„არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გადაწყვეტილება რიგაში მიიღება და მეორე დღეს უვიზოდ ვიმოძრავებთ“

„არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გადაწყვეტილება რიგაში მიიღება და მეორე დღეს უვიზოდ ვიმოძრავებთ“

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რიგის სამიტზე საქართველო ევროკომისიისგან იმის დადასტურებას ელის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რაც მასზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი შეასრულა.

როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კეიტ პენტუს - როსიმანნუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ორი - ტექნიკური და პოლიტიკური განზომილებისგან შედგება.

„ტექნიკური განზომილება სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ორი ფაზის დასრულებას ითვალისწინებს, რომელიც ჩვეულებრივი, ჩამოყალიბებული პროცედურაა ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. საქართველოს აქვს მთელი რიგი ვალდებულებებისა, განახორციელოს ორი ფაზით გათვალისწინებული ამოცანები. ამ ეტაპზე პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა და გადავედით მეორე, საიმპლემენტაციო ფაზაზე. ჩვენი ამოცანაა, ყველა ვალდებულება, რომელიც ამ სამოქმედო გეგმაშია გაწერილი, რიგის სამიტამდე შესრულდეს და ევროკომისიიდან მივიღოთ რეკომენდაცია, რომ საქართველო მზადაა უვიზო რეჟიმი მიიღოს. ამას რა საკვირველია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ესტონელი და სხვა მეგობრების მხარდაჭერა.

„არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ გადაწყვეტილება რიგაში მიიღება და ჩვენ მეორე დღეს თავისუფლად ვიმოძრავებთ შენგენის ქვეყნებში. რიგაში ველით იმის დადასტურებას, რომ საქართველომ ყველაფერი, რაც მასზე იყო დაკისრებული ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, შეასრულა“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.