ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი სრულად 2 წელიწადში დასრულდება

ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი სრულად 2 წელიწადში დასრულდება

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის კახა გოგოლაშვილის ვარაუდით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი ყველა წევრ სახელმწიფოში მაქსიმუმ ორ წელიწადში დასრულდება.

ამის შესახებ გოგოლაშვილმა "ინტერპრესნიუსს" ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების მნიშვნელობაზე საუბრისას განუცხადა.

"ევროპარლამენტში რატიფიცირება, როგორც წესი, უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებში, ვინაიდან ევროპარლამენტი მოწოდებულია, რომ ევროკავშირის სახელით გაფორმებული შეთანხმებები სწრაფად შევიდეს ძალაში. ასევე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპარლამენტის წევრები წარმოადგენენ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მართავენ ევროპას და კონკრეტულ სახელმწიფოებში მათ პარტიებს უმაღლესი პოზიციები გააჩნიათ. ასე რომ, ევროპარლამენტის მიერ ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისთვის იქნება სიგნალი, რომ მათ ასევე დააჩქარონ პროცესი. სამწუხაროდ, რატიფიცირება ყველა ქვეყანაში სწრაფად მაინც ვერ მოხდება, იმიტომ, რომ ზოგიერთ სახელმწიფოს უაღრესად რთული პროცედურები აქვს. მაგალითად, ბელგიაში 7 საკანონმდებლო ორგანოს მიერ უნდა მოხდეს რატიფიცირება, ასევე რთული სისტემაა ფედერაციული მოწყობის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. იმედია, ერთ-ორ წელიწადში, ალბათ, ორ წელიწადში მაქსიმუმ, რატიფიცირების პროცესი ყველა წევრ სახელმწიფოში მთლიანად დასრულდება", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს შესახებ რეზოლუციას, რომელიც მომხსენებელ ანდრეი მამიკინსის ანგარიშის საფუძველზე მომზადდა, კახა გოგოლაშვილის თქმით, დოკუმენტი გავლენას მოახდენს როგორც საქართველოს შიდა პროცესებზე, ისე ქვეყნის საერთაშორისო პოზიციაზე.

"ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება, ძირითადად, დადებითია, რადგან ობიექტურად რომ შევაფასოთ, საქართველო, ასე თუ ისე, ლიდერია ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში თავისი რეფორმებით; ევროკავშირთან დაახლოებული აქვს ძალიან ბევრი მიმართულება; მოსახლეობის სულისკვეთებაც პროდასავლურია და საქართველო, ყველა მთავრობის დროს, მყარად მისდევს ამ კურსს, მაგრამ არის საკითხები, რომლებშიც ევროკავშირი არ შეიძლება, არ იყოს საკმაოდ კრიტიკული და არის კიდეც. საბოლოო ჯამში, ევროკავშირი არის ფასეულობრივი კავშირი და წარმოუდგენელია, მან გარკვეული კრიტიკა არ დააფიქსიროს ისეთ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც უშუალოდ ეხება დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის უფლებებს და პოლიტიკურ ფასეულობებს... ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იმ საკითხებზე, რომლებზეც საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები არსებობს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში უკმაყოფილებაა, რა თქმა უნდა, იქნება კრიტიკა. ეს ძირითადად ეხება სასამართლოს, სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობას თუნდაც ფორმის და კომუნიკაციების კუთხით, სამართლებრივი დევნის მოტივაციების დასაბუთებას და ა.შ. აქ არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა და ამ მიმართულებით იქნება შენიშვნები. ამასთან, ეს კრიტიკა კრიტიკისთვისაც არ იქნება. ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასეთი სახის კრიტიკა ნიშნავს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იგი, ვინაიდან ერთია ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა და მისი რატიფიცირება, მაგრამ ხელშეკრულების ძალაში შესვლა ყველაფერი არ არის. ჩვენი მიზანია ევროკავშირთან დაახლოება იმდენად, რომ მერე გავწევრიანდეთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ გზაზე რაიმე შეფერხებები დავუშვათ - არც ერთი მოსაზრებით და არანაირი პოლიტიკური მოტივაციის ან თუ გნებავთ, საზოგადოებრივი აზრის გათვალსიწინების გამოც. საზოგადოებრივი აზრი გრძელვადიან პერსპექტივაში არის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აუცილებელია, ხოლო თუ რაღაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი გაიყო, აუცილებლად უნდა გავითვალსწინოთ გრძელვადიანი პერსპექტივა და არა დღევანდელი კონიუნქტურა, რა მოსწონს ხალხს დღეს და რა - არა, იმიტომ, რომ იგივე ხალხს, გრძელვადიან პერსპექტივში, ევროკავშირში გაწევრიანება სურს", - განაცხადა გოგოლაშვილმა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ხშირად აპელირებენ, რომ კრიტიკული ჩანაწერები საქართველოს შესახებ რეზოლუციებში მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის -"ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) ლობირებით ხვდება. კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ასეც რომ იყოს, ჩვენ მათი იგნორირების და დაკნინების უფლება არ გვაქვს.

