ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ კირბალთან 32 წლის მამაკაცი დააკავეს

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ კირბალთან 32 წლის მამაკაცი დააკავეს

გორის რაიონის სოფელ კირბალის განაპირას, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ მესაზღვრეებმა 32 წლის ალექსანდრე შიუკაშვილი დააკავეს . როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, შიუკაშვილი მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა ამ ტერიტორიაზე.

"მე, მამასთან ერთად სასაფლაოებთან ახლოს ცხენს ვაძოვებდი. მოულოდნელად შევნიშნეთ ბუჩქებში ჩასაფრებული ორი ფორმიანი. მამამ დაიყვირა და გამოვიქეცით, თუმცა დაგვეწივნენ. მამაჩემს თოკი მოაბეს და ასე წაიყვანეს, მე კი გამომიშვეს", - ამბობს დაკავებულის მცირეწლოვანი შვილი.

დაკავებულის მეუღლის, მანანა შიუკაშვილის განცხადებით, ოჯახს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი შიუკაშვილები უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობენ. დაკავებულს შინ ოთხი მცირეწლოვანი შვილი და ეტლს მიჯაჭვული დედა ჰყავს.

დაკავებული ალექსანდრე შიუკაშვილის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.