თეა წულუკიანი - იდეალური მოდელი იქნება, მთავარი პროკურორის დასახელებაში ხელისუფლების სამივე შტო თანაბრად მონაწილეობდეს

თეა წულუკიანი - იდეალური მოდელი იქნება, მთავარი პროკურორის დასახელებაში ხელისუფლების სამივე შტო თანაბრად მონაწილეობდეს

იდეალური იქნება ვიპოვოთ ისეთი მოდელი, რომლის მიხედვითაც მთავარი პროკურორის დასახელებაში ხელისუფლების სამივე შტო თანაბრად მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა. მისი თქმით, ასეთი მოდელისთვის საჭირო იქნება საკონსტიტუციო ცვლილება და მინისტრი იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევაში უმრავლესობა და უმცირესობა ერთიანი იქნება. 

"მოდელებზე ფიქრი არსებობს. ერთი არის რაც წერია კონსტიტუციაში. მასში ჩაგვრჩა ჩანაწერი, რომ პროკურატურის ორგანოებს ზოგად ხელმძღვანელობას უწევს იუსტიციის მინისტრი, თუმცა კანონი ამბობს რეალურად სხვა რამეს და რეალურად, იუსტიციის მინისტრი არ ახორციელებს პროკურატურის ორგანოების ხელმძღვანელობას. კანონში მე მეკრძალება ჩავერიო საპროკურორო საქმიანობაში. ჩვენ თუ წავალთ იმ მოდელისკენ, რომ კონსტიტუციაც შეიცვალოს, იდეალური იქნება ვიპოვოთ ისეთი მოდელი, რომლის მიხედვითაც მთავარი პროკურორის დასახელებაში ხელისუფლების სამივე შტო თანაბრად მონაწილეობს. ასევე მესახება იდეალურად თუ საარჩევნო პერიოდებს არ დაემთხვევა მთავარი პროკურორების უფლებამოსილებების ვადა და კანონით განვამტკიცოთ, რომ ეს პოზიცია იქნება ნებისმიერი საარჩევნო ციკლისგან და პოლიტიკური პროცესისგან დამოუკიდებელი", - განაცხადა წულუკიანმა. 

მისივე თქმით, ერთ-ერთ მოდელად განიხილება ისიც, რომ პრეზიდენტმა წარადგინოს მთავარი პროკურორი. "ერთ-ერთ მოდელად განვიხილავთ ამასაც. თუ ეს ასე მოხდა, ასევე კონსტიტუციის ცვლილება იქნება საჭირო და იმედია აქ უმრავლესობა და უმცირესობა ვიქნებით ერთიანი იმ მოდელთან დაკავშირებით, რომელიც ერთად უნდა შევიმუშაოთ. ამიტომაც, 27 დეკემბრის სხდომაზე არის მოწვეული როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე მისი მოადგილე, რომელიც ამჟამად უკვე ოპოზიციაში იმყოფება და ყველა ის დეპუტატი, რომელიც თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე უნდა იყოს დაინტერესებული", - განაცხადა წულუკიანმა. 

მისივე თქმით, პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ დამოუკიდებლობა არ ნიშნავს სრულ დამოუკიდებლობას, რადგან მთავარი პროკურორი პასუხს სხვა ორგანოს წინაშე უნდა აგებდეს, როდესაც ხდება შეცდომები. 

"დღეს ეს პასუხისმგებლობის ორგანო მთავარ პროკურორს არ აქვს და ეს არის ინსტიტუციური ხარვეზი, რომელიც გვაწუხებს", - აღნიშნა წულუკიანმა. 

მისივე თქმით, 27 დეკემბერს, სისხლის სამართლის უწყებათაშორის საბჭოზე გაიხსნება მსჯელობა პროკურატურის რეფორმის თაობაზე. ამ საბჭოს თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. 

"ის, რომ ამ საბჭოში მოხდება მსჯელობა, ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ აზრად მე ან ვინმეს აქვს პროკურატურის ორგანოების იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში დაბრუნება. მე ეს არც პროფესიულად, არც პოლიტიკურად და არც პიროვნულად მსურს", - განაცხადა წულუკიანმა.