სენაკში ადგილი აქვს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ გამოყენებასა და კორუფციულ გარიგებებს

სენაკში ადგილი აქვს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ გამოყენებასა და კორუფციულ გარიგებებს

სენაკში ადგილი აქვს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენებას, კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმს, - ამის შესახებ ნათქვამია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლად დაინიშნა გოჩა დგებუაძე და დანიშვნის დღიდან იგი შეუდგა ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე ზრუნვას.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებას, "ინტერპრესნუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ არაერთხელ წარმოვადგინეთ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ-კორუფციული მმართველობის დამადასტურებელი ფაქტები და სქემები. სამწუხაროდ, ჩვენს მიერ გაჟღერებული ფაქტები გამონაკლისს არ წარმოადგენს და მსგავსი სქემა თითქმის ყველაგან მუშაობს. დღეს წარმოგიდგენთ სენაკის მაგალითს.

როგორც ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფაქტები გვიჩვენებს, სენაკში ადგილი აქვს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენებას, კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმს. "ქართული ოცნების"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლად დაინიშნა გოჩა დგებუაძე. დანიშვნის დღიდან იგი შეუდგა ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე ზრუნვას.

2013 წელს, გამგეობის ყველაზე მსხვილი კონტრაქტორი გახდა შპს "ბალავარი", რომელიც დგებუაძეების ოჯახს ეკუთვნის. ფირმის დირექტორი გამგებლის ძმა თამაზ დგებუაძეა, 100% წილის მფლობელი კი, გამგებლის რძალი ნანა ხარებავაა. 2013 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან შპს "ბალავარმა" 116 413 ლარი მიიღო, რაც იმ წელს პროგრამით გათვალისწინებული თანხის თითქმის ნახევარია. გარდა ამისა, გოჩა დგებუაძემ თავის ახლობელს ი/მ პაატა გოგიშვილს 2013 წელს 39 342 ლარის, 2014 წელს კი, 140 840 ლარისკონტრაქტები გაუფორმა, რითიც ამ ფირმამ ჯამში 180 182 ლარი მიიღო.

2014 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი მსხვილი და ხშირი კონტრაქტორი უკვე შპს "სენ კაპიტალი" გახდა. კომპანია 2014 წლის 15 მაისს შეიქმნა და მისი 50% მფლობელი გამგებელის კიდევ ერთი ძმა, სოსო დგებუაძე გახლდათ. თუმცა, ადგილობრივი არჩევნების და ძმის გამგებლად არჩევის შემდეგ, 11 აგვისტოს, სოსო დგებუაძემ გადაიფორმა დარჩენილი ნახევარი და თვითონვე გახდა კომპანიის 100 % წილის მფლობელიც და დირექტორიც. 2014 წლის აგვისტოს და სექტემბრის განმავლობაში, სოსო დგებუაძემ თავისი გამგებელი ძმისგან მიიღო 56 ათსაზე მეტი ლარის დაკვეთა, რაც გამგეობის მიერ ამ პერიოდში მსგავსი სამუშაოებისათვის დახარჯული თანხის 60%-ია. სულ, 2014 წელს, შპს "სენ კაპიტალმა" მიიღო 92 817 ლარი. აღსანიშნავია, რომ ინტერესთა კონფლიქტის ფორმალურად თავიდან აცილების მიზნით, კონტრაქტის გაფორმების დროს, გოჩა დგებუაძე შვებულებაში გადის და კონტრაქტს ხელს მისი მოადგილე, თენგიზ ლომია აწერს.

მარტივი არითმეტიკით, გოჩა დგებუაძემ თავის ოჯახის წევრებს და ახლობლებს, არასრული ორი წლის განმავლობაში, გადაურიცხა 389 412 ლარი.

გარდა, ნეპოტიზმისა და ოჯახური კლანებით მმართველობისა, სენაკი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი გამოყენებით გამოირჩევა. 2014 წელს, ე.წ. წარმომადგენლობით ხარჯებზე, სენაკის მუნიციპალიტეტში 120 802 ლარი დაიხარჯა. ამ სიაში რამოდენიმე მუხლია საინტერესო:

სახალხო დღესასწაულ "ეგრისობის" ვიდეოგადაღებით უზრუნველყოფა - 4000 ლარი;

იგივე დღესასწაულის სარეჟისორო მომსახურება - 12 000 და 9 000, ჯამში 21 000 ლარი. იგივე დღესასწაულზე ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა - 7 000 ლარი;

რესტორნებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურება (180 პერსონაზე) – 8 250 ლარი. ჯამში, სახალხო დღესასწაული "ეგრისობა" – 64 000-ზე ლარზე მეტი დაჯდა, რაც გაუგებარ ფუფუნებად მიგვაჩნია გაჩერებული ეკონომიკის, გარღვეული ბიუჯეტის, დაკარგული სამუშაო ადგილებისა და მოსახლეობის მასობრივი გაღარიბების ფონზე.

ჩვენ ერთი მუნიციპალიტეტის მაგალითი მოვიყვანეთ, მაგრამ აბსოლიტურად იგივე მდგომარეობაა მთელ საქართველოში. დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისა და თავისი საარჩევნო დანაპირების შესრულების ნაცვლად, თავისი და საკუთარი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ახლობლების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებით და კომფორტის შექმნით არის დაკავებული", - ნათქვამია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.