მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ანალიტიკოსთა აზრით, მომავალი ათწლეულის მთავარი რისკები შემდეგ მოვლენებს უკავშირდება: სოციალური უთანასწორობის ზრდას და სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტს. გარდა ამისა, გამორჩეულად აღინიშნა დავალიანებებთან დაკავშირებული კრიზისები, შემოსავლების სოციალურ ფენათა შორის არათანაბარი გადანაწილება, ადამიანთა უიმედობა და მათი პროტესტის გრძნობით ავსება, ადრე საიმედოდ მიჩნეული წესების მერყეობა და ვირტუალური სამყაროს გავლენის ზრდა.
ამგვარი პროგნოზის ჩამოსაყალიბებლად მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოკითხულ იქნა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ბიზნესმენები, ჩინოვნიკები და სწავლულები. მათ სთხოვეს ჩამოეთვალათ უახლოესი ათი წლის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საფრთხეები. შედეგად, ამგვარი სურათი მივიღეთ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩატარებულ ამგვარ გამოკითხვებში გამუდმებით ეკონომიკური პრობლემები ლიდერობს. თანაც, უნდა ითქვას, რომ პროგნოზები სულ უფრო პესიმისტური ხდება. კერძოდ, ახლახან ჩატარებული გამოკითხვისას რესპოდენტთა 79-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ არ სჯერათ, რომ პრობლემების მოგვარება მოხერხდება.
“არაბულმა გაზაფხულმა” და საპროტესტო მოძრაობებმა, მათ შორის “უოლ სთრითის ოკუპაციამ” აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ერთი შეხედვით უპრობლემო ქვეყნები უკანონობამ მოიცვას. როგორც გამოჩნდა, პრობლემური ქვეყნები შეიძლება განვითარებული იყოს და პროტესტის გამოსათქმელად გამოსული ადამიანები უბრალოდ სოციალური სტატუსის დაკარგვას აპროტესტებდნენ.
როგორც წესი, ასე ხდება, განვითარებულ ქვეყნებში ხელისუფლება ვერ უმკლავდება მზარდ ფენებად დაყოფას, ან კიდევ ბიუჯეტის დეფიციტს და სახელმწიფო ვალს. ღარიბ ქვეყნებში კი მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ადამიანებს სწავლის, პურის ფულის შოვნის, ბოლოს და ბოლოს, სხვა ქვეყანაში წასვლის საშუალება არ აქვთ.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ანალიტიკოსთა აზრით, ამგვარ ქვეყნებს მომავალ ათწლეულში საზოგადოებრივი მღელვარება და არასტაბილურობა ელის, რაც, ცხადია, ეკონომიკურ მდგომარეობაზე მნიშველოვან გავლენას მოახდენს. საერთოდ, ექსპერტები შიშობენ, რომ მთავრობებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებამ შესაძლოა გლობალურ ეკონომიკაში პროტექციონიზმის, ნაციონალიზმის და პოპულიზმის ზრდა განაპირობოს.
სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს არსებული ნორმების და მართვის სისტემების მოძველება. ეს ეხება ყველა სფეროს, ფინანსურიდან დაწყებული, სატრანსპორტოთი დამთავრებული. მით უმეტეს, რომ როცა ნორმა მსოფლიოს ერთ კუთხეში ირღვევა, უმალ სხვადასხვა მხარეში ახდენს გავლენას. მაგალითად, აშშ-ში დაწყებულმა იპოთეკურმა კრიზისმა მთელი მსოფლიოს ბანკები დააზარალა.
ამიტომაც, ექსპერტთა აზრით, აუცილებელია რეგულირების უფრო მოქნილი სისტემის შემუშავება, რომელიც სხვადასხვა განსაცდელს გაუძლებს. გარდა ამისა, მომავალ ათწლეულში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ვირტუალური სამყაროს უსაფრთხოების დაცვა. დღეს პლანეტის მოსახლეობის მესამედზე მეტი სარგებლობს ინტერნეტით და ეს რიცხვი სულ უფრო იზრდება. მაგრამ ამასთან იზრდება საფრთხეებიც. მაგალითად, 2010 წელს განხორციელდა ისტორიაში უდიდესი შეტევა ავტომატური მართვის სერვერებზე. მომავალში ჰაკერული და ვირუსული თავდასხმის საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება. თავისთავად ცხადია, ეს ეხება ფინანსურ სფეროსაც. თუ თავდასხმა შედეგიანი აღმოჩნდება, მას შეიძლება მსოფლიო ეკონომიკისათვის გამოუსწორებელი ზიანი მოჰყვეს.
როგორც ხედავთ, მომავალი ათწლეული აღსავსეა ეკონომიკური პრობლემებით, პროგნოზი კი არცთუ ოპტიმისტური გახლავთ. გლობალურმა ეკონომიკამ რომ ოდნავ მაინც შვებით ამოისუნთქოს, პირველ რიგში ევროპული კრიზისი უნდა მოგვარდეს.
1356
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85