თურქეთის მოქალაქეთა მხოლოდ 28 % ემხრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. სააგენტო "ანადოლუს" ინფორმაციით, ამას მოწმობს ნოემბერში ევროკომისიის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა თურქეთის სხვადასხვა პროვინციიდან 1087-მა ადამიანმა მიიღო.
გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანებას გამოკითხულთა 39 % ეწინააღმდეგება, 25 %-სთვის ამ საკითხს მნიშვნელობა არ აქვს, 8 %-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა.
სააგენტოს თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია, რადგან ჯერ კიდევ მაისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, თურქეთის მოსახლეობის 38 % ემხრობოდა ევროკავშირში გაწევრიანებას, წინააღმდეგი კი 33 % იყო.
თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ფორმალურად 1987 წელს შეიტანა, მოლაპარაკებები კი 2005 წლიდან დაიწყო.