"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ შეიარაღებულ ძალებს ეროვნული გვარდიის იუბილე მიულოცა.
"ეროვნული გვარდია ის ფუნდამენტია, რომელზეც საქართველოს შეიარაღებული ძალები აშენდა. XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ჯარის მშენებლობას გვარდიამ ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა კონფლიქტი, საბრძოლო მოქმედება, რომელშიც გვარდიელებს სისხლი არ დაეღვარათ და თავი არ დაედოთ სამშობლოსათვის. მინდა პატივი მივაგო იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და იდეალებს შესწირეს თავი. გვარდია ყოველთვის იდგა და იდგება ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. დიდი სიამაყით მინდა მივულოცო დღევანდელი დღე გვარდიელებს და მთელ შეიარაღებულ ძალებს. გისურვებთ წარმატებას და დიდ გამარჯვებებს იმ რთულ გზაზე, რომელიც გასავლელია", - აღნიშნულია ირაკლი ალასანიას მილოცვაში.
დღეს, ეროვნულ გვარდიას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა.