„ოღონდ პუტინმა თავი დაანებოს იმას, რასაც აკეთებს, სიამოვნებით მასაც შევაწევ სიტყვას“

„ოღონდ პუტინმა თავი დაანებოს იმას, რასაც აკეთებს, სიამოვნებით მასაც შევაწევ სიტყვას“

ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი მისამართით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის დასაქმებასთან დაკავშირებით პუტინს შეუძლია არ ინერვიულოს, რადგან მისი თქმით, ის საკმაოდ მნიშვნელოვან ორგანიზაციებშია დასაქმებული.

„რაც შეეხება ჩემს დასაქმებას, ვლადიმერ ვლადიმერის ძეს შეუძლია არ ინერვიულოს, ძალიან ბევრ წამყვან უნივერსიტეტში მიმიწვიეს ამ ბოლო თვეებში, შემომათავაზეს უკრაინის მთავრობაში პოსტიც, ჩემი ხელმძღვანელობით ინსტიტუტიც შეიქმნა ვაშინგტონში. ოღონდ პუტინმა თავის დაანებოს იმას, რასაც აკეთებს, სიამოვნებით მასაც შევაწევ სიტყვას, მასაც მისცემენ ვიზას და მზად ვარ ავიყვანო ჩვენ ინსტიტუტში და ჩავაბაროთ რამე მემუარების დაწერა, ოღონდ ჩამოშორდეს იმ საქმეს, რომლითაც ახლა არის დაკავებული“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, რუსეთი უფსკრულში იჩეხება, თუმცა მის პრეზიდენტს დრო აქვს ილაპარაკოს მასზე. მისი თქმით, რამდენიც უნდა ილაპარაკოს მასზე პუტინმა, იმ იდეას, რომელსაც ის ემსახურება, ვერ დაამარცხებს.

„ჩვენთვის უბედურება ის არის, რომ საქართველოს დღევანდელი მმართველები და პუტინი ერთადერთი ხალხია მსოფლიოში, რომელიც ლაპარაკობს ერთი ტერმინებით, ერთი გემოვნების არის და ერთი და იგივე რამე უნდა, ამან მემგონი უნდა დაგვაფიქროს. ჩვენი უკან დახევა საქართველოში დროებითია, მართალია პუტინმა დასვა თავის გემოვნების შესაბამისი მმართველი 2 მილიონ დოლარად, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ჩემი სხეულის ნაწილებზე, რა ეპითეტებითაც არ უნდა შემამკოს, მთავარია ის, რომ ჩვენ შევქმენით ის იდეა, რომელიც ვერ დამარცხდება, საქართველოში დროებით ამ იდეამ უკან დახევა განიცადა, მაგრამ ის აღმოცენდა უკრაინაში, ამ იდეამ ახლახან გაიმარჯვა მოლდოვაში და ეს იდეა აუცილებლად გაიმარჯვებს რუსეთშიც. ეს არის იდეა თავისუფლების, რომლის განსახიერებად და სიმბოლოდ იქცა ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებდით საქართველოში. რა თქმა უნდა, პიროვნულად შეიძლება ჩვენ მოგვსპონ, გვერდზე გავწიონ და ა.შ, მაგრამ ამ იდეას უკვე პუტინი ვერაფერს მოუხერხებს“,-განაცხადა სააკაშვილმა