უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცი ამ წუთებში ქუთაისში ჩაასვენეს. გარდაცვლილის მეზობლებისა და ახლობლების განცხადებით, ალექსანდრე სულით პატრიოტი იყო, ამიტომ გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა და ომში მონაწილეობა. მათი თქმით, გარდაცვლილისთვის ომში წასვლა არავის დაუძალებია.
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ალექსანდრე გრიგოლაშვილი სამშობლოში დღეს ჩამოასვენეს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 08:30 საათზე დაეშვა. გარდაცვლილი სამშობლოში მისმა ორმა უკრაინელმა თანამებრძოლმა ჩამოაცილა.
აეროპორტში ჩამოსვენების ცერემონიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე და უკრაინის კონსული დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები. გარდაცვლილის ცხედარი თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ ქუთაისში, მის საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ალექსანდრე გრიგოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენება გუშინ უამინდობის გამო გადაიდო. ძლიერი ნისლის გამო, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ერევნის აეროპორტში დაეშვა.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც "აიდარში" იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა. იგი 32 წლის იყო. გრიგოლაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007-2008 წლებში მსახურობდა.