საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ქეით პენტუს-როსიმანუსს შეხვდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფოს მეთაურს, უპირველესად, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმების რატიფიკაცია მიულოცა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილი ვითარება იყო. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქეით პენტუს-როსიმანუსს ესტონეთის მხარდაჭერისთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

"ეს იყო ძალიან გულახდილი და მეგობრული შეხვედრა. იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას აქვს ძალიან ახლო და ღია ურთიერთობა, ვფიქრობ, ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ როგორ ვხედავთ ამ მოვლენების განვითარებას მომავალში. ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ საქართველოს განვითარების საკითხები, გზა ევროკავშირისა და ნატო-სკენ, ასევე თქვენ მიერ განხორციელებული რეფორმები. ვფიქრობ, საქმე გაკეთდა და სამუშაო ბრწყინვალედ  არის შესრულებული. პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოვხატე ესტონეთის მხარდაჭრა საქართველოს მიმართ და მზად ვართ გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მოხარულები ვიქნებით თუ დაგეხმარებათ ჩვენი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისა და სამთავრობო რეფორმების მიმართულებით", - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები ესწრებოდნენ.