ვლადიმერ პუტინი:  რუსეთს ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ სააკაშვილს დევნიან

ვლადიმერ პუტინი: რუსეთს ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ სააკაშვილს დევნიან

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, თავის დროზე არაერთხელ არწმუნებდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომ არ დაეწყო საბრძოლო მოქმედებები. მისივე თქმით, რუსეთს ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ სააკაშვილს დევნიან.

"მას დევნის საქართველოს მოქმედი ხელისუფლებაც და არა - ჩვენი ინიციატივით. ჩვენ ამაში ბრალი არ მიგვიძღვის. ყოველთვის ვეუბნებოდი, ნუ გააკეთებთ ამას, ნუ დაიწყებთ საბრძოლო მოქმედებებს. მპასუხობდა, არა, არავითარ შემთხვევაშიო. მაგრამ შედეგი ყველასთვის ცნობილია. ძალიან ძნელია ამ ვითარებიდან გამოსვლა. მესმის, რომ ეს საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ღია ჭრილობაა, მტკივნეულია. 1919 წელიც ხომ გახსოვთ, მაშინათ მძიმე მოვლენები იყო რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა, აფხაზეთმა კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩენის სურვილი გამოთქვა. მაშინაც ყველაფერი იგივე იყო, სადამსჯელო ოპერაცია, საბრძოლო მოქმედებები", - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთის არ არის დამნაშავე, თუმცა ყველა მოსკოვს გვადანაშაულებს, რომ ვახდენთ პროვოცირებას.

"ჩვენ არაფრის პროვოცირებას არ ვახდენთ. ასე მოხდა. უნდა დაველაპარაკოთ ამ ხალხს, ჩვენ მზად ვართ შუამდგომლობისთვის. მას შემდეგ, რაც მოხდა ამ გაფრთხილებების უარყოფა, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, რუსეთმა აღიარა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. გულწრფელად გეტყვით, რომ ძნელია რაიმეს გაკეთება, მაგრამ საჭიროა პირველ ეტაპზე თუნდაც ურთიერთობების დალაგება, პირდაპირი კონტაქტები, პოლიტიკური დიალოგი. თუ ეს მოხერხდება, ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს ამ პროცესს".- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, რუსეთის პრეზიდენტმა რამდენჯერმე შეაყოვნა ქართველი ჟურნალისტისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა. მიუხედავად მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თხოვნისა, რომ სიტყვა ქართველი ჟურნალისთისთვის მიეცათ, ვლადიმერ პუტინმა შეკითხვის დასმის უფლება ჯერ თურქ ჟურნალისტ მისცა, შემდეგ კი - ჩინეთის წარმომადგენელს.