საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის დიალოგს ხელს უშლის არა რუსეთის, არამედ თბილისის პოზიცია. ამის შესახებ "რია ნოვოსტის" ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა განუცხადა.
"ჩვენ გვაქვს ჟენევის დისკუსიების ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან და რომელზეც, პირველ რიგში, წყდება უსაფრთხოების საკითხები. ამ ფორმატის ფარგლებში მუშავდება შეთანხმება საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ეს არის ფუნდამენტური დოკუმენტი, რომლის ხელმოწერის შემდეგაც შევძლებთ სხვა საკითხების განხილვასაც. რუსეთი ამ დოკუმენტის მიღების მომხრეა, საქართველო კი მას ბლოკავს. ამგვარად, დიალოგს ხელს უშლის არა რუსეთი, არამედ საქართველოს პოზიცია", - განაცხადა სანაკოევმა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც დააფიქსირა მოსაზრება, რომ საჭიროა, საქართველომ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან პირდაპირი კონტაქტები დაამყაროს და აღნიშნა, რომ მოსკოვი თანახმაა, ამას ხელი შეუწყოს.