„ასოცირების შეთანხმება ჩვენი ინვესტიციაა მომავალში და მძლავრი სტიმული რეფორმებისთვის“

„ასოცირების შეთანხმება ჩვენი ინვესტიციაა მომავალში და მძლავრი სტიმული რეფორმებისთვის“

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საბოლოო მიზანი არაა და ევროკავშირისკენ მიმავალი საპასუხისმგებლო გზის დასაწყისია

როგორც მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროპარლამენტის მიერ დოკუმენტის რატიფიცირება მძლავრი სიგნალია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის, რომ ეს პროცესი დროულად დაასრულონ.

„ლისაბონის ხელშეკრულების შედეგად, არსებითად გაძლიერებული როლისა და კომპეტენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სამართლებრივი და სიმბოლური დატვირთვა აქვს. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ქვეყნებს, რომლებმაც რატიფიკაცია უკვე განახორციელეს. გუშინ ამ სახელმწიფოთა რიცხვს დანიის სამეფო შეუერთდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ასოცირების ხელშეკრულება რომელიმე პოლიტიკური ძალის დამსახურება არაა, ეს პირველ რიგში ქართველი ხალხის მიღწევაა, რომელიც ქვეყნის ევროპულ კურსს მხარს უჭერს. ამასთანავე, ეს ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევის ნათელი შედეგია, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და გაღრმავების მყარ საფუძველს. ასოცირების შეთანხმება, რომელიც პირველი სექტემბრიდან დროებით ამოქმედდა, საქართველოს განვითარების, უსაფრთხოებისა და გამთლიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ამ შეთანხმებით საქართველო ვალდებულებას იღებს, ქვეყანაში ეტაპობრივად დანერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს. ასოცირების შეთანხმება ჩვენი ინვესტიციაა მომავალში და მძლავრი სტიმული რეფორმებისთვის“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის უმთავრესი მიზანი შეთანხმების ეფექტური განხორციელებაა, რათა მოქალაქეებმა ევროპული ინტეგრაციის კონკრეტული შედეგები რაც შეიძლება მალე დაინახონ და ისარგებლონ.

ბერუჩაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გახსნილი შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებას ექცევა.

„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე არსებითად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას, მეტი ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის გარემოს გაუმჯობესებას, ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზაციას და ა.შ. ევროკავშირთან ვაჭრობა ტარიფებისა და ტექნიკური ბარიერების გარეშე მნიშვნელოვანი სტიმულია ქართული ბიზნესისთვის გააფართოვოს და განავითაროს საქმიანობა, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და ხელს შეუწყობს სოციალურ კეთილდღეობას“, - აღნიშნა ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, შეთანხმებით გათვალისწინებული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოქალაქეთა მობილობის გაზრდა და შესაბამის ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შემოღებაა.

„საქართველოს მთავრობამ სერიოზული ძალისხმევა გასწია ამ მიმართულებით. შედეგად, ჩვენ გადავედით სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე იმპლიმენტაციის ფაზაზე, რომლის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის შესაბამისი შეფასებისა და გადაწყვეტილების საფუძველზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას მივაღწევთ. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია რიგის სამიტამდე მეორე ფაზით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტი შესრულდეს. ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი საკმაოდ შრომატევადი და გამოწვევებით აღსავსეა, რომელიც მთავრობისგან, პოლიტიკური ძალებისგან, საზოგადოებისგან და თითოეული ჩვენგანისგან აქტიურ ჩართულობას და ურთიერთ თანადგომას მოითხოვს. საქართველოს მთავრობა მზადაა გააგრძელოს ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები და მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს ამ პროცესის წარმატების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.