აეროპორტში ჩვენი ყოფნა ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა

აეროპორტში ჩვენი ყოფნა ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა

აეროპორტში ჩვენი ყოფნა ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსანდრე გრიგოლაშვილის ჩამოსვენებისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ გურგენიძემ განუცხადა. მისი თქმით, გრიგოლაშვილის მიმართ ყველა სოლიდარულია.

"მთელი ხელისუფლება, მთავრობა, ხალხი სოლიდარულები ვართ ამ ოჯახისადმი. ამის გამოხატულებაა ჩვენი აქ ყოფნა. ყოველგვარ მხარდაჭერას ვუცხადებთ ოჯახს", - განაცხადა გურგენიძემ და აღნიშნა, რომ გადმოსვენებასთან დაკავშირებით ყოველგვარი ღონისძიებები მთავრობამ და ხელისუფლებამ თავის თავზე აიღო.

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო ალექსანდრე გრიგოლაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 08:30 საათზე დაეშვა. გარდაცვლილი სამშობლოში მისმა ორმა უკრაინელმა თანამებრძოლმა ჩამოაცილა.

აეროპორტში ჩამოსვენების ცერემონიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე და უკრაინის კონსული დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები. გარდაცვლილის ცხედარი თბილისის აეროპორტიდან პირდაპირ ქუთაისში, მის საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ალექსანდრე გრიგოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენება გუშინ უამინდობის გამო გადაიდო. ძლიერი ნისლის გამო, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ერევნის აეროპორტში დაეშვა.

ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც "აიდარში" იბრძოდა, 18 დეკემბერს დაიღუპა. იგი 32 წლის იყო. გრიგოლაშვილი 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.