ეკა ასათიანი, "კვირის პალიტრა"
"გადაუხადა თუ არა სააკაშვილმა მაგნატის მეუღლეს სასამართლოსგან დაკისრებული 100 ლარი?
"ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვას!"
დიდი სახლის "პატარა დიასახლისი" პოლიტიკაში მოდის?
გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მეორე ნახევარი პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს და ალიაქოთი დაიწყო. ყველას აინტერესებს, ეკა ხვედელიძე მხოლოდ სახე იქნება თუ რეალური პოლიტიკური მოთამაშე (როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ მისთვის მოქალაქეობის აღდგენა გადაწყვიტა და მიხეილ სააკაშვილს ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა დააკისრა.)? ბიზნესმენის მეუღლის გადაწყვეტილებამ პროსახელისუფლებო ექსპერტებს ფანტაზია გაუღვიძა და იტალიური "რვაფეხაც" კი გაახსენა, მაფიაში ოჯახური კლანების ჩართვაზე დაიწყეს საუბარი. თუმცა, "ქართულად მეოცნებენი" არც იმას გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური მოვლენები ქართული კინოფილმ "ფეოლას" სცენარით განვითარდეს. არახალია, რომ პრეზიდენტი გამოუცდელ და სუსტ მოთამაშეებს არჩევს, მაგრამ ვაითუ ამჯერად არ გაუმართლოს? მაშინ ხომ იტყვის: "მორჩა, გათავდა შენი ფოკუსნიკობა, ხვედელიძე!", "დაცვას, მიხედე ხვედელიძე, დაცვას" ან "ეს ხვედელიძე მომკლავს მე!" გახსოვთ, ალბათ, იპოლიტე ხვიჩიას ცნობილი პერსონაჟის სიტყვები: "თქვენ არავინ გეცოდებათ, ადამიანები კი არა, მხეცები ყოფილხართ," რაც "ნაციონალურად" შესაძლოა ასეც ჟღერდეს: "თქვენ არავინ გეცოდებათ, ადამიანები კი არა, მხეცები ყოფილხართ, მუმიები, ურჩხულები, ვამპირები!" ხუმრობა იქით იყოს და, ეკატერინა ხვედელიძეს საბოლოო "მატჩის" მოსაგებად "ერთი-ორი გოლი" კიდევ სჭირდება, რადგან არც ის არის გამორიცხული, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს. ამის თაობაზე "კვირის პალიტრას" ივანიშვილისა და ხვედელიძის ერთ-ერთი ადვოკატი ეკა ბესელია ესაუბრა.
- ეკატერინა ხვედელიძეს რამდენჯერმე შევხვდი. მან უაღრესად დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე უშუალობით, ინტელექტითა და კეთილგონიერებით. მისი პოლიტიკაში ჩართვა განპირობებულია იმით, რომ ბიძინა ივანიშვილს თავად არ მიეცა პოლიტიკური პარტიის შექმნის საშუალება, რადგან ხელისუფლებამ არაერთი ხელოვნური ბარიერი შეუქმნა. ეკატერინა ხვედელიძის გამოჩენა პოლიტიკაში კი "ქართული ოცნებით" განმსჭვალულ საზოგადოებას ძალას შემატებს და დაარწმუნებს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბატონი ბიძინა ამ ფორმით ბრძოლას გააგრძელებს. ამ შემთხვევაში ეკატერინა ხვედელიძე გაიგივებული იქნება ბიძინა ივანიშვილთან.
- ეკატერინა ხვედელიძე ფორმალურად იქნება პოლიტიკური პარტიის ლიდერი თუ თავადაც მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ დებატებში, დაელაპარაკება ჟურნალისტებს?
- ალბათ, ამ კითხვაზე მე არ უნდა გიპასუხოთ. თუმცა, ვფიქრობ, ეკატერინა ხვედელიძე შესანიშნავად გაართმევს თავს ყველაფერს. რასაკვირველია, სირთულეები იქნება, რადგან ივანიშვილს არანორმალურ გარემოს უქმნის ხელისუფლება, მაგრამ დაწყებული ბრძოლა აუცილებლად ოპოზიციური ძალის გამარჯვებით დასრულდება.
