ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ადვოკატის პროფესია უფრო ძლიერი და უფრო დაფასებული იყოს, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კონსტანტინე კუბლაშვილი ადვოკატთა როლისა და პროფესიული გარანტიების შესახებ სასტუმრო "რედისონში" გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია მხარდაჭერილი და ორგანიზებულია ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის - "სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" მიერ.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია, პროფესიული სტანდარტების ამაღლებისკენ მიმართული სამუშაოების გასაგრძელებლად, გაძლიერდეს "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" მხარდაჭერა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ადვოკატის პროფესია იყოს უფრო ძლიერი და უფრო დაფასებული, თავად ადვოკატთა უფლებები იყოს გარანტირებული, რადგან ეს თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობას. ჩვენი მხრიდან, სასამართლო ხელისუფლებიდან ყოველთვის იქნება და არის კიდეც შეთავაზება ადვოკატებისადმი, რომ ერთად გამოვიყენოთ სასამართლო ხელისუფლებაში არსებული როგორც ინტელექტუალური, ისე მატერიალური რესურსი და მათთან ერთად გვქონდეს შეხვედრები, სემინარები და ტრენინგები, რითაც კიდევ უფრო ავამაღლებთ მათ კვალიფიკიციას. ეს იქნება ალბათ მთავარი მიზანი მომავალი წლების განმავლობაში", - აღნიშნა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, დღევანდელი კონფერენცია "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობისაა.
ღონისიძებას ესწრებოდნენ სასამართლო, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის საბჭოს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები. კონფერენციაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული გაერთიანებების პრეზიდენტი მარია სლაზაკი.