საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ნიშანი იყო.
როგორც იანოშ ჰერმანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ეს იყო ქართველი ერის ნების გამოხატულება, ასევე საქართველოს მიღწევების აღიარება. ელჩის განცხადებით, რატიფიცირება გამოხატავს ევროპარლამენტის სრულ ნდობას საქართველოსადმი.
"ასოცირების შეთანხმების განხორციელება არ იქნება იოლი არც საქართველოსთვის და არც ევროკავშირისთვის, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია. ამ შეთანხმების ამოცანაა გაძლიერდეს დემოკრატია საქართველოში, გასცდეს იმ დადებით შედეგებს, რომელიც დღემდე არის. მისი ამოცანაა ასევე პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის რეფირმირება და კანონის უზენაესობის განმტკიცება", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
მისივე თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოში ეკონომიკურ პროგრესს შეუწყობს ხელს.
"ჩვენი საერთო მიზანია ვიზის ლიბერალიზაცია და მომდევნო თვეებში ერთად ვივლით ამ გზაზე. ევროპის პარლამენტმა გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული ევროპული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. ასევე მტკიცედ გადაწყვიტა, რომ თქვენთან ერთად იმუშავებს კონფლიქტების გადაწყვეტის კუთხით. გუშინ დადასტურდა სრული რწმენა, ნდობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის გამყარდა და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს იმ გზაზე, რომელზეც ერთობლივად დავდექით. ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ საქართველო, როგორც სტაბილური დემოკრატიული ქვეყანა მაღალგანვითარებულ ევროპულ ოჯახში", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.