საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ეკა ბესელიამ და ვახტანგ ხმალაძემ კიდევ ერთი კანონპროექტი ვერ "გაიყვეს". ამჯერად საქმე ეხება სახალხო დამცველის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს.
კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა და მასზე იურიდიულმა დეპარტამენტმა წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი დაასახელა, თუმცა აღნიშნული ეკა ბესელიამ გააპროტესტა და განაცხადა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ადამიანის უფლებებს შეეხებოდა და ლოგიკური იქნებოდა, თუკი წამყვანი კომიტეტი სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი იქნებოდა.
"მგონია, რომ რაღაც კრიტერიუმები უნდა დავიცვათ. სახალხო დამცველი როცა შემოდის კონკრეტული წინადადებით, რომ მისი საქმიანობის ფარგლები და მანდატი იყოს კიდევ უფრო მეტად წარმოდგენილი, მათ შორის ადმინისტრაციულ პროცესში, ვფიქრობ, ეს პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენს კომიტეტთან. ეს არ უნდა იყოს სადავო. როგორ მოვერიო საქმეს იმას ვფიქრობ, არათუ დავიმატო, მაგრამ მინდა რომ რაღაც კრიტერიუმები ჩამოყალიბდეს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი პოზიცია არ გაიზიარა თავად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ.
"მე, არამგონია, ეს ამ შემთხვევაში სწორი იყოს. ზოგადად მიდგომა, რომ თუ საქმე ეხება ადამიანის უფლებებს, წამყვანი კომიტეტი იყოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, არასწორია, რადგან თითქმის ვერ დაასახელებთ სფეროს, რომ საკითხი არ ეხებოდეს ადამიანის უფებებს. ამიტომ აქ მიდგომა უფრო დარგობრივი ხასიათის უნდა უყოს", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
საბოლოო ჯამში, ბიურომ კენჭი უყარა აღნიშნულ საკითხს და ხმათა უმრავლესობით კანონპროექტთან მიმართებაში წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ნაცვლად ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი განისაზღვრა.
როგორც კენჭისყრის შემდეგ სხდომის წამყვანმა მანანა კობახიძემ განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს კომიტეტებს, ფრაქციებს ან პერსონალურად დეპუტატებს შორის დაპირისპირების არსებობას.
"ეს გადაწყვეტილება არ ახდენს გავლენას ჩვენს მეგობრულ ურთიერთობაზე", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეკა ბესელია და ვახტანგ ხმალაძე მსგავს საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.