რუსეთი გააგრძელებს ხელშეწყობას სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარებისთვის. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ ოკუპირებული ცხინვალის პარლამენტის დეფაქტო სპიკერთან ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ გავაგრძელებთ ამ კუთხით ხელშეწყობას, მაგრამ ეს არ არის ადვილი პროცესი და ის ისე სწრაფად ვერ ხორციელდება, როგორც გვსურს. გასაგებია, რომ ამას გააჩნია პოლიტიკური და სხვა სახის მიზეზები, მაგრამ ეს არ გამორიცხავს სხვა ქვეყნებისთვის მოწოდებას ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით", - განაცხადა მატვიენკომ.
მანვე დასძინა, რომ მოვა დრო, როდესაც გაიგებენ, უკანდასახევი გზა რომ არ არსებობს და სამხრეთ ოსეთი სუვერენული სახელმწიფოა და საერთაშორისო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.
მატვიენკომ ბიბილოვს მიმართა, რომ ყურადღება გაამახვილოს იმ არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისადმი, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. "არსებობს ინფორმაცია, რომ მთელი რიგი ქვეყნები, რომლებსაც აინტერესებთ არა მხოლოდ ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობა, ინტერესს იჩენენ სამხრეთ ოსეთისადმი", - აღნიშნა საბჭოს სპიკერმა.
მისი თქმით, ეს ქვეყნები, რომლებიც კვებავენ არაკომერციულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ცდილობენ საქართველოსთან ურთიერთობების დამყარებას და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან რეინტეგრაციის მოწოდებით გამოდიან. "ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ", - განუცხადა მატვიენკომ ბიბილოვს. მისი თქმით, ამ ორგანიზაციებს ისევე სურთ სამხრეთ ოსეთის განვითარება, როგორც მათ, ვისაც ამ "ქვეყანაში" ვითარების დესტაბილიზების სურვილი აქვთ.