ევროპელი პოლიტიკოსები საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's–ს ქმედების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
შეგახსენებთ: Standard & Poor's–მა საფრანგეთის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, ААА–დან АА+ მდე შეამცირა. ასევე შემცირდა ავსტრიის რეიტინგი, იტალიის რეიტინგმა А–დან ВВВ+ მდე დაიწია, ესპანეთისამ კი AA- დან А–მდე ნეგატიური პროგნოზით, რაც იმას ნიშნავს რომ უახლოეს მომავალში ამ ქვეყნების მაჩვენებლები კიდევ გადაიხედება.
ერთი საფეხურით გაუუარესდათ რეიტინგი მალტას, სლოვენიას და სლოვაკეთს, ორი პუნქტით კვიპროსს და პორტუგალიას. იგივე დარჩა გერმანიის, ნიდერლანდების, ფინეთის, ლუქსემბურგის, ბელგიის და ირლანდიის რეიტინგები, თუმცა ნეგატიური პროგნოზით.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ევროზონის ქვეყნები არასაკმარის ნაბიჯებს დგამენ რეგიონში კრიზისის მოსაგვარებლად. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გვიდო ვესტერველეს განცხადებით, ევროპამ დამოუკიდებელი სარეიტინგო სააგენტოები უნდა შექმნას და არ უნდა დაეყრდნოს ამერიკულ სააგენტოებს.
ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა ვერნერ ფაიმანმა კი Facebook–ზე საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ S&P–ის გადაწყვეტილება ცენტრალურ– ეევროპული სახელწიფოსთვის რეიტინგის შემცირების შესახებ აჩვენებს, რომ დროა, ავსტრია უფრო დამოუკიდებელი გახდეს ფინანსური ბაზრებისგან.კვიპროსის პრეზიდენტმა დიმიტრის ქრისტოფიასმა ქვეყნის რეიტინგის ორი საფეხურით შემცირებას „მიუღებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ რეიტინგი სწორედ იმ დროს შემცირდა, როდესაც კვიპროსის ეკონომიკამ კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო.
თავის მხრივ, S&P–ის პრეს–მდივანმა მარტინ უინმა უარყო მოსაზრება, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება შესაძლოა პოლიტიკური ნაბიჯი იყოს, და საკუთარი ორგანიზაციის მსოფლიო რეპუტაციას გაუსვა ხაზი.
სააგენტოს გადაწყვეტილება გამოხატავს მისი ექსპერტების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ევროზონის ქვეყნების ხელმძღვანელთა ინიციატივები არ არის საკმარისი კრიზისის ნეგატიური შედეგების კომპენსაციისთვის. რეიტინგების შემცირების ძირითადი ფაქტორები დაკრედიტების პირობების გაუარესება, ევროზონის სულ უფრო ბევრი ქვეყნისთვის რისკების გაზრდა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება და ევროკავშირის ლიდერებს შორის კრიზისის გადალახვის საერთო ხედვის არარსებობაა.
ევროკომისიამ Standard&Poor's–ის გადაწყვეტილებას ევროზონის 15 ქვეყნიდან 9–სთვის რეიტინგის შემცირების შესახებ მცდარი უწოდა. ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის ოლი რენის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტი შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული, და რეიტინგები შემცირებულ იქნა იმ დროს, როდესაც ევროზონა კრიზისის გადალახვის მიზნით ყველა მიმართულებით იღებს გადამწყვეტ ზომებს.
ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩევლის, ეკონომისტ ანდრეი ილარიონოვის შეფასებით, ის, რაც ევროპაში ხდება, უპრეცედენტო ეკონომიკური კრიზისია, თუმცა უფრო გამართლებული იქნებოდა, მისთვის ევროპული სოციალიზმის კრიზისი გვეწოდებინა.
„ესაა - არ მომერიდება ამ სიტყვის - ევროპული საკოლმეურნეო სისტემის კრიზისი, რომელიც ევროპამ შექმნა იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირში ეს საკოლმეურნეო სისტემა დაანგრიეს,“ - განუცხადა ილარიონოვმა commersant.ge-ს.
მისი თქმით, ევროზონის ფულადი პოლიტიკა სოციალისტური ხასიათის პოპულისტური პოლიტიკაა.
„გარკვეული დროის განმავლობაში ამ პოლიტიკის განხორციელება შეიძლებოდა, მაგრამ არა უსასრულოდ. ამ პერიოდში, უბრალოდ, სახელმწიფო ვალის დაგროვება ხდებოდა და ევროპული ქვეყნები მიდიოდნენ იმ გზით, რომელიც მათ აუცილებლად მიიყვანდა კრიზისამდე. ეს ის გზაა, რომელზეც საბჭოთა კავშირი თავისი არსებობის ბოლო 10-15 წლის განმავლობაში იდგა. თუმცა ჯერჯერობით ევროპა სოციალიზმიდან მენტალურად ვერ გამოვიდა. იმის ნაცვლად, რომ საბერძნეთი ევროზონიდან გაეშვა და იძულებული გაეხადა, საკუთარი პრობლემები თავად მოეგვარებინა, ევროპამ ეს ავადმყოფობა თავისთან დაიტოვა. შედეგად, ბერძნული ეპიდემია თანდათანობით სხვა ქვეყნებზე ვრცელდება. რაშია გამოსავალი? იგივე სახის კრიზისის დროს საბჭოთა ხელმძღვანელობამ გორბაჩოვის სახით მიიღო გადაწყვეტილება რუბლის დევალვაციის, ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაციის და სახელმწიფო ფინანსების გაჯანსაღების შესახებ. ამ სტანდარტული პაკეტის განხორციელება საბჭოთა კავშირს კრიზისიდან გამოიყვანდა. ამიტომ მადლობელი უნდა ვიყოთ მაშინდელი პოლიტიკური ელიტის, რომ ეს არ გააკეთა - წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ საბჭოთა სისტემაში ცხოვრებას გავაგრძელებდით,“ - აცხადებს ილარიონოვი.
990
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85