ აკონტროლო ბანკი რას აკეთებს. გამოდის, რომ სამასი კაცი შეუძლიათ გამოაგზავნონ და თითოეულ მუშაკთან დასხდნენ და ხელში კალმის აღებაც მათთან უნდა შეათანხმო.”
დეკემბრის ბოლოს „ეროვნულმა ბანკმა“ ”ქართუს” ოფიციალური წერილით ბანკის საოპერაციო დღის ჩართვა მოსთხოვა, რაზეც ”ქართუს” უარი მიიღო მოტივით, რომ ეს მოთხოვნა უკანონო იყო, რადგან ისინი ხელს არ უშლიდნენ შემმოწმებლებს და ონლაინრეჟიმშიც აძლევდნენ ყველა ოპერაციაზე დაკვირვების შესაძლებლობას. საოპერაციო დღის ჩართვა, ჯავახიშვილის განცხადებით, არც ერთ კანონში არ წერია. საპასუხო წერილში ”ქართუმ” „ეროვნული ბანკის“ საბჭოს შემოწმების მიმდინარეობის საკითხით დაინტერესება და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებაც მოსთხოვა. პასუხი ”ქართუს” ჯერჯერობით არ მიუღია, თუმცა სწორედ მის შინაარსზე იქნება დამოკიდებული, მოითხოვს თუ არა „ქართუ ბანკი“ „ეროვნული ბანკისგან“ დამატებით განმარტებებს სასამართლოს გზით, რის საფუძველზე და კონკრეტულად რის შესამოწმებლადაა შესული ის „ქართუ ბანკში“.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ოქტომბერში ნოდარ ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ „ეროვნული ბანკის“ მიერ ”ქართუ ბანკის’ შემოწმება ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდებოდა. მაშინ „ეროვნულმა ბანკმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მითითებული იყო ის მიზეზები, რომელთა საფუძველზეც „ეროვნული ბანკი“ ”ქართუ ბანკში” შესამოწმებლად შევიდა:
" ‘საქართველოს ეროვნული ბანკის’ ერთ-ერთ ამოცანას ქვეყანაში ჯანსაღი ფინანსური გარემოს უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ ამოცანის შესასრულებლად „ეროვნული ბანკი“ კომერციული ბანკების ეფექტურ ზედამხედველობას ახორციელებს. კანონმდებლობის თანახმად, საბანკო ზედამხედველობა კომერციული ბანკების დისტანციური და ადგილზე შემოწმების მეთოდით მიმდინარეობს. შემოწმებების ინტენსივობა როგორც ბანკის რისკის პროფილის, ასევე წარმოქმნილი განსაკუთრებული ვითარებების გათვალისწინებით განისაზღვრება. ბოლო პერიოდში სს "ბანკ ქართუსთან" მიმართებაში რამდენიმე ასეთ მნიშვნელოვან ფაქტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობები სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალურმა დირექტორმა და დირექტორის მოადგილეებმა დატოვეს.
დეტალურ შესწავლას 18 ოქტომბერს "ბანკ ქართუში" მომხდარი ფაქტიც საჭიროებს, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) სისხლის სამართლის საქმეა აღძრული (საუბარია „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანის დაკავებაზე).
შესაბამისად, „ეროვნულმა ბანკმა“, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორმა და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტმა, მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე დეტალური შესწავლის გზით შეაფასოს სს "ბანკ ქართუში" შექმნილი ვითარება, პასუხი მიიღოს ყველა წარმოქმნილ შეკითხვაზე და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვროს ბანკის სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგია.“
ამას ყველაფერს კიდევ ერთი ფაქტორი ემატება - მეანაბრეებში გაჩენილი შიში, - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი:
”არის შიში, რადგან ბანკი უზარმაზარი წნეხის და რეალური დარტყმების ქვეშაა. როდესაც ბანკს 125 მილიონიანი დაგირავებული ქონების გარეშე დატოვებ, 75 მილიონის საკრედიტო პორტფელს უზრუნველყოფის გარეშე დაუტოვებ და ბანკს აქვს უზარმაზარი ზარალი, ცხადია, ეს ქმნის პრობლემებს და თან მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ არსებობს სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლებასა და ბანკს შორის. ცხადია, ეს ყველაფერი აჩენს შიშს.”
„ეროვნულ ბანკს“ ბანკების შემოწმების უფლება, ცხადია, აქვს, ამბობს დავით ნარმანია. რაც შეეხება ხანგრძლოვობას: ”ალბათ, სულ ორი-სამი ბანკის დასახელება შეიძლება ბოლო დროის პრაქტიკიდან, სადაც ხანგრძლივვადიან შემოწმებასთან გვქონდა საქმე. ისიც იმ შემთხვევაში, თუ იქ მნიშვნელოვანი დარღვევები იყო აღმოჩენილი. „ეროვნული ბანკი“ კომერციულ ბანკებს საკმაოდ მკაცრ ზედამხედველობას უწევს და იშვიათია ისეთი შემთხვევა, როდესაც ბანკში მნიშვნელოვანი დარღვევები ხდებოდეს და „ეროვნულმა ბანკმა“ ეს ბოლოს გამოავლინოს.”
”ეროვნულ ბანკში” დღეს მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ისინი, როგორც წესი, არ იტყობინებიან, როდის დაასრულებენ შემოწმებას და დატოვებენ კომერციულ ბანკს, - გვეუბნება „ეროვნული ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი კახა ბარაბაძე.
ამ პასუხიდან გამომდინარე, უცნობია, გასტანს თუ არა „ქართუ ბანკის“ შემოწმების პროცესი მართლაც არჩევნებამდე.
827
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85