აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონპროექტს "უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პრესსპიკერის ჯენ ფსაკის განცხადება, რომ პრეზიდენტმა ხელის მოაწერა კანონპროექტს, სიმართლეს არ შეესაბამება.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც გამოქვეყნებულია ჯენ ფსაკის ბრიფინგის ტექსტური ვერსია, მოხდა ჩასწორება, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ხელი არ მოუწერია კანონპროექტზე", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
გუშინდელ ბრიფინგზე ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა კანონპროექტს.
აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი "უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერი აქტი" რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა სანქციები უნდა დაუწესოს რუსულ "გაზპრომს", თუ ეს უკანასკნელი ნატოს-ს წევრ ქვეყნებს, ასევე საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.