მთავრობა ყურადღებით გაეცნობა იმ რეკომენდაციებს, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში აისახება

მთავრობა ყურადღებით გაეცნობა იმ რეკომენდაციებს, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში აისახება

საქართველოს მთავრობა ძალიან დიდი ყურადღებით გაეცნობა იმ რეკომენდაციებს, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ბაქრაძე მიიჩნევს, რომ რეზოლუციაში ასახული იქნება საქართველოს პროგრესი და ასევე გაცემული იქნება გარკვეული რეკომენდაციები.

"მნიშვნელოვანია, რომ ეს რეზოლუცია დააფიქსირებს პროგრესს, რომელიც საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში განიცადა, რამაც მიგვიყვანა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე, რამაც მიგვიყვანა იმ პროგრესამდე, რომელიც საქართველომ თუნდაც უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მიაღწია სხვადასხვა ინსტრუმენტების იმპლემენტაციის თვალსაზრისით", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ეს დოკუმენტი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც რომ იქ ასახული და დაგმობილი იქნება პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში გაატარა.

"გარდა ამისა, რა თქმა უნდა, იქნება რეკომედაციები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ყურადღებით გაეცნობა და ის რეფორები რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, გაგრძელდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული პრემიერ-მინისტრის მიერ რეფორმების გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუციას დღეს მიიღებს. ევროპარლამენტი დღესვე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.