- რა განათლება აქვს მიღებული ქალბატონ ეკას?
- ამაზე საუბრის უფლებას თავს ვერ მივცემ, შესაძლოა, რაღაც გამომრჩეს. ალბათ, ის წარდგება საზოგადოების წინაშე და ყველაფერს შეიტყობთ. დარწმუნებული ვარ, ქართველი საზოგადოება ეკატერინა ხვედელიძეს კარგად მიიღებს.
- ადვოკატების თქმით, ხვედელიძე პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო. გამორიცხავთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივროს მისთვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება?
- არა მარტო იუსტიციის სამინისტრომ, პრეზიდენტმაც შეიძლება გაასაჩივროს. ამისთვის 14-დღიანი ვადა ჯერ არ გასულა. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, გადაწყვეტილება არავინ გაასაჩივროს.
- და მაინც, ცოტა ნაჩქარევი ხომ არ იყო განცხადების გაკეთება იმის თაობაზე, რომ ხვედელიძე პოლიტიკაში მოსვლას აპირებს?
- ადვოკატებმა მოითხოვეს, რომ სწრაფად აღსრულებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ ეკა ხვედელიძეს პოლიტიკურ პროცესში ჩართვა სურს. იმედია, მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს და აღარ გააგრძელებს სამართლებრივ დავას. თუმცა, მისგან არც საწინააღმდეგო ქმედებას გამოვრიცხავ. ასე რომ, დაველოდოთ რა მოხდება. ცხადია, მაქვს ჩემი ვარაუდი, რომელიც, როგორც წესი, ამართლებს, მაგრამ მისი თქმისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ნაჩქარევი იყო თუ არა ადვოკატების განცხადება, დროის დეფიციტი გვაქვს, ბევრი რამ არის მოსასწრები.
- თუ ასეა, მაშინ შესაძლებელი იყო თავის დროზე ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის სარჩელი ცალ-ცალკე განხილულიყო, რადგან ხვედელიძეს პროცესის მოგების მეტი შანსი ჰქონდა. ასე არ არის?
- სარჩელი ცალ-ცალკე ვერ განიხილებოდა, რადგან ბიძინა ივანიშვილსაც და ეკატერინა ხვედელიძესაც ერთი ბრძანებულებით ჩამოართვეს მოქალაქეობა. სხვათა შორის, სარჩელი, რომელიც საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მე შევიტანე, თანაც უმოკლეს დროში. იმ პერიოდში სამოქალაქო რეესტრი არ მაძლევდა საქმის წარმოების მასალებს (სადაც აღნიშნული იქნებოდა, რა არგუმენტებით ჩამოართვეს მოქალაქეობა ივანიშვილსა და ხვედელიძეს). ამიტომ არ დაველოდე ამ მასალის გადმოცემას, ისე შევიტანე სარჩელი. მოგვიანებით მიღებული მასალები უკვე შეტანილ სასარჩელო განცხადებას დავურთე.
- საინტერესოა, მიხეილ სააკაშვილმა თუ გადაუხადა დაკისრებული 100 ლარი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს?
- ჯერ არ გადაუხდია, მაგრამ აუცილებლად გადავახდევინებთ (იცინის). ჯერჯერობით ერთით ნულია ხვედელიძის სასარგებლოდ!
- ეკატერინა ხვედელიძე საკაბელო ტელევიზია "იგრიკას" მფლობელიც ხდება (ჯერჯერობით ტელევიზიის მმართველი კომპანიის მთავარი მოწილეა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით წლის ბოლომდე "იგრიკა" მმართველ კომპანიას საკუთრების უფლებით გადაეცემა). ზღუდავს თუ არა კანონმდებლობა, რომ პირი პოლიტიკური ლიდერიც იყოს და ტელევიზიის მფლობელიც?
- შეზღუდვა მართლაც არსებობს, რომელსაც აუცილებლად გაითვალისწინებენ. როცა ეკატერინა ხვედელიძე გახდება პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ის აღარ იქნება ტელევიზიის მფლობელი.
850
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85