საქართველოს მოსახლეობას გვერდში დგომისთვის უკრაინის სახელით მადლობას ვუხდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსანდრე გრიგოლაშვილის ჩამოსვენებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინის კონსულმა საქართველოში ლიუბოშ კაროლმა განუცხადა.
"თანავუგრძნობ ალექსანდრეს ოჯახს. მინდა მთელი უკრაინის სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას. მადლობა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ მომენტში გვერდში გვიდგახართ", - განაცხადა კაროლმა.
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ალექსანდრე გრიგოლაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 08:30 საათზე დაეშვა. გარდაცვლილი სამშობლოში მისმა ორმა უკრაინელმა თანამებრძოლმა ჩამოაცილა.
აეროპორტში ჩამოსვენების ცერემონიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე და უკრაინის კონსული დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები. გარდაცვლილის ცხედარი თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ ქუთაისში, მის საკუთარ სახლში გადაასვენეს.
უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენება გუშინ უამინდობის გამო გადაიდო. ძლიერი ნისლის გამო, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ერევნის აეროპორტში დაეშვა.
ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც "აიდარში" იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა. იგი 32 წლის იყო. გრიგოლაშვილი 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.