წინასაახალწლოდ რეგიონებში ვოიაჟის დროს მიხეილ სააკაშვილი პენსიონერებს დაჰპირდა, კბილებს უფასოდ “ჩაგიჯენთო”. ცხადია, პლასტმასის კბილებზეა საუბარი და არა - მეტალოკერამიკისაზე, რაც ძალიან ძვირი ღირს. ყველაზე მინიმალური გათვლებით, პენსიონერებისთვის პლასტმასის პროტეზების “ბითუმად ჩასმა” ბიუჯეტს 30 მილიონი ლარი დაუჯდება. აქვს კი საქართველოს ხაზინას ზედმეტი 30 მილიონი მშიერი ა უკბილო პენსიონერებისთვის მაშინ, როცა წინ საპარლამენტო არჩევნებია?! და კიდევ: ლაზიკა-ქალაქიც ხომ ასაშენებელია? მართალია, ლაზიკას აშენება ნაკლებად აღელვებთ პენსიონერებს და არა მარტო მათ, მაგრამ ჩემს მეზობელ ანანო ბებოს მაინც აქვს იმედი, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ლუკმა პურს გემოს გაუგებს. ნათქვამია, კაცი იმედით ცოცხლობსო...
30 მილიონი ლარი უკბილო პენსიონერებისთვის! - ამ თანხის გამოთვლა მარტივად მოხდა, მინიმუმის მინიმუმია აღებული: დავინტერესდი, თუ რა ჯდებოდა ყველაზე იაფი პროტეზი და რამდენიმე სტომატოლოგიურ კლინიკაში ექიმებს გავესაუბრე. დემოკრატიულ საქართველოში (საბჭოურისაგან განსხვავებით) ყველა სტომატოლოგიური კლინიკა კერძოა, ინფორმაცია შევაგროვე, მაგრამ ექიმებმა არ ისურვეს, უფრო სწორად, მთხოვეს არც მათი ვინაობა დამესახელებინა და არც - კლინიკა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ კლინიკაში ვიყავი და რომელ ექიმს ვესაუბრე. ამიტომ, რესპოდენტები ინკოგნიტოთ რჩებიან, თან მთავარია ინფორმაციაა, ანუ რა ჯდება ერთი პენსიონერისათვის პროტეზის გაკეთება.
მაშ ასე, მშიერ პენსიონერს, რომლის პირის ღრუც პროტეზისათვის უნდა მომზადდეს, ჯერ უნდა დაუმუშავდეს ღრძილები, უნდა ამოუღონ დაჭიანებული კბილები, თუ, რა თქმა უნდა, კბილები აქვს, შესაძლოა, ფესვი აქვს დარჩენილი... ერთი სიტყვით, თერაპიული სამუშაოებია ჩასატარებელი. თერაპიული მკურნალობის შემდეგ, კეთდება პროტეზი, რომელიც პირის ღრუს უნდა მოერგოს. ყოველივე ეს, თუ ექიმის ხელფასს არ ვიანგარიშებთ და მხოლოდ მასალის ფასს გავითვალისწინებთ, მინიმუმ, 300 ლარი დაჯდება.
საქართველოში 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობსო, ამბობს მთავრობა. მართალია, ოპზიცია ედავება, 3,5 მილიონი ვართო, მაგრამ სტატისტიკური მონაცემების მოპოვება იოლი არაა. ჰოდა, გავყვეთ სახელისუფლებო ვერსიას და, 5 მილიონ მოსახლეზე მინიმუმის მინიმუმ რომ ვიანგარიშოთ, 150 ათასი პენსიონერია. აქედან, მაქსიმუმ, 50 ათასს თუ აქვს კბილები წესრიგში და, ჩემი გამოთვლით, 100 ათასი მშიერი და უკბილო პენსიონერ რჩება. ერთი პენსიონერისთვის პროტეზის ჩასმა 300 ლარი ღირს და ეს 300 რომ გავამრავლოთ 100 ათასზე, 30 მილიონი ლარი გამოდის.
100-ლარიანი პენსია, რა თქმა უნდა, პროტეზის გაკეთებას კი არა, კომუნალურ გადასახადებსაც კი ვერ სწვდება. თუ მოხუცებს პატრონი არა ჰყავთ, მაშინ ლუკმა-პურს, სინეთლესა და გაზს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. ამიტომაც ზოგი შიმშილით კვდება, ზოგიც - სიცივით.
საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში მოწინავე დემოკრატიული სახემწიფოა - ჩვენ ვართ რეფორმატორი ქვეყანა, მაგალითს ვაძლევთ სხვა ქვეყნებს და მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში კი არა, არამედ, მსოფლიოს იმ ქვეყნებსაც, რომლებიც სუპერდემოკრატიული სახელმწფოები არიან, - ასეთი რიტორიკა გვესმის “ვარდოსანთა” ტელევიზიებიდან და რატომღაც, მახსენდება კომუნისტების ეპოქა - საბჭოთა კავშირში ყველაზე ჰუმანური ხელისუფლებაა, საბჭოთა კავშირი მაგალითს აძლევს სხვა ქვეყნებს, საბჭოთა ადამიანი ყველაზე კეთილი, ლამაზი, ჭკვიანი და ბედნიერია და ა.შ. დაინგრა საბჭოთა კავშირი და ახლაც იგივე გვესმის ტელევიზიებიდან?!
