"ქრონიკის" მასალების მიხედვით
"14 იანვრის საღამოს, თეატრის დღეს თეატრალებთან შეხვედრაზე მისულმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ამ სახელდახელო ინტერვიუს სრული ჩანაწერი ფეისბუკზე "ქართული ოცნების" გვერდზე გამოქვეყნდა. თეატრზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჟურნალისტმა ბიძინა ივანიშვილს მისი მეუღლის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა", - წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილი: " შესაბამისად, ეს იქნება ეკა ივანიშვილი... ხვედელიძე-ივანიშვილი. ჩემი გვარია საჭირო. მე მიმაჩნია, რამდენადაც მოსახლეობას სწორება აქვს ჩემს გვარზე დღეს და ამით იქნება ეს საინტერესო..."
"მოდით, ეკას ვკითხოთ, თვითონ რას ფიქრობს? გეტყვით, მოგახსენებთ, ჩემი ოჯახია, ჯერ ერთი ძალიან დემოკრატიული - ასეთი მინდა მე ქვეყანაც ავაშენო. ოჯახში ჩვენ ყველაფერს ვწყვეტთ შეთანხმებით და ვწყვეტთ ერთად. როდესაც მე განცხადება გავაკეთე პოლიტიკაში შემოსვლის, რა თქმა უნდა, მთელი ჩემი ოჯახიც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა. შესაბამისად, ჩემი მეუღლე იყო პირველი ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი და მრჩეველიც და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მივიღეთ შეგნებულად და ერთხმად. რა თქმა უნდა, დასაწყისში არც ეკა აცნობიერებდა და არც მე, რომ ასე განვითარდებოდა მოვლენები, თუმცა მე ველოდი ექსცესებს და ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე. როგორც განვითარდა მოვლენები მოქალაქეობასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ. შემდეგ ეტაპზე რომ ეკას აღუდგინეს, მე ჯერ არ აღმიდგინეს, კიდევ ფიქრობენ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის განმარტებით, "შესაბამისად, პროცესები რომ არ გაჩერდეს, ეს ნაბიჯი იყო საჭირო, იყო დროული და გაკეთდა მსგავსი გაცხადება", - აღნიშნავს გამოცემა.
"მიმაჩნია, რომ ისევე როგორც ეკას შემთხვევაში გახდნენ იძულებული, სამართლებრივ მინდორზე შემოსულიყვნენ, დაბრუნებულიყვნენ და აღედგინათ მოქალაქეობა, ასევე იძულებული იქნებიან - მრავლობითში რომ ვსაუბრობ, ალბათ არასწორია - ერთი კაცი გადაწყვეტს და იძულებული გახდება დამიბრუნოს დროულად მოქალაქეობა და თუ მაინც... ამის ალბათობა ძალიან ცოტა რჩება, ერთი პროცენტი ან ორი... ვფიქრობ, ეს განცხადება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, არის დროებითი. ამიტომ ამაზე არ ვგეგმავთ და არ ვაწყობთ, რომ გინდა თუ არა, ეს ასე დარჩება. დარწმუნებული ვარ, ვაიძულებთ ერთ კაცს, მან კანონიერება აღადგინოს ჩემს შემთხვევაშიც და ყველაფერი განვითარდება ისე, როგორც საჭიროა. და თუ არა, ასეთი შემთხვევისთვის ღრმა დაგეგმვა, ალბათ საჭირო არაა... ეს არის დროებითი და თუ აუცილებელი იქნება, ამის შემდგომ მოგახსენებთ დანარჩენ გეგმებს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის თქმით, მისი მეუღლის ნაცვლად მის გარემოცვიდან რომელიმე პოლიტიკოსის ალტერნატივა არ განხილულა", - დასძენს გამოცემა.
