აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2014 წლის 18 დეკემბერს, ქ. ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი საზოგადოებასთან ურთიერობის, განათლების, კულტურული გაცვლების და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაა. ამერიკის მხრიდან შეხვედრას სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწის პირველი მოადგილე, მარკ ტონერი და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე, ჯონათან კატსი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით დონდუა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი თანათავმჯდომარეობდნენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-მა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. ამასთან, ამერიკის მხარემ შეშფოთება გამოხატა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესთან დაკავშირებით, რაც რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს არ შეესაბამება.
აღნიშნულ კონტექსტში, სამუშაო ჯგუფმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მიმართ სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის კუთხით კონკრეტული პროგრესის მისაღწევად ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენს. სამუშაო ჯგუფმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან
სამოქალაქო ინტეგრაციისა და შერიგების სხვა ინიციატივების მეშვეობით ჩართულობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და ამგვარი ძალისხმევის მოწოდებით გამოვიდა. ამასთან, სამუშაო ჯგუფმა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ ტოლერანტობისა და მათი ინკლუზიურობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე იმსჯელა. ამერიკის მხარემ, იმ მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელ პროგრამებს დაუჭირა მხარი, რომლებიც აღნიშნული მიზნების მიღწევისკენაა მიმართული. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობა ადგილზე ადამიანებს შორის კონტაქტების გაძლიერებისთვის აშშ-ის ხელის შეწყობის ძალისხმევას მიესალმა.
სამუშაო ჯგუფმა საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) სფეროებში „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამერიკის მხარემ „ფლექსის" პროგრამაში მონაწილე ქართველი სტუდენტებისთვის განკუთვნილი ადგილების 33% გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. აგრეთვე აშშ-ის მშვიდობის კორპუსის მოხალისეების რაოდენობის 23% ზრდის თაობაზეც გაკეთდა განცხადება. ისინი ამჯერად საქართველოს იმ რეგიონებშიც განთავსდებიან, სადაც 2008 წლის შემდეგ წვდომა არ ჰქონდათ. ამასთან გადაწყდა, რომ 2015 წელს აშშ-სა და საქართველოს შორის ახალ სპორტულ გაცვით პროგრამას ჩაეყრება საფუძველი. ასევე, ქვეყნებს შორის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ფარგლებში „ფულბრაიტის" სამაგისტრო პროგრამის გაფართოება დადებითად შეფასდა.
ასევე, სამუშაო ჯგუფმა აშშ-სა და საქართველოს შორის ჯანდაცვის სფეროს გაძლიერების ეფექტური თანამშრომლობა განიხილა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს მხარემ საქართველოს ძალისხმევა, რომ დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციის მიზნით საკუთარი პროგრამა შეიმუშაოს, რომელიც როგორც დაჭრილი ჯარისკაცების, ისევე სამოქალაქო პირებისთვის პროთეზირების მომსახურების გაწევას ითვალისწინებს, მოიწონა.
სამუშაო ჯგუფმა რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის „გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების დღის წესრიგის“ ხელშეწყობისკენ მიმართულ ერთობლივ ძალისხმევასა და ტუბერკულიოზის მკურნალობის პროგრამების უწყვეტი განხორცილების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ასევე მან C ჰეპატიტის აღმოფხვრის მიზნით საქართველოს მიერ დაწყებული ახალი ორმხრივი პარტნიორობა განიხილა. ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ამერიკულ ცენტრებსა და საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას მიესალმა.
სტრატეგიული პარტნიორობის კომისია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ფართო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს. კომისიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფი მოქმედებს, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებზე არიან კონცენტრირებულნი. ეს სფეროებია: დემოკრატია; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.