„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩემთვის პრეზიდენტის პასპორტი გაუუქმებია“

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩემთვის პრეზიდენტის პასპორტი გაუუქმებია“

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, აღნიშნული პასპორტი მას კანონით მთელი ცხოვრების მანძილზე ეკუთვნოდა.

ამის შესახებ სტრასბურგში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სადაც ის ევროპარლამენტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესზე დასასწრებად ჩავიდა.

„ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა, აქ ვყოფილიყავი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. რადგან ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე და ჩვეულებრივი მოქალაქე ვიცავ საქართველოს ევროპულ არჩევანს და საქართველოს ხალხის ისტორიულ გადაწყვეტილებას. მე როგორ ჩვეულებრივ მოქალაქეს, არ მეთაკილება, რომ ჩამოვიდე და ვიყო. ერთ რამ მაინტერესებს - არაჩვეულებრივ მოქალაქეს რატომ ეთაკილება აქ ჩამოსვლა და არაჩვეულებივი მოქალაქე თავის თანაშემწეს - პრემიერ-მინისტრს რატომ არ გზავნის საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს?“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ავიაკომპანიებისგან შეიტყო, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას პრეზიდენტის პასპორტი გაუუქმა.

„როდესაც მოვდიოდი ავიაკომპანიებში განმიცხადეს, რომ თურმე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩემი საპრეზიდენტო პასპორტი გაუუქმებია, თუმცა ეს პასპორტი პრეზიდენტს კანონით მთელი ცხოვრება ეკუთვნის. გამიღიმეს და მითხრეს, რომ აი, ასეთი მთავრობა გყავთო და გაიარეთო. პასპორტი გააუქმეს, წერილებს აგზავნიან ყველგან იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად ხელი ჩავკიდოთ და რაღაც გავაკეთოთ“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ უკვე ყველამ ყველაფერი იცის და აღარავის არაფერი აღარ უკვირს.

მისივე თქმით, ასეთი საქციელი 21-ე საუკუნეში ევროპაში დიდი ხანია, აღარავის უნახავს.

ამასთან, ექსპრეზიდენტის განცხადებით, ევროპარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა, რაც სააკაშვილის თქმით, მას სრულებითაც არ ახარებს.

„ეს ასევე ერთ-ერთი გამოხატულებაა იმ შიდა არულობის, გაურკვევლობის, სამარცხვინო მდგომარეობის, რაშიც ჩვენ აღმოვჩნდით და ეს საქართველოს ძალიან ასუსტებს. ჩვენ აქ ტრიბუნებეზე უარს არ უნდა გვეუბნებოდნენ და ამ ტრიბუნებიდან სწორ რაღაცეებს უნდა ვამბობდეთ. დღეს ყველა ამბობს, რომ რუსეთს კრიზისის გადალახვაში დავეხმარებით, თუ თავს დაანებებს უკრაინას. რატომ არ ახსენებენ საქართველოს? ამ შანსს ხელიდან რატომ უშვებთ? რამდენი ჩვენი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, იმდენი აქვს უკრაინისაც. თუ უკრაინას ახსენებენ, ჩვენ ამ რადარებიდან რატომ ჩამოვვარდით?“- განაცხადა სააკაშვილმა.