ლალი პაპასკირი, "კვირისპალიტრა.გე"
ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრედ დასახელებული და ცალკე მყოფი პოლიტიკოსები კიდევ ერთი, ახალი კოალიციის შექმნაზე საუბრობენ, სადაც ივანიშვილის გუნდის წევრების გარდა, შესაძლოა, ბოლო დროს ნაკლებად აქტიური პოლიტიკოსებიც ვიხილოთ. მიზეზად კოალიციაში არსებული დაბნეულობა სახელდება. ვრცელდება სხვა ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების ზეწოლისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა. ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება "ქართული ოცნების" მიმართ აგრესიული ქმედებებით ბიძინა ივანიშვილს ძალიან კარგ პიარს უკეთებს.
- სხვადასხვა პოლიტიკურმა სუბიექტმა შეიძლება მართლა შექმნან ახალი კოალიცია, მაგრამ თუ ამის მსურველები თვალს არცთუ შორეულ წარსულს გადაავლებენ, მიხვდებიან, რომ კოალიციის შექმნა სულაც არ ნიშნავს, რომ შემდგომში ეფექტური იქნება. ხელისუფლების შესაცვლელად ბევრად უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო, ვიდრე კოალიციის შექმნაა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი მთელ ოპოზიციურ სპექტრს მოიცავს, ის პოლიტიკოსები, ვინც მასთან არ თანამშრომლობენ და ისინიც, ვინც საპარლამენტო უმცირესობაში არიან, არჩევნების დროს, მხარდამჭერთა 2%-საც ვერ მიიღებენ. ასე რომ, ურეიტინგო პარტიების კოალიციური გაერთიანებით რეიტინგი არ იზრდება. მათი პარლამენტში მოხვედრის შანსსაც ვერ ვხედავ, თუმცა, იქ შესვლის შემთხვევაშიც საეჭვოა რომელიმე საკითხთან დაკავშირებით პრინციპულობა შეინარჩუნონ. ბოლომდე გულწრფელი ვიქნები და იმასაც დავძენ, რომ რამდენიმე "ქართულ ოცნებაში" გაწევრებული პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილთან ყოფნაა. სხვა შემთხვევაში, არსებობის გასაგრძელებლად მათ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა მოუწევდათ.
- რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციას გულისხმობთ?
- მათ დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ... რაც შეეხება "ქართული ოცნების" ჭოჭმანს, რაზეც საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა, ამ ეტაპზე შედეგის მისაღწევად პოლიტიკური აქტიურობა სულაც არ არის აუცილებელი. ხელისუფლება ივანიშვილის გვარს ერთი დღის განმავლობაში იმდენნაირ კონტექსტში ახსენებს, რომ ის მუდმივად არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ანუ, მმართველი გუნდი მის პიარს შეუგნებლად ეწევა, რაც ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. "ქართული ოცნების" ნებისმიერი პოლიტიკური აქტიურობის დროს, იქნება არაოფიციალური შეხვედრები თუ საპროტესტო აქციები, მცირედი გადაცდომის შემთხვევაშიც ხელისუფლება ძალასაც გამოიყენებს. შესაძლოა, ვიღაცამ პროვოკაცია მოაწყოს და ვითარების გასანეიტრალებლად პოლიცია მაშინვე საქმეში ჩაერთვება. ისე, როგორც ეს მოხდა "მაესტროს" შემთხვევაში. ასე რომ, ივანიშვილის გუნდს წინ ძალიან ფრთხილი და თანამიმდევრული სამუშაო ელოდება. ხოლო რაც შეეხება პოლიტიკურ აქტიურობას, უნდა ვაღიაროთ, რომ ამის გამოცდილება კოალიციაში ნაკლებად აქვთ. ეს არ ეხება კობა დავითაშვილსა და ზვიად ძიძიგურს. ისინი ამ საქმეში გამოცდილი არიან. თუმცა, რესპუბლიკელები აქტიური პოლიტიკური ქმედებებით არ გამოირჩეოდნენ და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, მხოლოდ აქა-იქ გამოანათებდა ხოლმე. ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ პირველად შემოაბიჯა პოლიტიკაში.
- მაშ, რა გზა რჩებათ მიზნის მისაღწევად?
