საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში საყდრისთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქციის წევრმა ნინო გოგუაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დღეს დაარეგისტრირეს საკითხი, რომლითაც ისინი ითხოვენ, პარლამენტის დღის წესრიგში შევიდეს საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი.
"ძალიან მძიმე მოვლენები განვითარდა. ეს არის მთავარი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიდის. ეს არის სახელმწიფოსა და საზოგადოების დაპირისპირება. ეს არის სახელმწიფოს ძალადობა და დამოკიდებულება როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ასევე საზოგადოების მიმართ. ადამიანები სრულიად რაციონალურად რამდენიმე თვე ითხოვდნენ, ხელთ ჰქონდათ მეცნიერული დასაბუთება, რომ ეს ძეგლი კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენდა. მეორე მხარისგან, ვისაც უნდოდა საყდრისზე სამუშაოები გაეგრძელებინა, ისინი ასევე ითხოვდნენ ანალოგიურ დასაბუთებას. ამ ადამიანების ზურგს უკან, სასამართლოს გვერდის ავლით მიიღეს გადაწყვეტილება სტატუსის მოხსნის და ძეგლის აფეთქების შესახებ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველა ის ადამიანი, რომელმაც ეს ჩაიდინა და ამიტომ აუცილებელია შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში", _ განაცხადა გოგუაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგში უახლოეს დღეებში დადგება.