"ასეთი ალტერნატივა არ ყოფილა, - ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც განიხილებოდა, ეს იყო ის, რომ ჩემ შვილს, რომელიც აქტიურობდა ძალიან, ეს არის 19 წლის უტა, შეიძლებოდა ეს ადგილი დაეჭირა. უფრო კარგი ვარიანტია ეკა, რამდენადაც უტა არის 19 წლის და საქართველოს კონსტიტუციით მას შეზღუდული აქვს განსაზღვრული უფლებები, რომ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. შესაბამისად, ეს იქნება ეკა ივანიშვილი, ხვედელიძე-ივანიშვილი. ჩემი გვარია საჭირო, მე მიმაჩნია, რამდენადაც მოსახლეობას სწორება აქვს ჩემს გვარზე დღეს და ამით იქნება ეს საინტერესო. სხვა გვარი არასდროს განხილულა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და მოუწოდა ჟურნალისტებს - "ალაპარაკეთ ქალბატონი ეკა, არ გაინტერესებთ?" - წერს სტატიის ავტორი.
"რა გაინტერესებთ? პოლიტიკაში მოვედი ჩემს მეუღლესთან ერთად. ეს იყო ოჯახური გადაწყვეტილება და ჩვენ ყველანი მზად ვიყავით, რაღაც მომენტში განსაზღვრული პასუხისმგებლობა აგვეღო საკუთარ თავზე. დღეს დადგა ისეთი მომენტი, რომ ჩემს მეუღლეს უზღუდავენ პოლიტიკურ მოქმედებას, აქტიურობას. შესაბამისად, მე გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაფერს, რაც კარგი იქნება ჩემი ოჯახისა და ჩემი სამშობლოსთვის. და მე მგონი ყველაფერი გამოგვივა, იმიტომ, რომ საქართველოს ისტორიის ფურცლებიდან ქალბატონების მოღვაწეობას თუ გადავხედავთ, მე მგონი ქალბატონები ყოველთვის გამოირჩეოდნენ და დღესაც გამოირჩევიან პრინციპულობით, მიზანდასახულობითა და საქმისადმი თავდადებით. მე მგონი "ქართული ოცნება" ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს", - თქვა ეკატერინე ხვედელიძემ და ჟურნალისტის კითხვაზე - "ქალბატონო ეკა, თქვენ ხომ არაფერი არ იცით"? - განაცხადა: "არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ ყველანი ვსწავლობთ და გვერდით ისეთი მეუღლე მყავს, რომ იმედია ისეთ კანონს მაინც ვერ მიიღებს დღევანდელი ხელისუფალი, რომელიც ჩემს მეუღლეს აუკრძალავს რჩევა მომცეს ან განსაზღვრულ მომენტში გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმაროს. ასე რომ არაფრის მეშინია და ყველაფრისთვის მზად ვარ", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"საბოლოოდ კი ბიძინა ივანიშვილმა მიმართვა გააკეთა: "ჩემს მხარდამჭერებს და არა მარტო მათ მივმართავ - ხშირად ისმის საყვედურები, რომ დაბალი აქტიურობაა ჩვენი გუნდიდან, პირადად ჩემზე მოდის ეს საყვედურები. მე მინდა დავაწყნარო ყველანი და ავუხსნა, რომ ყველაფერი კარგადაა, მე ყველაფერი გააზრებული მაქვს და დაგეგმილი მაქვს, ყველაფერი იქნება დროულად და იქნება კარგად. მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ყველაფერი კარგად, იყავით წყნარად, დინჯად და დაელოდეთ. და ნუ შეეცდებით პარალელები გაავლოთ იმ კაცთან, რომელიც ისტერიულად დარბის და... ოღონდაც უფრო აქტიურ ფორმაში შექმნას ის ფასადური შეხედულებები, რომ აღმშენებელია და საქართველოში ყველაფერს აკეთებს - საქართველოში დღეს კეთდება, უკეთეს შემთხვევაში იმის მეათედი, რაც უნდა კეთდებოდეს და ის მეათედიც, რაც კეთდება, ეს კაცი ამას მიიწერს, ისე გვაწვდის ამას, რომ თითქოს თვითონ იყოს ამის გამკეთებელი.... იმავდროულად, მუდმივად ილანძღება და იწყევლება ტელევიზიიდან. მეშინია, კიდევ არ გააოცოს მსოფლიო ერთი რამით, რომ გინება არ დაიწყოს მალე ტელეეკრანიდან და ღამეს რომ დღე მოჰყვება, თვითონ არ მიიწეროს, დღის დადგომაც სააკაშვილმა არ დაიბრალოს..." - დასძენს სტატიის ავტორი.
840
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85