აქციის მონაწილეები თავდაცვის სამინისტროსთან მინდია ჯანელიძის გადადგომისა და უწყებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
თავდაცვის სამინისტროსთან აქცია ქართველი ჯარისკაცის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ დაიგეგმა. აქციის მონაწილეები თავდაცვის უწყების პოზიციას აპროტესტებენ.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება, არა მხოლოდ ერთი სამინისტროს, არამედ მთავრობის პოზიციას ასახავს.
"ბოდიშის მოხდას ვითხოვთ თავდაცვის სამინისტროსგან, ასევე, მინისტრის გადაყენებას. ეს არის თავსლაფის სამინისტრო, ეს მას შემდეგ არის, რაც უკრაინაში გარდაცვლილ ჯარისკაცზე განცხადება გაავრცელა უწყებამ. ვფიქრობ, რომ თავდაცვის სამინისტროს პოზიცია იყო პრემიერთან და არაფორმალურ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული", - განაცხადა აქციის მონაწილე ნანუკა ბორჩხაძემ.
თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ვეტერანმა ჯარისკაცმა ვეტერანის მოწმობა დახია. მისი თქმით, ეს იმ პროტესტის მაჩვენებელია, რაც თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების შემდეგ გაუჩნდა.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოსა და უკრაინის დროშები.