"დღევანდელი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ დაგეგმა, არის საპასუხო იმ ტაშისა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ორი დღის წინ ევროპარლამენტში ხვდა , _ ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონდის "მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდეტო ბიბლიოთეკა" გამგეობის თავმჯდომარემ ანდრო ბარნოვმა განუცხადა.
ბარნოვმა კომენტარი გააკეთა "თავისუფალი თაობის" წევრების მიერ დღეს "მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდეტო ბიბლიოთეკასთან" გამართულ აქციასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა ბიბლიოთეკისთვის სახელის გადარქმევა მოითხოვეს.
ანდრო ბარნოვი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილე ახალგაზრდებიდან რამდენიმე ისეთია, რომელსაც ხელისუფლება ხელფასს უხდის და დანარჩენებს მართავს.
"ხელისუფლების ასეთი ქმედებები დამღუპველი და საგანგაშოა. ზუსტად ვიცი, რომ დღევანდელი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ დაგეგმა, არის საპასუხო იმ ტაშისა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ორი დღის წინ ევროპარლამენტში ხვდა. მათ უნდათ, რომ ეს გადაფარონ სრულიად უმსგავსო აქციებით", _ დასძინა ბარნოვმა.
ფონდის გამგეობის თავმჯდომარე აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა და არა მისი სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა.
"ფონდი არის მიხეილ სააკაშვილის, ერთი პირის მიერ დაფუძნებული, არაკომერციული იურიდიული პირი. შესაბამისად, ბიბლიოთეკას მისი დამფუძნებლის სახელი ჰქვია", _ აღნიშნა ბარნოვმა.
მისივე თქმით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ყველა პრეზიდენტის სტენდია მოწყობილი. მათ მიმართეს ზვიად გამსახურდიას ოჯახსაც, რათა წინა პრეზიდენტების მოღვაწეობის შესახებ იქ ხელმისაწვდომი ინფორმაცია იყოს.
"ჩვენ აქ ისტორიის პოლიტიკურ სეგრეგაციას არ ვახდენთ და ეს ნამდვილად ასეა", _ დასძინა ბარნოვმა.
აქციის მონაწილეებმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან დღეს სააკაშვილის ფიტული დაწვეს.