"შეიძლება მართლაც ასე იყოს, არსებობს გარკვეული პარტიული ინტერესები და სუბიექტივიზმი, მაგრამ აქ მარტო ამაზე ხომ არ არის საუბარი?! EPP არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მქონე პარტია ევროპელი ხალხის წინაშე, ის ყოველთვის იბრძვის გამარჯვებისთვის. ის, რომ დღეს 1/3-ზე მეტი ევროპარლამენტარებისა "ევროპის სახალხო პარტიის" წევრია და დანარჩენი 1/3 მხარს უჭერს ამ პარტიის გადაწყვეტილებებს, მარტივი მოსაპოვებელი არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპელი ხალხი ამ პარტიას ენდობა. შეიძლება იყოს გარკვეული რადიკალიზმი რაღაც საკითხებში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ იგნორირების და დაკნინების უფლება არ გვაქვს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიის მიერ იქნება ინიცირებული ესა თუ ის შესწორება, თუ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუციაში, ე.ი. იზიარებს ყველა ის პარტია, რომელმაც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, ანუ ევროპარლამენტის უმრავლესობა. ინიციატივა ვისი იყო, ამას უკვე ტექნიკური მნიშვნელობა აქვს და არა - პოლიტიკური. ამიტომ სჯობს, ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურული განცხადებების გარეშე გარკვეული შენიშვნები მივიღოთ და შევეცადოთ გამოვასწოროთ, რაც სრულებითაც არ ნიშნავს მოწოდებას იმისკენ, რომ "სამართლაინობა არ უნდა აღდგეს" ან თუ ადამიანი დამნაშავეა, არ უნდა დაიჭირო. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი ისე უნდა მიმდინარეობდეს, ეჭვებს არ უნდა იწვევდეს", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოსაჩენია ძალიან დიდი სიბრძნე, მათ შორის, საზოგადოებასთან მუშაობის კუთხით.

"თუ არაპოპულარული იქნება მიდგომა, რომ სახელმწიფო უფრო ფრთხილად იმოქმდებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, ამის კომპენსირება შესაძლებელია. "ქართულმა ოცნებამ" რომ არ დაკარგოს ხალხის მხარდაჭერა იმ მოტივით, რომ "ყველაფერს პატიობს და თანამშრომლობს წინა ხელისუფლებასთან", უკეთესი კომუნიკაცია უნდა დაამყაროს მოსახლეობასთან, მეტად დაანახოს ხალხს საერთო სტარტეგიული ხედვები. საზოგადოებამაც უნდა იცოდეს, რომ თუ მმართველ ძალას უნდა გრძლევადიანად ავტორიტეტის შენარჩუნება, მან პოპულისტური მიდგომებიდან გამომდინარე არ უნდა იმოქმედოს", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება რატიფიცირებულ იქნა ევროპარლამენტისა და დანიის საკანონმდებლო ორგანოს მიერ. ამ დროისთვის ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოდან დოკუმენტი 11 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული.