"საქართველო ევროპული ქვეყანაა, ის ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია“

ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სამუშაო დადებითად შეაფასა.

ამის შესახებ მამიკინსმა ევროპარლამეტნში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს ვარ ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იმიტომ, რომ ეს ისტორიული დღეა. ეს საქართველოს ისტორიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალიან კარგი სამუშაო გატარდა. იმედი მაქვს, რომ მას შემდეგ რაც ევროპარლამენტი რატიფიცირებას მოხდენს, ჩვენ შევძლებთ დავიწყოთ მოლაპარაკებები საქართველოსთან თავისუფალ სავიზო მიმოსვლაზე და ასევე, საქართველოს სრულ წევრობაზე ევროკავშირში. რამდენადაც იცით, ევროკავშირის ფილოსოფია გაფართოებაა და იმიტომ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, საქართველოს ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია“, - განაცხადა მამიკინსმა.

მან მადლობა გადაუხადა ყველა კოლეგას, რომლებმაც ანგარიშის დაწერის პროცესში მონაწილეობა მიიღეს.

„ასევე მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ხელისუფლების წევრებს, რომლებმაც ჩემი თბილისში ყოფნის დროს სექტემბერში დახმარება გამიწიეს. მადლობა ბატონო პრეზიდენტო, რომ ევროპარლამეტნში ჩამობრძანდით“, - განაცხადა მამიკინსმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი დღეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას მოახდენს.