დასავლეთის არც ერთი დემოკრატიულ ქვეყანაში - საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიასა თუ დიდი ბრიტანეთში და, რაღა თქმა უნდა, არც აშშ-ში არ ლაპარაკობენ ეკრანიდან - დიდი დემოკრატები ვართ და ჩვენნაირი ქვეყანა სხვაგან არ არსებობსო. იქაურ პრეზიდენტებს თავში აზრადაც არ მოუვათ, რომ პენსიონერებს დაჰპირდნენ, საარჩევნოდ პროტეზებს ჩაგისვამთო.
დასავლეთის არც ერთ ქვეყანაში არ დაუწყიათ ახალი ქალაქის აშენება, ქალაქის, რომელიც დედაქალაქზე დიდი იქნება და დასავლეთის არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში პენსიონერ შიმშილით და სიცივით არ კვდება?!
და კიდევ, დასავლეთის არც ერთ ქვეყანაში ნაგვის გადასახადი დენზე არაა მიბმული?!
“ვარდების რევოლუციის” წელთაღრიცხვის მერვე წელს, 2011 წლის დეკემბერში, ქართველთა, სომეხთა, რუსთა, ქურთთა, ებრაელთა და სხვათა ხელმწიფემ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ისეთ გაბრწყინებულ, განათებულ, შუშასასახლეებისა და შადრევნების ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ყველას ბედნიერი ღიმილი უნდა ჰქონდესო და გასცა ბრძანება, პროტეზები უკბილო პენსიონერებსო!
თუ პრეზიდენტი სააკაშვილი, თინათინივით, თავის საუფლისწულო ხაზინას გახსნის და უპოვართ კბილებს ჩაუსვამს, მაშინ გვარიანი ფული დაუგროვებია თავისი ხელმწიფობის პერიოდში, მაგრამ საკითხავია, იქნებ, ისევ ტრანსპორტის, ბენზინისა და პროდუქტების გაძვირების ხარჯზე უნდა ამ “სიკეთის” გაკეთება?!
ძველი ქართული ანდაზისა არ იყოს, ვინც რა უნდა თქვას, ჩემი წისქვილი მაინც ფქვავსო... ჰოდა, მიშა თავისას “ფქვავს” და “აცხობს” კიდეც, ასე “გამოცხვა” სავარდოსნო თბილის-ქალაქი თავისი შადრევნებითა და შუშასასახლეებით. ბევრს ეგონა, რომ საქართველო ვერ განათდებოდა, მაგრამ განათდა, უფრო მეტიც, აბჟღვრიალებულია! ბევრს ეგონა, რომ შუშასასახლეები მხოლოდ მსოფლიოს მეგაქალაქებშია, მაგრამ შუშასასახლეები მარტო თბილისში კი არა, მარნეულსა და ახალციხეშიც ააშენეს. “შერეკილებისა” არ იყოს, ხომ ეგონათ, რომ ვერ გაფრინდებოდნენ, მაგრამ - გაფრინდნენ და კინოც დამთავრდა. ბევრს ჰგონია, რომ მიშა, ჰა, ჰა, 2013 წლამდე გაძლებს და მერე წავაო, წავა კი?!
...ისევ ანანო ბებოს მინდა დავუბრუნდე... ანანო ბებო 75 წლისაა, ახალგაზრდობიდან წერდა ლექსებს, მაგრამ არავინ უბეჭდავდა... გაუთხოვარი დარჩა. ჩემი შესაფერისი ვერავინ ვნახეო, ყველას ვიწუნებდი. ერთადერთი, ვინც მოწონს, მიშა სააკაშვილია. მოწონს იმიტომ, რომ მაღალია და ვაჟკაცური, ლამაზად ლაპარაკობსო, გულიანი კაცია, ნამდვილი მზეჭაბუკიაო, ამბობს ანანო ბებო და მიშაზე ლექსებს წერს. მას შემდეგ კი, რაც პროტეზების გაკეთებას დაჰპირდა მოხუცებს, გაბრწყინებული სახით დადის, მაგას ვენაცვალეო...
ერთი სიტყვით, ანანო ბებოს მიშას იმედი აქვს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ანანო ბებოს დიდ ხანია, სკლეროზითაა დაავადებული და მეზობლები ვინახავთ სამადლოდ?!
ისე, პატივცემულ პრეზიდენტს, ალბათ, დაავიწყდა, რომ ადამიანს კბილები მხოლოდ ღიმილისთვის არ სჭირდება და კბილების ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა ჭამაა... ჰოდა, ამ საწყალ ხალხს ჯერ პენსია გაუზარდე, რომ საჭმლის ყიდვა შეძლოს და მასობრივი “პროტეზიზაცია” მერე დაიწყე?!