საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ გუდაურს ეწვევა და ხელოვნური გათოვლიანების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს დაათვალიერებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური გუდაურში ახლად გახსნილ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პუნქტსაც მოინახულებს და დაესწრება ღონისძიებას "ღვინის ქალაქი გუდაური."
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუდაურის განვითარების სააგენტოსა და კომპანია DEMACLENKO-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გუდაურსა და დიდველზე უკვე განხორციელდა გეოლოგიური და ტოპოგრაფიული სამუშაოები, მოხდა წყლის ხელოვნური რეზერვუარების დაპროექტება და გათოვლიანდა გუდაურში 1,1 კმ–ის, ხოლო დიდველზე 2 კმ. ტრასა. ასევე დასრულებულია წყლის სისტემის დამონტაჟება და სატუმბო-საკომპრესორო ნაგებობების მშენებლობა.