პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით დაიხურა. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანო მომავალ კვირას რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება.
'დღეს დეკემბრის მესამე პარასკევია, რაც ნიშნავს იმას, ბიუროს დღევანდელი სხდომით საშემოდგომო სესია დაიხურება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მუშაობა დავამთავრეთ, იქედან გამომდინარე, რომ დარჩენილია საკითხები, რომლებზეც პარლამენტს მუშაობა არ დაუსრულებია, მომავალ კვირას რიგგარეშე სხდომის ფორმატში შევიკრიბებით", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე პარლამენტი შესაბამისი წინადადებით პრეზიდენტს მომავალი კვირის ორშაბათს მიმართავს.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება, საგაზაფხულო სესია კი თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.