”დუტა თეატრის მმართველად იმიტომ დანიშნეს, რომ კარგი ჯამბაზია”

”დუტა თეატრის მმართველად იმიტომ დანიშნეს, რომ კარგი ჯამბაზია”


"თელავის ყოფილი თეატრის შენობა მიწასთან არის გასწორებული!" - გვითხრა პარტია "თავისუფალი საქართველოს" კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიაშვილმა, რომელიც სწორედ ამ პრობლემაზე გვესაუბრება:

- ვიდრე ამ საკითხზე ლაპარაკს დავიწყებდე, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ეს იყო თელაველებისათვის საყვარელი ადგილი, კულტურის ცენტრი, სადაც საზოგადოება თავს იყრიდა. თელავის ყოფილ თეატრში უთამაშია ბევრ გამოჩენილ და ღვაწლმოსილ ადამიანს, მათ შორის, კოტე მარჯანიშვილსა და სანდრო ახმეტელს. მოგვიანებით კულტურის სახლად აქციეს, სადაც შემოქმედებითი ჯგუფები საქმიანობდნენ. შენობის გაყიდვის შემდეგ კი ეს ჯგუფები პატარა ქოხში გადაიყვანეს, რომელიც კულტურის სახლის გარდა ყველაფერს ჰგავს.  

- როგორ გაიყიდა ყოფილი თეატრის შენობა? 
- შენობა 2008 წლის 10 იანვარს გაყიდეს 100 ათას ამერიკულ დოლარად, თანაც ხელისუფლებამ თავი იმართლა, - ეს თელავის სასიკეთოდ კეთდებაო. ამის შემდეგ, როგორც გითხარით, იქ სხვადასხვა შემოქმედებითი წრე შეხიზნეს. 2011 წელს კი ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ შეცდომა დაუშვა და შენობის გამოსყიდვა დააპირა. დააპირა და შეასრულა კიდეც. საკითხავია - ან რატომ გაყიდეს შენობა, ან ხელახლა რატომ იყიდეს? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჯერ იუსტიციის სამინისტროს მივმართეთ, შემდეგ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ალბათ, გიჩნდებათ კითხვა - რა შუაშია აქ იუსტიციის სამინისტრო? - საქმე ის არის, რომ ყოფილი თეატრის ადგილას კიდევ ერთი გამჭვირვალე იუსტიციის სახლი შენდება. გვაინტერესებდა, რა ფასად იყიდა სახელმწიფომ თელავის ყოფილი თეატრის შენობა. იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროში გაგვგზავნა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროში ჯერ გვითხრეს, ვმუშაობთ, რომ პასუხი გაგცეთო, შემდეგ - ამ ინფორმაციის მისაღებად გონივრული ვადა 3-4 თვეაო.

არადა, კანონის თანახმად, 10 დღის ვადაში უნდა მოგვაწოდონ ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე. ორი თვის გასვლის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრეკეთ ეკონომიკის სამინისტროში, სადაც მოკლედ გვიპასუხეს - ამ ინფორმაციას არ გავცემთო. ხელისუფლებამ დამალა, რა თანხად იყიდა ეს შენობა, რაც სერიოზულ ეჭვს იწვევს. აქვე, ერეკლე მეორის მოედანზე არის ხუთჯერ პატარა შენობა, რომელიც 200 ათასი დოლარად გაიყიდა, თეატრის შენობა კი ორჯერ იაფად გაყიდეს, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ კორუფციული გარიგება შედგა. თელავის ყოფილი თეატრის ხარჯზე, ალბათ, სულ მცირე, მილიონი დოლარი მაინც იშოვეს ჩვენმა მაღალჩინოსნებმა.

- ვის გულისხმობთ, ბატონო გიორგი? 
- როგორც ამბობენ, ამ საქმეში იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის ინტერესები იყო გათვალისწინებული. სწორედ მისმა წარმომადგენლებმა იყიდეს ყოფილი თეატრის შენობა. ეს არის შპს "სასტუმრო თელავი", რომელსაც სამი მეწილე ჰყავს და ისინი დაკავშირებული არიან ადეიშვილთან. ბოლოს შენობა ისევ ადეიშვილის უწყებამ დაიბრუნა, ოღონდ ძვირად და, სავარაუდოდ, განახორციელეს ე.წ ატკატი. საკვირველია პირდაპირ: ხელისუფლება სხვის მიერ ფულის გათეთრებაზე ლაპარაკობს და აკავებს საინკასაციო მანქანას, რომელსაც თანხა ერთი ბანკიდან მეორეში გადაჰქონდა, ამ დროს კი უყურადღებოდ ტოვებს შემთხვევას, როდესაც სახელმწიფომ გაყიდა თეატრი და შემდეგ იყიდა, თანაც, არავინ იცის, რა თანხად. გვითხრან სიმართლე, იქნებ შპს "სასტუმრო თელავმა" აჩუქა კიდეც ეს შენობა სახელმწიფოს? იუსტიციის სახლებს აშენებენ და კულტურულ ძეგლებს ანადგურებენ. ამ პოლიტიკის წყალობით თელავს კინოთეატრი აღარ აქვს. "აგვისტოს ხუთი დღე" რომ გადაიღეს, აქ ვერ აჩვენეს, რადგან კინოთეატრი არა გვაქვს. ყველა შენობა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო, გაყიდეს და გაასხვისეს. 

- რა ხდება თელავის თეატრში იმ არეულობის შემდეგ, რომელიც იქ დატრიალდა? 
- თელავის თეატრში დღესაც გაურკვეველი სიტუაციაა. მის ამჟამინდელ მმართველ დუტა სხირტლაძეს არც კი გაუპროტესტებია, რომ ყოფილი თეატრი, სადაც მისი ბებია, თინათინ ბურბუთაშვილი მოღვაწეობდა, გაიყიდა, განადგურდა და ახლა მის ადგილას კიდევ ერთ გამჭვირვალე შენობას აგებენ. დუტა სხირტლაძე ამ ხელისუფლების ჯამბაზია. მისი ინტერესი არის ფულის შოვნა, სხვა არაფერი. სიტყვასიტყვით დაწერეთ: დუტა თეატრის მმართველად იმიტომ დანიშნეს, რომ კარგი ჯამბაზია. თანაც, ეხერხება არასასურველი ადამიანების თავიდან მოცილება. მსახიობი ავთო გულიაშვილი თათბირზე გარდაიცვალა, რადგან დუტამ გამოუცხადა: მე აქ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი არ მჭირდებაო. 

ამის გამო ბატონ ავთოს გული გაუსკდა. მომხდარს ადასტურებენ ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც დუტამ თეატრიდან გაისტუმრა და სასამართლო პროცესიც წააგო, რადგან ხელფასს არ უხდიდა. თეატრში ხელფასები დღესაც არ არის დარიგებული. არადა, საკრებულოს როცა მივმართეთ, გვითხრეს, ჩვენგან ფული უკვე გადარიცხულიაო. შექმნილი სიტუაციის გამო მე, მაგალითად, მრცხვენია: თელავის თეატრის მსახიობებს მთელი ქალაქი პატივს სცემს, მათ კი ჩამოუყვანეს ჯამბაზი და დაუსვეს თეატრის მმართველად.

P.S. თელავის თეატრში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ რამდენჯერმე ვცადეთ დუტა სხირტლაძეთან დაკავშირება, მაგრამ ამაოდ...