100-ზე მეტი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა

100-ზე მეტი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა

ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 100 -ზე მეტი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა, მათ შორის პროფესიული საქმიანობის შეჩერების საკითხიც, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კაჭრეთის სასტუმრო "ამბასადორში", 20-21 დეკემბერს, გაერთიანების გასვლითი კონფერენცია მოეწყო. კონფერენცია 2014 წელს გაერთიანების მიერ გაწეული მუშაობის შეჯამებასა და სამომავლო გეგმების წარდგენას დაეთმო.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორის, არჩილ მორჩილაძის თქმით, 2014 წელს, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში" შესულ 200-მდე საჩივარზე 400-მდე საექსპერტო დასკვნა მოამზადა, რის საფუძველზეც ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 100-ზე მეტი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა, მათ შორის პროფესიული საქმიანობის შეჩერების საკითხიც.

კონფერენციაზე ქვეყანაში კლინიკური მართვის პროტოკოლების შემუშავების გაგრძელების საკითხიც განიხილეს. გაერთიანების მიერ დღემდე 500-მდე კლინიკური მართვის პროტოკოლია შემუშავებული, რომელთაგან 42 სახელმწიფო საგრანტო პროგრამით დაფინანსდა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება სამომავლო გეგმას სამედიცინო დავების ინტერესთა კონფლიქტის გარეშე რეცენზირებას, სხვა კლინიკური პროტოკოლების მომზადებას და მათ პრაქტიკაში დანერგვას მიიჩნევს. აღნიშნული ფაქტორები კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებასა და მის რეგულირებას.

კონფერენციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" წარმმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება აქტიურად არის ჩართული, როგორც პაციენტსა და კლინიკებს შორის, ისე სადაზღვევო კომპანიებსა და პაციენტს/კლინიკებს შორის არსებული დავების კლინიკური ნაწილის ექსპერტიზის საქმეშიც.

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება, რომელიც ქვეყანაში არსებული დარგობრივი ასოციაციებს აერთიანებს, 2012 წლიდან აქტიურადაა ჩართული საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების საქმეში.