„უწყებამ ურთულესი ამოცანა შეასრულა, რათა არაადამიანურ მოპყრობაზე დამყარებული სისტემა გარდაექმნა“

„უწყებამ ურთულესი ამოცანა შეასრულა, რათა არაადამიანურ მოპყრობაზე დამყარებული სისტემა გარდაექმნა“

სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ სამინისტროს 2-წლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა.

"ამ ხნის განმავლობაში სამინისტრომ უდიდესი შრომა გასწია შედეგების მისაღებად. სამინისტროს მოუხდა ურთულესი ამოცანის შესრულება, რათა გარდაექმნა შიშსა და არაადამიანურ მოპყრობაზე დამყარებული სისტემა და მიგვეღო ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ინსტიტუტი. ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა 20-ზე მეტი დიდი თუ მცირე ინფრაქტრუქტურული პროექტი. საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა „პატიმრობის კოდექსში“, რამაც მკვეთრად გააუმჯობესა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა. წარმატებით განხორციელდა პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმა. ხორციელდება ცე ჰეპატიტის მკურნალობისა და პრევენციის უპრეცედენტო პროგრამა. დაინერგა სასწავლო პროგრამები სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისა და სამედიცინო პერსონალისთვის. არსებითი ცვლილებები მოხდა პრობაციის  მიმართულებით. ამოქმედდა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, რომელსაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ანალოგი არ გააჩნია და ასევე ის ატარებს რებილიტაციისა და რესოციალიზაციის იდეას. გაძლიერდა მუშაობა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და რისკების შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობა“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, მიღწეული შედეგების მიუხედავად გამოწვევები კვლავ რჩება, პირველ რიგში, ეს არის რიგი ინფრასტრუქტურული საკითხები, ასევე სისტემის თანამშრომლთა კვალიფიკაცია, რის მოგვარებასაც გარკვეული დრო და სახსრები სჭირდება.

„ჩვენი უმთავრესი მიზანია სისტემის გაჯანსაღება, რისთვისაც ჩემი ინიციატივით შემუშავდა სასჯელაღსრულების სიტემის ყველაზე მასშტაბური ინსტიტუციური რეფორმა. აღნიშნული რეფორმა არსებულ ხარვეზებს მაქსიმალურად აღმოფხვრის და დაგვაახლოვებს ევროპულ სტანდარტებთან. ინსტიტუციური რეფორმის მთავარი მიზნებია - პენიტენციური სისტემის ერთიანი მართვის თანამედროვე ეფექტიან მოდელზე გადასვლა, უსაფრთხოების სამსახურების მოდერნიზაცია, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის გაძლიერება, ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტიანი შიდა მონიტორინგის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, ასევე ადმინისტრირების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და მის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა. თანამშრომელთა სოციალური, სამართლებრივი და უსაფრთხოების გარანტიების შექმნა. აღნიშნული რეფორმის შედეგი უნდა იყოს რეაბილიტირებული მსჯავრდებული და უსაფრთხო გარემო, რაც ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მღებრიშვილმა და დასძინა, რომ ვერცერთი რეფორმა ვერ იქნება წარმატებული საზოგადოების თანადგომის გარეშე და მინისტრს იმედი აქვს, რომ საზოგადოების მხრიდან აღნიშნულ მხარდაჭერას მიიღებს.