"საყდრისის დამცველები" პრემიერს განცხადებით მიმართავენ

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე დაწერილი განცხადება მათ ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში ჩააბარეს.

"მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს საყდრისის საბადოზე აფეთქებითი სამუშაოები. ჩვენ გუშინ პრეზიდენტსაც მივმართეთ განცხადებით, მაგრამ მას ამის უფლებამოსილება არ აქვს. ირაკლი ღარიბაშვილს კი, როგორც მთავრობის მეთაურს, შეუძლია უმნიშვნელოვანესი ძეგლის დაცვა. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, როგორც წინა მთავრობამ ვერ ჩამოირეცხა გირგვლიანის ლაქა, ისე ვერ ჩამოირეცხავს ის საყდრისის თემას, თუმცა მას ჯერ კიდევ აქვს ვადა, რომ ეს ძეგლი საბოლოო გადანდგურებას გადაარჩინოს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" მიმართვის ავტორებმა.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან პლაკატებით მივიდნენ, რომლებზეც გაკეთებულია წარწერა "ძეგლთა ნგრევის სააგენტო", "ანთიძე არ შეგრჩება" და ა.შ.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის პარალელურად საყდრისის მხარდამჭერები ამ წუთებში აქციას ავლაბრის მეტროსთანაც მართავენ, საიდანაც ცოტა ხანში საყდრისში გაემგზავრებიან. ამასთან, მათი განმარტებით, დღეს საყდრისზე მიმდინარე სამუშაოების საპროტესტო აქციას ლონდონში მცხოვრები ქართველებიც გამართავენ.