- რა გითხრათ, მათი არსებობის შესახებ საქართველოში იციან და თუ მანამდე ყველაფერი ნორმალურად განვითარდა, არჩევნების დროს ხმათა უმრავლესობას მიიღებენ. ახლა ივანიშვილს აქტიურობა არ სჭირდება. ახლა მის მაგივრად ხელისუფლება აქტიურობს და აგებს კიდეც. მათი ზეწოლის ერთ-ერთი ელემენტია მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნაზე ხელოვნურად შექმნილი პრობლემები, რომელიც უკვე სასაცილოა. ასეთი ფაქტებით ხელისუფლება დროის გაჭიანურებას ფიქრობს.
- ასეთი ქმედებები ხელისუფლებისთვის მომგებიანია?
- დროს იგებენ. დროთა განმავლობაში კი არ არის გამორიცხული, მმართველობის ვადის გასაგრძელებლად რაღაც სხვა შესაძლებლობა გამოუჩნდეთ. მაგრამ ისინი უფრო მეტს აგებენ, - კარგავენ ისედაც დაკარგულ იმიჯს. ჩემს ახალგაზრდობაში ჩატარდა ინგლისის ჩემპიონატი, სადაც ინგლისელებმა ბრაზილიელები დაამტვრიეს. ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივრებში ეს მათ დამარცხებად იყო აღქმული, რადგან ჩემპიონის ტიტული დაუმსახურებლად მიიღეს. ჩვენი ხელისუფლებაც ასე იქცევა, აფორიაქდა და ყველანაირ დარღვევაზე მიდის. ის მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაში კი არა, საერთაშორისო საზოგადოებრიობაშიც აგებს. ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებებისგან აშკარად იგრძნობა, რომ მათთვის მმართველი გუნდის ქმედებები მიუღებელია.
- ბატონო რამაზ, ხელისუფლების წევრთა თქმით, კანონებს ოლიგარქი მილიარდერების საწინააღმდეგოდ იღებენ, რაც სამართლებრივად სრულიად გამართლებულია.
- ასეთი განმარტება ბატონმა შოთა მალაშხიამ გააკეთა და ვურჩევ, სიტყვა "ოლიგარქის" განმარტება წაიკითხოს, - ოლიგარქი არის ხელისუფლებასთან შეკრული მილიარდერი. ივანიშვილი ასეთ სტატუსს არ იმსახურებს. საქართველოში არიან ოლიგარქები და სამწუხაროა, რომ ბატონმა შოთამ მის განმარტებაში მათი გვარები არ მოიხსენია.
- ვის გულისხმობთ?
- თუნდაც დავით კეზერაშვილს, რომელიც პოლიტიკაშიც მოვიდა. არიან სხვებიც, ვინც ჯერ ამ ხელისუფლების დახმარებით ფული იშოვეს და შემდეგ პოლიტიკაში მოვიდნენ. რაც შეეხება, კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, ეს არის ხელისუფლების ბრძოლა ივანიშვილთან, რათა მმართველი გუნდის ოლიგარქები არ დაზარალდნენ.
- ბოლო დროს ხელისუფლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებზე მიტანილ იერიშზეც გკითხავთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდის ლიდერები მათი დაფინანსების ქვეშ მყოფ ორგანიზაციებს დამოუკიდებელი ან ნახევრად დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი მასალების მოპოვებას სთხოვენ.
- არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაში გამოყენება ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიას დროს იყო აპრობირებული, შემდეგ კი ეს ხაზი მიხეილ სააკაშვილმა გააგრძელა. მათი როლი დიდი იყო 2003 წლის ვარდების რევოლუციის დროს. თუმცა, მათ ერთი რამ ეშლებათ, - მაშინ ენჯეოები იმ პრობლემებზე აკეთებდნენ აქცენტს, რაც რეალურად არსებობდა, ამიტომაც მათ სიტყვას ძალაც ჰქონდა. მას შემდეგ, რაც "ნაციონალები" ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ, მათ ენჯეოები თანდათან გააჩუმეს, ან იმას ალაპარაკებდნენ, რაც თავად უნდოდათ. ცხადია, ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ზოგადად ასეთი სურათი გამოიკვეთა. ამიტომაც, მივიღეთ, დაკვეთილად მოლაპარაკე "არასამთავრობოები". ისინი კი საზოგადოებრივი აზრს ვერ ქმნიან.
717
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85