ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე 2015 წლის სამოქმედო გეგმა შეთანხმდა, რომელიც მთავრობის მორიგ სხდომაზე დამტკიცდება.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განუცხადა, სამოქმედო გეგმა გულისხმობს იმ ღონისძიებებს, რაც უნდა განხორციელდეს ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით მთავრობისა და თითოეული სამინისტროს მიერ.
"მათ შორის ეს ასევე გულისხმობს ჩვენი აპარატის საქმიანობას, გარდა იმ ვალდებულებებისა, რომელიც ითვალისწინებს პროცესის კოორდინაციას. ჩვენ გვაქვს კიდევ ნაკისრი სხვა ვალდებულებები, რომლის მიხედვითაც ვგეგმავთ, რომ 2015 წელს შესრულდეს სამოქმედო გეგმა შესრულების ისეთივე მაღალი ხარისხით, როგორც შესრულდა 2014 წლის ოთხი თვის სამოქმედო გეგმა, რომელშიც არ არის არც ერთი მუხლი და არც ერთი ღონისძიება, რომელიც დარჩა შესრულების გარეშე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კომუნიკაციის სტრატეგიის საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა და შემუშავებული იქნა 12 თვეზე გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელშიც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები, საელჩოები და დონორი ორგანიზაციები ჩაერთვებიან", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს ევროკავშირში ინეტგარციის კომისიის რიგით 51-ე სხდომა დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.