საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს

"თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს. ბიბლიოთეკასთან დაახლოებით 30-ზე მეტი ახალგაზრდა მივიდა. "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით "კრიმინალი + ძალადობა = ნაცებს".

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკაც გამოიყენეს, რამდენიმე მაშხალა გაუშვეს, რომელსაც წითელი კვამლი ჰქონდა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ "გოგირდი გაუშვეს, რათა გველები გაიქცნენ".

ახალგაზრდები შენობაში მყოფ ანდრო ბარნოვს მოუწოდებდნენ, გამოსულიყო მათთან და განცხადება მიეღო იმის თაობაზე, რომ 25 დეკემბერს, "თავისუფალ თაობას" დაუთმონ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი. მათივე თქმით, ისინი აპირებენ დიდ ეკრანზე მოახდინონ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებების ჩვენება.

აქციის მონაწილეების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ "თავისუფალ თაობას" დაეთმობა საკონფერენციო დარბაზი, ეს იქნება დასტური იმისა, რომ ბიბლიოთეკა არ არის მიკერძოებული და არ ემსახურება ერთი პოლიტიკური გუნდის, კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბიბლიოთეკა მოსახლეობის თანხებით აშენდა, არადა გამოიყენება "ნაციონალური მოძრაობის" შტაბბინად და ბუდედ".

"თავისუფალი თაობის" წარმომადგენლის, ლადო სადღობელაშვილის თქმით, 21 დეკემბერი მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა. მათ მოიტანეს სტაფილო, სურდათ ესეც ბიბლიოთეკის წარმომადგენლებისთვის გადაეცათ, თუმცა ვერ შეძლეს. მისივე თქმით, "თავისუფალი თაობა" გმობს იმ ფაქტს, რომ ბიბლიოთეკა სააკაშვილის სახელობისაა და მოითხოვს მას სახელი გადაერქვას და ეწოდოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ან ილია ჭავჭავაძის სახელი.

აქციის მონაწილეებმა ასევე გააკრიტიკეს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და აღნიშნეს, რომ იმ სტუდენტებს, რომელთაც თანხა არ აქვთ უნივერსიტეტში გადახდილი, სასწავლებლებიდან უშვებს.